ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ბინების გაძვირება გამოიწვიოს
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნებამ შეიძლება ფასები უფრო მერყევი გახადოს და უძრავი ქონების გაძვირებაც კი გამოიწვიოს.
"სავალუტო რისკი მომხმარებლიდან ბიზნესმენზე გადადის, რადგან მას სამშენებლო რესურსების ნაწილში დოლარის გადახდა უწევს. თავის დაზღვევის მიზნით, ის ბინას უფრო მაღალ მოგებას დაადებს ლარში, ვიდრე ეს დოლარის შემთხვევაში იქნებოდა. გარკვეულწილად, ლარში ფასდადებამ შეიძლება ფასების გაზრდაც გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ფასი მერყევი იქნება. რადგან ის შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ლარის გაცლითი კურსი დოლართან მიმართებაში.
კურსის ცვლილების უკანასკნელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, ფასიც ხშირად შეიცვლება," - განმარტავს ნამჩავაძე.
მისივე განმარტებით, ცვლილება საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ გავლენასაც მოახდენს და ხალხი უძრავი ქონების ლარში შეფასებას დაიწყებს. რეკლამებშიც ლარი იქნება მითითებული. შესაბამისად, საზოგადოება დოლარში დაანგარიშებას გადაეჩვევა. ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 100 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების დოლარში გაცემა იკრძალება. მომხმარებელი ლარში მიიღებს თანხას და ლარშივე დახარჯავს. დოლარის კურსს მასზე გავლენა აღარ იქნება.
"მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კონტრაქტში შემდეგი პუნქტი ჩაიდოს: ქირის, გირის თუ განვადების გადასახდელი თანხის შეცვლა შესაძლებელი უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება ლარის კურსი. კონტრაქტში უნდა იყოს დათქმა, რომ ვთქვათ, პირობითად თუ 10%-ით გაუფასურდა ან გამყარდა ლარი, შეიცვლება გადასახადიც. ამ შემთხვევაში ცვლილება ზარალს არც ერთ მხარეს არ მიაყენებს," - ამბობს ნამჩავაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, 1-ელი ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
ნანა მღებრიშვილი