რა დაგიჯდებათ თბილისში საკუთარი სახლის აშენება
თუ გსურთ, რომ ქალაქის ხმაურს თავი დააღწიოთ, ბინიდან კერძო სახლში გადახვიდეთ და უფრო მშვიდ გარემოში იცხოვროთ, თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის შეძენა, გადაფორმება და შემდეგ სახლის მშენებლობის დაწყება დაგჭირდებათ.
Saqme.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, თბილისში 1 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის საშუალო ღირებულება 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ივერთუბანში (ლოტკინის მიმდებარე ტერიტორია), სადაც სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 1 კვადრატული მეტრის მიწის ღირებულება 60-დან 100 დოლარამდეა, ხოლო სანზონაში მიწის ნაკვეთების საშუალო ღირებულება 80$-ს უტოლდება. რაც შეეხება საბურთალოს, აქ მიწის ნაკვეთების ღირებულება 90-100$-დან იწყება.
მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, საჯარო რეესტრს უნდა მიაკითხოთ, რათა შეძენილი გადმოიფორმოთ. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თუ მიწა დაურეგისტრირებელია, თავდაპირველად, მესაკუთრემ მისი რეგისტრაცია უნდა მოახდინოს, რათა შემდეგ გაასხვისოს, შესაბამისად, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს პროცედურულად ვერ შეიძენთ ან დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.
ეკოლოგიურად სუფთა ნამჯის სახლი ბაკურციხეში
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენისას, საჯარო რეესტრში მყიდველისა და გამყიდველის პირადობის მოწმობებით მიხვალთ, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმები შეივსოს. თუ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელი თავად ხართ, მისი სარეგისტრაციო მომსახურების ვადა და საფასურები ასეთია: 4 სამუშაო დღეში - 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, ხოლო იმავე დღეს 200 ლარი. საჯარო რეესტრში მისვლისას, აუცილებელია მიწის ნაკვეთის ნახაზი წარადგინოთ, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე იქნება საჭირო.
შემდეგი პროცედურა უკვე სახლის მშენებლობაა. სახლის მშენებლობის ღირებულების გასარკვევად, Allnews.ge კერძო სახლების რამდენიმე სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა. აღნიშნულ კომპანიებში 1 კვ.მ-ის ღირებულება 150$-დან 240$-მდე მერყეობს და მშენებლობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს თეთრი კარკასი დაახლოებით 3 თვის ვადაში ბარდება.
როგორც ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, სახლის მშენებლობისთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მისი გამოშრობა მოხდეს, რათა კედლები არ დასკდეს, სწორედ ამიტომ საცხოვრებელი სახლის ერთ თვეში აშენება მიზანშეწონილი არ არის.
თბილისის ყველაზე ხალხმრავალი და ძველი უბნები
სამშენებლო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, რკინის კარი, იატაკი, შიდა გაყვანილობები, ელექტრობა, წყლის მილები, კანალიზაცია, გაჯით გალესილი კედლები, მეტალოკერამიკის სახურავი და შეღებილი გარე ფასადი შედის.
სახლის მშენებლობას თბილისის ყველა უბანში ერთიდაიგივე ღირებულება აქვს.
განსხვავება მხოლოდ მიწის ნაკვეთების ფასშია, ხოლო რამდენიმე კომპანიის თქმით, გარეუბნებში მშენებლობის საფასური იზრდება, რადგან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ხდება.
კომპანიები სახლს როგორც რკინა-ბეტონისა და ბლოკის, ისე აგურის საშუალებით აგებენ. ზოგ კომპანიაში აგურის გამოყენების შემთხვევაში საფასური ემატება, ზოგი კომპანია კი ბლოკზეც და აგურზეც იმავე ღირებულებას გთავაზობთ, თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ აგური თბოიზოლაციის თვალსაზრისით, უკეთესია.
საშუალოდ რომ გამოვთვალოთ, მაგალითად, 70 კვ.მ სახლის მშენებლობა, 1 კვ.მ-ში 240$-ის გადახდის შემთხვევაში 16 800$ დაგიჯდებათ. თუმცა კომპანიებს შორის განსხვავება კვ.მ-ის ღირებულებაში 300$-ის ფარგლებში მერყეობს, ამიტომ სამშენებლო კომპანიების მოძიებისას მათი მომსახურების სრული პაკეტი უნდა გაითვალისწინოთ.