თბილისის ზღვასთან საცხოვრებელი კომპლექსი "ნატალი სითი" განთავსდება | Allnews.Ge

თბილისის ზღვასთან საცხოვრებელი კომპლექსი "ნატალი სითი" განთავსდება

"ნატალი სითი" საცხოვრებელი კომპლექსის პროექტია, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, 13 ჰეტარ ფართობზე ეკოლოგიურად სუფთა სახლებს, VIP დასახლებებს, ხუთსართულიან შენობებს, სკოლებს, ბაღებსა და სასტუმროებს მოიცავს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ნატალი სითის" ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ნატალია კვანტალიანმა განუცხადა.

ნატალია კვანტალიანის თქმით, ამჟამად პროექტზე მუშაობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად მიმდინარეობს და მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, სამუშაოები უკვე დაიწყება.

"მშენებლობას დაახლოებით 2-3 წელიწადში დავასრულებთ.

გარდა ეკოსახლებისა, რომლებიც გამწვანებულ კედლებს, ღობეებსა და მცენარეებს მოიცავს, პროექტში შეტანილი გვაქვს, ხუთსართულიანი შენობები აუზებითა და კეთილმოწყობილი ეზოებით. ვისაც აქ ინვესტიციის ჩადების სურვილი გაუჩნდება, ამის შესაძლებლობა მიეცემა,"-განმარტავს ბიზნესვუმენი.

"ნატალი სითი" 400 კვ.მ-იან ზონებად დაიყოფა და თითოეულ მათგანს განსხვავებული არქიტექტურა ექნება.

"განთავსდება ხის კოტეჯები, რომლებსაც დასასვენებელი ფუნქცია ექნებათ, რაც მთავარია, ჩვენ ყურადღებას მათ ეკოლოგიურობაზე ვამახვილებთ,"-განმარტავს ის.

გარდა ამისა, "ნატალი სითიში" ცხოვრების მსურველებს სახლის დაპროექტება თავადაც შეეძლებათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი