როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად? - "ვიზეარის" დირექტორის რჩევები
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარის" დირექტორი ჯოზეფ ბარადი მომხმარებლებს ავიაბილეთების იაფად შესაძენად რჩევებს აძლევს.
როგორც ჯოზეფ ბარადიმ განაცხადა, ბილეთების იაფად შეძენის პრინციპი ადრე დაგეგმვაში მდგომარეობს.
"რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს მით უფრო იაფი დაგიჯდებათ", - განაცხადა ჯოზეფ ბარადიმ.
როგორც ვიზიარის პრეზიდენტმა განმარტა, საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის პიკური მოთხოვნაა, ბილეთების შოვნა უფრო რთულია და ფასებიც შესაბამისად იზრდება. მისივე თქმით, არის თვეები, მაგალითად როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, როდესაც უფრო იაფად არის ბილეთების შეძენა შესაძლებელი.
როგორც ჯოზეფ ბარადიმ აღნიშნა, ავიაბილეთის მინიმალური ფასი 45 ლარი, საშუალო კი - 150 ლარია, თუმცა თუ მომხმარებელი გაფრენამდე ორი საათით ადრე გადაწყვეტს ბილეთის შეძენას, შესაძლოა ავიაბილეთის ღირებულება 400-500 ლარამდე გაიზარდოს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარის" დირექტორი ჯოზეფ ბარადი საქართველოში იმყოფება. დღეს მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ქეთევან ალექსიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.