ბორის აკუნინი: ჩემი ქვეყანა მტრის მიერაა ოკუპირებული
ცნობილმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგორი ჩხარტიშვილი) ლონდონში ვიზიტისას ტელეკომპანია BBC-ის ინტერვიუ მისცა, სადაც უამბო თავის შეხედულებებზე რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.
აკუნინის აზრით, რუსეთი დღეს ოკუპირებულია, თუმცა პრობლემა რუსეთის პრეზიდენტში არ არის.
- მწელობის გარდა თქვენ საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობით ხართ დაკავებული. ხომ არ გქონიათ სურვილი დაგეწერათ პოლიტიკური რომანი?
-არ ვთვლი, რომ ოდესმე პოლიტიკური საქმიანობით ვიყავი დაკავებული. მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომლის აზრსაც ვიზიარებ, ასევე შევეწინააღმდეგო იმ ძალას, რომელიც, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნისთვის საზიანოა. ამასთანავე, ყოველთვის ვიყავი მწერალი და ასეთად დღესაც ვრჩები.
რაც შეეხება პოლიტიკურ რომანს, არა მგონია ისეთნაირად ვიყო მოწყობილი, რომ შევძლო პოლიტიკური შეგრძნებების გადატანა მხატვრულ ფორმატში. ახლა ისეთი დრო დადგა, შავ-თეთრი დრო, როცა პოლიტიკურ საკითხებზე პირდაპირი ტექსტით, ყოველივე თამაშის, სახის დაღრეჭის გარეშე უნდა ისაუბრო.
- ბოლო ერთი წელი დაკავებული ხართ მრავალტომეულის, „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ წერით. თქვენ ამ ნაშრომით იმ პერიოდში დაკავდით, როცა ქვეყანაში პოლიტიკური, იდეოლოგიური აქტივობა პიკზე იყო. ამასთანავე, განაცხადეთ, რომ წიგნი მხოლოდ ფაქტებს დაეფუძნება. რატომ აირჩიეთ ასეთი პოზიცია?
-შეგძნება გამიჩნდა, რომ ჩემ ქვეყანაში, რუსეთში ვცხოვრობ და ხანდახან არ მესმის, რატომ არის ასეთი. გამიჩნდა შინაგანი მოთხოვნილება, გავერკვიო ამაში, რადგან ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს დამნაშავის ძებნა, ვიდრე კითხვის დასმა, რა უნდა გავაკეთოთ. როცა ისმევა კთხვა ვინ არის დამნაშავე, პასუხი უამრავია: დამნაშავეა სტალინი, ბოლშვევიკები, რომანოვები.. ფიქრს სულ უფრო შორს, წარსულში მიყავხარ. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, დასაწყისში დავბრუნდე და მთელი ეს გზა გამოვიარო.
- ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთს არ შეუძლია, ღირსეულ გზას დაადგეს და ამის მიზეზი ცუდი მმართველები კი არა, არამედ სხვა, ობიექტური მიზეზებია: ბუნდოვანი ადგილმდებარეობა, კლიმატი, მართლმადიდებლობა თავისი მორჩილებით და ინიციატივის არქონით. რას ფიქრობთ ამაზე?
-ალბათ, ამ კითხვაზე უფრო სრული პასუხი მაშინ მექნება, როცა ჩემ „ისტორიას“ დავასრულებ. ჯერჯერობით მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პრობლემები რუსული სახელმწიფოებრიობის სპეციფიკას უკავშირდება, რადგან ჯერ კიდევ XV საუკუნეში ქვეყანა ისეთნაირად იყო მოწყობილი, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა ძლიერ მდგრადობას რყევების დროს და დაეხმარა ას სახელმწიფოს, გამკლავებოდა საშინელ ისტორიულ დარტყმებს, მეორე მხრივ კი, ეს იმდენად ხისტი, სასტიკი სტრუქტურაა, სადაც სახელმწიფო ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ცალკეული პიროვნება და სადაც მართავდნენ ისე, როგორც ოქროს ურდოში.
ურდოში მართავდნენ არა კანონის, არამედ ბრძანებების მიხედვით. მმართველის ნება კანონზე მაღლა იდგა. ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ან მობილიზაციის პერიოდში ეს მეთოდი მუშაობს. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში - არა.
