ქართველი ფერმერები 100 000-ლარიანი წლიური შემოსავლით
ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც შრომა და გამოწვევები უყვარს, შეუძლია, საკუთარი საქმიანობა მსხვილ ბიზნესად აქციოს, რაც როგორც პირადი კეთილდღეობის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში ამის მაგალითი უკვე საკმაოდ ბევრია.
მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა, საქართველოში არსებობენ ფერმერები, რომლებმაც საქმიანობა ნულიდან, ფიზიკურად შრომითა და მონდომებით დაიწყეს, ახლა კი მათი წლიური ბრუნვა დაახლოებით, 100 000 ლარია. ჩვენ რამდენიმე მათგანს შესახებ ვესაუბრეთ.
მარიამ კოდუა, რომელიც ოჯახთან ერთად თხილის მოყვანა-წარმოებითაა დაკავებული, სამეგრელოში ცხოვრობს, 17 ჰექტარ მიწას თავად ფლობს, ხოლო 80 ჰექტარი იჯარით აქვს აღებული, მარიამი ასევე თხილის მცირე საწარმოს ფლობს.
"თხილის მოვლის ყოველწლიური ხარჯი 1 ჰექტარზე, დაახლოებით, 2 000 ლარია, რაშიც სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, დამხმარე პერსონალის ანაზღაურება და მოსავლის აღების ხარჯების შედის.
1 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენება, საირიგაციო სისტემით, დააახლოებით 7 000 ლარამდე ჯდება, მინი საწარმოს მშენებლობა კი ნახევარ მილიონამდე. რაც შეეხება თხილის ფასს, ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი ამჟამად 50 თეთრიდან 7 ლარამდე ხარისხის მიხედვით მერყეობს, საექსპორტო ღირებულება კი 6,50-7 დოლარია. თხილის ექსპორტს ძირითადად, გერმანიასა და იტალიაში ვახდენთ. პროდუქცია ექსპორტისთვის რომ გაამზადო, 22 ტონა თხილის (რომელიც ერთ სატვირთო ავტომობილში ეტევა) ღირებულება დაახლოებით 120 000$-ია, რომელსაც მისი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ გიგზავნიან. მისი რეალიზაცია არც ადგილობრივ ბაზარზეა რთული, რადგან უამრავი კომპანიაა, რომელიც თხილს იბარებს," -განმარტავს მარიამ კოდუა.
ყველაფერი კი მისმა მშობლებმა 1996 წელს სხვა ფერმერების მსგავსად დაიწყეს, 12 ჰექტარზე გაშენებულ ბაღებში თხილი მოჰყავდათ, პროდუქციას სხვებისგანაც ყიდულობდნენ და მაშინ საქართველოში არსებულ ერთადერთ საწარმოში აბარებდნენ, შემდეგ კი თავიანთ საქმიანობას მსხვილი ბიზნესის სახე მისცეს, რაც მარიამის თქმით, რთული იყო:
რა შემთხვევაში აღწევს სოფლად მცხოვრებთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს
"საწარმოს ორი წლის განმავლობაში ვაშენებდით, რადგან საჭირო თანხა არ გვქონდა, 2001 წლიდან კი უკვე თხილის ექსპორტზე გატანა დავიწყეთ," -აღნიშნავს ის.
ასეთივე წარმატებული, პროფესიით იურისტის და საქმიანობით მეფუტკრის, მინდია ქავთარაძის მეწარმეობაც აღმოჩნდა, რომელიც იმერეთში ცხოვრობს. მეგობრებთან ერთად 20 ოჯახი ფუტკრით დაწყებული საქმიანობა ახლა უკვე ფართო საქმიანობად იქცა.
"ახლა უკვე კოოპერატივი გვაქვს, სადაც 71 მეფუტკრეა გაერთიანებული, წლიურად, ევროსტანდარტების შესაბამის 30 ტონა თაფლს ვაწარმოებთ, დღევანდელი მდგომარეობით კი 300%-იანი მოგება გვაქვს, ჩვენი წლიური ბრუნვა 100 000 ლარსაც სცდება და ხანდახან 300 000ლარია. 1 კგ თაფლის თვითღირებულება საშუალოდ 5 ლარია, მინიმალური სარეალიზაციო ფასი 12-13 ლარი. ყველაზე იაფი, რომელიც აკაციის თაფლია, 13 ლარად ვყიდით, ყველაზე ძვირი, წაბლის თაფლი თითქმის 20 ლარი ღირს. თუ აქედან გამომდინარე შეხედავ, რომ წარმოება თითქმის 5 ლარი გიჯდება და მოგება 15 ლარი გაქვს, ჩათვალე, რომ შემოსავალი ძალიან მაღალია," - განმარტავს ის და დასძენს, რომ ფუტკრების ოჯახების ამჟამინდელი რაოდენობა 2 000-ს აღწევს, 50 ოჯახი ფუტკრიდან კი თითქმის 1 ტონა თაფლი მიიღება. მინდია ქავთარაძე მეფუტკრეობას უკვე 11 წელია ეწევა.
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა
ბევრი უცხოელისთვის საქართველო ღვინოსთან ასოცირდება, შესაბამისად, მისი ექსპორტი ხშირად ძალიან მომგებიანია, რაც თამარ დიღმელიშვილმა კახეთში შესაბამისად გამოიყენა. მან ღვინის წარმოება 2015 წელს დაიწყო, ბოთლებში ჩამოასხა, სავაჭრო ნიშნით გამოუშვა და რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც ახდენს.
"ვენახებში ნერგები თავად ჩავყარეთ, საკმაოდ საინტერესო ჯიშები გვაქვს, ავაშენეთ მარანი, სადაც 10 ქვევრია, მათი საერთო მოცულობა კი 20 ტონას შეადგენს. ბაზარზე სულ ნახევარი წელია ვართ და შემოსავალი 1 000-ზე მეტი ბოთლის რეალიზაციით უკვე 30 000 ლარამდე გვაქვს, ჩვენი ღვინის საშუალო ღირებულება კი 25-30 ლარია. სულ 4 000 ბოთლი ღვინო გვაქვს ჩამოსხმული," - განმარტავს ის და დასძენს, რომ მისი ტექნოლოგია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იმითაა, რომ ბოთლებში სარეალიზაციოდ, სტანდარტების დაცვით ჩამოსხმულ ღვინოს ძველი მეთოდით, ქვევრში აყენებს.
საქართველოში ერთი ადამიანი წლიურად საშუალოდ 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს
აღნიშნული სფეროების გარდა, მაღალი შემოსავლის ქონა მესაქონლეობით ან მემცენარეობით, კერძოდ, მარცვლეული კულტურის მოყვანითაც შეიძლება. სოფლის მეურნეობის სპეციალისტის, ბექა გონაშვილის განმარტებით, ფერმის გაკეთების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეწველი ფურების ადგილობრივი ჯიშების საშუალებით კარგი შემოსავლის მიღება რთულია.
"თანამედროვე ჯიშების უცხოეთიდან შემოყვანა, დაახლოებით 2 000 ევროს ფარგლებში ჯდება, მისი მოვლისთვის კი წლიურად 3 500 ლარია საჭირო, რომელმაც 305 დღის განმავლობაში 6-7 ტონა რძე უნდა მოგცეთ. 1 ლიტრი რძის თვითღირებულება 50 თეთრია, ბაზარზე არსებული ფასი კი საშუალოდ 1 ლარი, ამიტომ კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება," - განმარტავს ის.
100 000 ლარის ოდენობით წლიური ბრუნვა შესაძლოა, ხორბლის მოყვანითაც გვქონდეს:
"მაგალითად, რაც შეეხება ხორბლის მოყვანის დანახარჯებს 1 ჰექტარი დაახლოებით, 1 200-1 300 ლარი ჯდება, რათა დაამუშაოთ, სასუქები შეიტანოთ, მოსავალი კობაინით აიღოთ და საშუალო მოსავალი კი 3-4 ტონის ფარგლებშია. თუ მოსავალი 50 თეთრი ეღირება, წაგებაში იქნებით და მოგება ჰექტარზე დაახლოებით, 200-300 ლარი გექნებათ, 4 ტონას თუ აიღებთ, მოგება ერთ ჰექტარზე 700 -800 ლარი გამოგივათ. 100 000-ს მოგებისთვის ხორბლის მოსავალი 50 ჰექტარზე მაინც უნდა მოვიყვანოთ," - განმარტავს ბექა გონაშვილი.
ამგვარად, საქართველოში წარმოებული პროდუქტის არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, არამედ ექსპორტიც შესაძლებელია. მაგალითად, ჩამოთვლილი საქმიანობების შედეგად წარმოებული პროდუქტების ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. "საქსტატის" ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტით 2017 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველომ შემოსავლის სახით 299,4$ (ათასი აშშ დოლარი) მიიღო, ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტით კი 30 395,5$ (ათასი აშშ დოლარი).
რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა და ვინ მუშაობს მსგავს საწარმოებში
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბიზნესის წარმოების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს პოზიციით ნიშვნელოვნად უსწრებს. Doing Business-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოებით სომხეთს 37-ე, აზერბაიჯანს 70-ე, უკრაინას 112-ე, რუსეთს კი 92-ე ადგილი უკავია.
მარიამ მენაბდიშვილი