რომელ ქართულ ყვავილზეა მოთხოვნა უცხოეთში
მრავალი ქვეყნისთვის ყვავილების ინდუსტრიას უზარმაზარი მოგება მოაქვს. მსოფლიოში ყვავილების ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან აშშ, ჰოლანდია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი...
ბოლო წლებში მათ კენია და ეთიოპია შეუერთდნენ, - 2005 წლიდან ეთიოპია, ჰოლანდიის შემდეგ, მეორე ქვეყანაა ვარდების წარმოებით.
ჩვენთან რომელი ყვავილი შეიძლება იქცეს ამგვარი მოგების მომტანად, რომელ ქართულ ყვავილზეა მოთხოვნა უცხოეთში?
შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ თეთრყვავილამ და ყოჩივარდამ ევროპაში ფურორი მოახდინეს. ორივე ველური ფლორის წარმომადგენელია. უცხოეთში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ამ ყვავილების ბოლქვებზე. მათი უცხოეთში გატანა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით - რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. თეთრყვავილას ბოლქვებით ანდა ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიისთვის აუქციონი მოეწყობა. ეს ნიშნავს, რომ ამ ყვავილების ბოლქვების ექსპორტი აღდგება.
რას გულისხმობს ეს პროცესი და რისი გათვალისწინებაა საჭირო ჩვენი ქვეყნიდან მცენარეთა ექსპორტირებისას, გვესაუბრება მკვლევარი, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნანა გოგინაშვილი:
- წლების განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე მოძიებული ამ ყვავილების ბოლქვების გატანა უცხოეთში მასშტაბურად იზრდებოდა. დეკორატიული მცენარეების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ამ მშვენიერი ყვავილების პოპულარობას ჩრდილი ვერ მიაყენა. ყოჩივარდას ფენომენი ჩვენთან ისტორიულად არის ცნობილი. ეს კოხტა, ფოთოლზე თეთრლაქებიანი, მოვარდისფრო-მოწითალო ყვავილებიანი მცენარე ადრეულ გაზაფხულზევე ყვავილობს, გაზაფხულის პირველ მაუწყებლადაც სწორედ მისი თაიგულები გამოაქვთ გასაყიდად. ეს ყვავილი მრავლდება ბოლქვებიდანაც, ფესურითაც და თესლითაც. დაყვავილების შემდეგ მცენარე თესლს სპირალურად შემოეხვევა და მიწაში ჩააქვს.
დეკორატიული მიზნის გარდა, ყოჩივარდა ოდითგანვე სამკურნალო საშუალება იყო ფრონტიტის, ჰაიმორიტის, ნევრალგიის, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლის, რევმატიული ტკივილისას. ბოლო წლებში ყოჩივარდას ნაყენი აფთიაქებშიც იყიდება. ამდენად, მოულოდნელი არ ყოფილა, როცა უცხოეთში ამ მცენარით დაინტერესდნენ.
თეთრყვავილას ისტორია კი საინტერესოა არა მხოლოდ უცხოეთში ექსპორტირების, არამედ მისი აღმოჩენისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისითაც. უცხოეთში რაც გააქვთ, მას ვორონოვის თეთრყვავილა ეწოდება. ის გაზაფხულის ულამაზესი ყვავილია და მხოლოდ განსაზღვრულ არეალში ვრცელდება: აფხაზეთში, გურიაში, აჭარაში, გვხვდება თურქეთში, ასევე კრასნოდარის მხარეშიც.
დედაქალაქის ქუჩებში ზოგჯერ შუა ზამთარშიც ჩამოაქვთ გასაყიდად აჭარიდან.
ის ფოთლოვან ტყეებში იზრდება და ძალიან "ჭკვიანურადაც": ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა ხეებს ფოთლები შემოძარცული აქვს - ყოჩივარდას თეთრყვავილას ამ დროს მზე, სითბო სჭირდება, შემოძარცვული ტყიდან კი მზის სხივები იოლად ხვდება. ყვავილობას იანვრის შუა რიცხვებიდან იწყებს.
როცა ტყე ფოთოლს მოისხამს, უკვე დაყვავილებული თეთრყვავილა ფოთლოვანი ტყის ტენიანობას საჭიროებს თესლის აღმოცენებისთვის (თესლიდან აღმოცენებას დაახლოებით 5 წელიწადს ანდომებს, აღმოცენებული კი მე-4-5 წელიწადს ყვავილობს) ან ბოლქვის გამრავლება-დამსხვილებისთვის.