შეგიძლიათ ამას რაც გინდათ, ის უწოდოთ. ამას შეიძლება ევროპული და აზიური ცივილიზაციური მოდელების კონფლიქტი ეწოდოს - რადგან თითოეულ მათგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ევროპული ცივილიზაციური მოდელი უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე აზიური. ის უფრო ეფექტურია, რადგან სწორედ ძალაუფლების დეცენტრალიზაციაზეა აგებული, იმაზე, რომ პიროვნებას ეძლევა უფლებები, ეს კი ადამიანს შესაძლებლობების ფართო დიაპაზონს აძლევს და ის, ბრძანების გარეშე, საკუთარი სურვილით, იწყებს რაღაცის კეთებას, ცხოვრების გაუჯობესებას. ასეთი გაერთიანებული ძალისხმევა ავითარებს მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას.
ჩვენთან, რუსეთში, ამასთან პრობლემები გვაქვს. ჩვენთან ჩახშობილია კერძო ინიციატივა, რაც ისტორიულად აიხსნება. ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა სამართლებრივი სახელმწიფო. XXI საუკუნეში ეს სრულად აუტანელია ეკონომიკის, მრეწველობის, საზოგადოების, ყველაფრის განვითარებისთვის. სანამ ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემებს არ მოაგვარებს, სანამ სახელმწიფო შიდა რეფორმირებას არ მოახდენს, ჩვენ რყევებს ვერ ავიცილებთ.
- რამდენადაც ვიცი, დროის უმეტეს ნაწილს რუსეთის საზღვარებს გარეთ ატარებთ. ხშირად ჩადიხართ იქ?
-ახლა სევდიან რაღაცეებზე მომიწევს საუბარი. რუსეთში აღარ ჩავდივარ. სანამ იქ ატმოსფერო და კლიმატი არ შეიცვლება, იქ არ ჩავალ.
მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი ქვეყანა მტრის მიერაა ოკუპირებული. ყველაფერი, რაც ცხოვრებისეულად ჩემთვის მტრული იყო, ყველაფერი, რაც მძულდა, ახლა ბატონობს. გარშემო სივრცე სავსეა შოვინიზმით, ქსენოფობიით, აგრესიული სიცრუით, შეუწყნარებლობით განსხვავებული აზრის მიმართ.
რა არჩევანი გაქვს ასეთ სიტუაციაში? ან ტოვებ ამ სივრცეს, ან არ ვიცი.... ტოვებ შენს მშვიდობიან პროფესიას, იაღებ იარაღს და მიდიხარ პარტიზანებში, რათა შეებრძოლო ოკუპანტებს. მაგრამ პარტიზნებს ბრძოლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მშვიდობიანი მოსახლეობა მხარს უჭერს.
მე კი არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ჩემნაირად აზროვნებს. პირიქით, ყველა ძალიან ბედნიერი იყო.
რუსეთში ზამთრის დასაწყისში ჩავედი, დავხედე იქაურობას, უკეთესობისკენ ხომ არ შეცვლილა რამე? მაგრამ ყველაფერი უარესად არის. მშვენივრად მესმის, როგორაა მოწყობილი ეს მექანიზმი და ისიც მესმის, რატომ ხდება ეს. ეს საკმაოდ მარტივი რეცეპტია. იღებ მასის ცნობიერებაში არსებულ ძველ, იმპერიულ კომპლექსს, რთავ ტელევიზორს და შედეგიც სახეზეა.
- ანუ როგორც თქვენ ამბობთ, პრობლემა არა ხელისუფლებაში, არამედ იმაშია, რომ მოსახლეობა მას მხარს უჭერს?
-მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანი სახელად ვლადიმერ პუტინი. მთავარი პრობლემა მოსახლეობის ცნობიერებაშია. სანამ ადამიანები ვერ მიხვდებიან, რომ მათ ატყუებენ, სანამ არ გაიზრდებიან და სანამ დამოუკიდებლად არ დაწყებენ აზროვნებას.... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსეთში პოლიტიკის პერიოდი დროებით დასრულდა.. ეს დროებითი სიწყნარეა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არის სიწყნარე ქარიშხლის წინ....
მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით