"გადარჩე მიწის ქვეშ" - National Geographic-ის მოგზაურობა საქართველოს მაღაროებში
National Geographic-ის რუსული ბიუროს რეპორტიორმა ალექსანდრ პოტოცკიმ მიზნად დაისახა, 6 თვეში გაიაროს გზა კავკასიიდან ინდოეთამდე, ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით.
მგზავრობის ერთ-ერთი პუნქტი - საქართველო, კერძოდ კი ჭიათურის მაღაროებია.
პოტოცკი ამბობს, რომ 60 წლის წინ აშენებული საბაგირო გზები, ჭიათურაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა.
ადგილობრივი მოსახლეობა ამ გზით ყოველდღე სარგებლობს და ამით ამაყობს კიდეც: „ჭიათურა პირველ ადგილზეა ამწეების რაოდენობის კუთხით", - ამბობენ ისინი.
ოდესღაც ეს სიმართლე იყო, მაგრამ ახლა ბევრი სადგური დაიხურა, ამწეები კი ან მოძველდა, ან წყობიდან გამოვიდა.
ერთ-ერთ სადგურზე ალექსანდრ პოტოცკიმ ადგილობრივი მაღაროელი გაიცნო, რომელიც უკვე 22 წელია ამ სფეროში მუშაობს. იგი ყვება, რომ მაღაროში მუშაობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია, რადგან მაღალი ანაზღაურება აქვთ. რეპორტიორის შემდეგი რესპონდენტი ადგილობრივი გაზეთის თანამშრომელი თემურია, რომელიც ამბბოს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჭიათურა გაცილებით უფრო განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა მას შემდეგ, ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა და განახლებას საჭიროებს.
ალექნსადრ პოტოცკისთან საუბარში თემური ყვება მაღაროებზე არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე და იხსენებს მიწისქვეშ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს. მისი მოსაზრებით, პრობლემა იმაშია, რომ მაღაროებზე უსაფრთხოების ტექნიკას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ამის გადამოწმება პოტოცკიმ თავად გადაწყვიტა და ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნებართვის აღების შემდეგ, ჭიათურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პატარიძის სახელობის მარგანუმის მაღარო მოინახულა.
"ეს მარგანუმის მოპოვების ნამდვილი კონვეიერია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. პირობები ექსტრემალურია. მაღაროს თანამშრომლებს შეცდომის დაშვების უფლება არა აქვთ, რადგან ამას შეიძლება ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს. იქ, მიწისქვეშ, უპირობოდ ასრულებენ ყველა წესს", - აღნიშნავს რუსი რეპორტიორი.
ჟურნალისტმა კიდევ ერთი, წერეთლის სახელობის მაღარო მოინახულა, რომელსაც "ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას" ადარებს.
გვირაბში სითბოა, დაახლოებით 25 გრადუსი, ვენტილაცია გამართულად მუშაობს, ამიტომ სუნთქვის პრობლემა არ არის. მაღაროს მთავარი ინჟინერის მოადგილე კახა, პოტოცკისთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღემდე მაღაროში საბჭოური წარმოების ტექნიკას იყენებენ. მისი თქმით, მაღაროზე ბევრი ვეტერანი თანამშრომელია.
მაგალითად, ერთ-ერთს 45-წლიანი სტაჟი აქვს და პენსიაზე სულ ახლახანს გავიდა. რეპორტიორის კითხვაზე, რატომ უყვარს თავისი სამსახური, კახა პასუხობს:
"იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ნამდვილი მამაკაცები მუშაობენ".
ალექსანდრ პოტოცკი წერს, რომ საკუთარი ოჯახის უზრუნველსაყოფად მიწისქვეშ მთელი ცხოვრების გატარება - ჭეშმარიტად, ნამდვილი მამაკაცის საქციელია, რომელსაც მძიმე ფიზიკური შრომის არ ეშინია და მზად არის, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკოს.
"ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას", - მიიჩნევს "National Geographic"-ის რეპორტიორი.