ბამბუკი, როგორც ახალი "მწვანე ოქრო"
ბამბუკი აფრიკის ქვეყნების ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. აფრიკაში ამ უნიკალური მცენარის ორი მესამედი ეთიოპიაში იზრდება. მას ქვეყანაში "მწვანე ოქროს" უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართოდაა გავრცელებული, ადგილობრივ ფერმერებს მისი პოტენციალის შესახებ ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია.
"ფერმერი, რომელსაც აქვს ბამბუკი, მდიდარია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის", - ამბობს კომპანია Adal Industrial PLC-ის დირექტორი, ადან ბერჰი.
ბერჰი ბამბუკის წარმოებით არის დაინტერესებული. მან ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმოგზაურა, რომელიც ბამბუკის მსოფლიო ე.წ ჰაბს წარმოადგენს.
ჩინეთში ამ მცენარის წარმოება, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაა განვითარებული. ამიტომაც ჩინელი ბიზნესმენები ეთიოპიაში ბამბუკის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებას იწყებენ.
"ჩინეთს აქვს ტექნოლოგია და საერთაშორისო ბაზარი. ეთიოპიას კი რესურსი. თუ ეს ორი ქვეყანა ერთად იმუშავებს, შესანიშნავი იქნება. ამგვარად შესაძლებელი გახდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე გატანა", - აღნიშნა ადან ბერჰმა.
ბამბუკი სწრაფად მზარდი მცენარეა. იგი დღეში, შესაძლოა, თითქმის ერთ მეტრამდეც გაიზარდოს. ბამბუკი გამოიყენება როგორც ავეჯის, ასევე ქაღალდის, ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების წარმოებისთვისაც.
"ბამბუკის საერთაშორისო კავშირის" განცხადებით, ბამბუკს უდიდესი პოტენციალი აქვს მსოფლიო ბაზარზე და ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება.
მომზადებულია "სიენენის" მიხედვით