რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში ბიზნესის დაწყებისას
როდესაც ბიზნეს საქმიანობის დაწყებას გადავწყვეტთ, უნდა ვიცოდეთ ის აუცილებელი პროცედურები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კანონი არ დავარღვიოთ და მომავალში თავიდან ავიცილოთ დაჯარიმება შესაბამისი სტრუქტურებისგან. შესაძლოა, ჩვენი ბიზნეს საქმიანობა სულაც არ იყოს მასშტაბური, თუმცა, დღეს არსებული ყველა სახის, მათ შორის ინტერნეტით გაყიდვების ბიზნესის წარმოებასაც კი შესაბამისი რეგისტრაცია სჭირდება.
იმის გასაგებად თუ რა პროცედურებია საჭირო ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად, ALLNEWS.GE-მ შემოსავლების სამსახურს მიმართა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის დებულების შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგვრას ექვემდებარება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
ბიზნესის დასაწყებად ყველაზე მთავარია შემდეგი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან), ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ბიზნეს საქმიანობა დაიწყო რეგისტრაციის გავლის ანუ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების გარეშე, ეს ნიშნავს წესის დარღვევას, რაც იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ხოლო თუ პირი გადაწყვეტს ბიზნეს საქმიანობის შეჩერებას, ამის შესახებ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღეში წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ახორციელებს საბოლოო ანგარიშგებას საგადასახადო ორგანოში.
ALLNEWSGE-მ გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სუბიექტი დაჯარიმდა შესაბამისი წესების დარღვევის გამო. როგორც აღმოჩნდა, 2013 წელს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისთვის შედგა 1013 ოქმი, ჯარიმების თანხამ შეადგინა 506 500 ლარი, 2014 წელს შედგა 928 ოქმი, ხოლო თანხა შეადგინა 462 500 ლარი, 2015 წელს კი გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისთვის შედგენილი ოქმის რაოდენობა გაორმაგდა და 1908 შეადგინა, ჯარიმის მთლიანმა ოდენობამ კი 950 400 ლარს მიაღწია.
თეა ბეჟიტაშვილი