ბოლქვი ფესურების საშუალებით შედარებით სწრაფად მრავლდება - მომავალი გაზაფხულისთვის შეიძლება თეთრყვავილას 1 ტუბერის გვერდით 3-4 ახალი გაჩნდეს, ყვავილები ამ ტუბერებიდანაც ამოვიდეს და მათაც იყვავილონ. სწორედ ამ ტუბერებზეა უცხოეთში მოთხოვნა. თეთრყვავილას ტუბერების ბაზრისთვის ძირითადი მიმწოდებელი ჰოლანდიაა, რომელსაც ეს ბოლქვები მკაცრი სტანდარტების შესაბამისად მოჰყავს. გათვალისწინებულია მათი კალიბრი (ზომა), აღმოცენების უნარიანობა, დაავადებებისადმი მდგრადობა, სიჯანსაღე, ფორმა. ყოველწლიურად საქართველოდან ოფიციალურად თეთრყვავილას 15 მლნ ბოლქვი გადის.
- თეთრყვავილას ბოლქვებსაც ითხოვენ სამედიცინო მიზნით?
- ეს მცენარეც სამკურნალოა, მისი ბოლქვები შეიცავს ალკალოიდებს, განსაკუთრებით, გალანთამინს, რომელიც გამოიყენება პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების, მიასთენიისა და მიოპათიის, პოლინევრიტებისა და რადიკულიტების, ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ. მაგრამ 90-იან წლებში გალანთამინი საფრანგეთში ხელოვნურად დაამზადეს და დღეს ამ მხრივ თეთრყვავილას ნაკლებად იყენებენ (მანამდე გალანთამინი ოქროზე ძვირი ღირდა). ჰოლანდიაში დამკვიდრებული ტრადიციით, ქოთანში გახარებულ თეთრყვავილას ერთმანეთს იანვარში ჩუქნიან, მარადიული ახალგაზრდობისა და გაფურჩქნის ნიშნად.
ეს ბიზნესია - ჰოლანდიაში არსებობს კომპანიები, რომლებიც ამ დღესასწაულისთვის ბოლქვებს ქოთანში რგავენ, ახარებენ და ქოთნიანად ყიდიან. ჩვენც გვიხდიან ბოლქვის ფასს და თავადაც ნახულობენ მოგებას.
- ექსპორტი რა მიზეზით შეფერხდა?
- არსებობს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ნაგოიის ოქმი, რომლის თანახმად, ნებისმიერი გენეტიკური რესურსის შესანარჩუნებლად, ქვეყნიდან გატანისას მკაცრი საერთაშორისო ნორმებია დასაცავი. ვესაუბრე ბოტანიკოსებს, რომლებიც ადგენენ ჩვენში გადაშენების პირას მყოფი ენდემების წითელ წიგნს. ამ ნუსხაში თეთრყვავილასა და ყოჩივარდას ეს სახეობები არ არის, მაგრამ თუ მათი გატანა უკონტროლოდ გაგრძელდა, მაშინ უსათუოდ აღმოჩნდებიან.
როცა ამ ყვავილის ექსპორტი დაიწყო, მეცნიერებმაც დავიწყეთ მუშაობა: შემუშავდა ენდემების დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, შეიქმნა თესლის ბანკი, შემუშავდა კერძო მეურნეობებში მოყვანის მეთოდოლოგიები, აჭარასა და გურიაში საპილოტე პროექტები განხორციელდა. შეფასდა ქართული ყოჩივარდასა და ვორონოვის თეთრყვავილას პოპულაციები და გაკეთდა მათი გავრცელების რუკა.
ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად დამუშავდა და გამოიცადა ვორონოვის თეთრყვავილას ვეგეტაციური გამრავლების მეთოდიკა, ასევე ქართული ყოჩივარდას ვეგეტაციური გამრავლების მეთოდი ტუბერის ფესურის რამდენიმე ნაწილად დაყოფის გზით.
მეთოდიკა შედეგიანი აღმოჩნდა: ვორონოვის თეთრყვავილას 1 ბოლქვიდან ამ მეთოდით 37 ახალი მცენარის მიღება შეიძლება.
ვორონოვის თეთრყვავილასა და ქართული ყოჩივარდას თესლი ექსპედიციების დროს შეგროვდა და ნაწილი ბანკში განთავსდა, მეორე ნაწილს კი ფერმერები ამ ყვავილების გამრავლებისთვის გამოიყენებენ კერძო ნაკვეთებზე...
როცა ექსპორტი კვლავ აღდგება, ის მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. საფრთხე კი არ უნდა შევუქმნათ ძვირფას ენდემს, არამედ ინდივიდუალურად გავამრავლოთ.
ეთერ ერაძე
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილები
ყვავილი წვიმის დროს გამჭვირვალე ხდება
დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი "სიკვდილის ველი" ყვავილებით დაიფარა