აფრიკაში მეორადი ტანსაცმლის იმპორტს აკრძალავენ
აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შეტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამას გარდა, აღმოსავლეთ აფრიკის გაერთიანება მეორადი ავტომობილების იმპორტის შემცირების ინიციატივითაც გამოდის.
მეორადი ტანსაცმელების იმპორტის აკრძალვის მიზანს ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ იმპორტირებული მეორადი ტანსაცმელი იმდენად იაფია, რომ ადგილობრივი ტანსაცმლის ფაბრიკები მას კონკურენციას ვერ უწევენ. ამასთან როგორც აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში აცხადებენ, მეორადი ტანსაცმელი შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდეს. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს დარწმუნდნენ იმაში, რომ მეორადი ტანსაცმელები სანიტარულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, გავრცელებული ცნობით, მსგავსი ავტომობილებით ავარიის შემთხვევები ხშირია. როგორც "ბიბისის" ანალიტიკოსი, ალექს მურეითი ამბობს, გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანები ქრთამის სახით გარკვეულ თანხას იხდიან პორტებში ავტომობილების იმპორტისთვის. სწორედ აღნიშნულ ავტომობილებს არ უტარდება უსაფრთხოების მიზნით საჭირო შემოწმება.
რომელი ქვეყნებია მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები?
გაერო-ს მონაცემებით, აშშ-ი მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, იგი წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვა ქვეყანაში. მეორე ადგილას ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად დაახლოებით 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან სამხრეთ კორეამ და კანადამ ერთდროულად 59 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გაგზავნა ტანზანიაში, მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა კი კენიაში 42 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გაგზავნა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით