ნადეჟდა სავჩენკო - უკრაინის ახალი ეროვნული გმირი და კრემლის პირადი პატიმარი
3 მარტს უკრაინელმა მფრინავმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ნადეჟდა სავჩენკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის სასამართლომ მასთან დაკავშირებული სხდომა 9 მარტისთვის გადადო და მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.
ნადეჟდა სავჩენკო 1981 წლის 11 მაისს, კიევში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო დიზაინერის სპეციალობა. სწავლობდა კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთ წელიწადში უკრაინის სამხედრო ძალების სამსახურში გადაინაცვლა. 6 თვის განმავლობაში, უკრაინის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტთან ერთად ერაყში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში მიიღო უფროსი ლეიტენანტის წოდება და გახდა "მი 24"-ის შტურმან-ოპერატორი. 2014 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, უკრაინის დელეგაციის მუდმივმოქმედი წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და უკრიანის სახალხო გმირი.
2014 წლიდან იმყოფება ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. დღემდე ელოდება სასამართლოს განაჩენს.
უკრაინული მხარის ვერსია
2014 წლის 8 ივლისს ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ნადეჟდა სავჩენკო იმყოფებოდა რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ, ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის საკანში.
სავჩენკოს თქმით, ის ძალის გამოყენებით, თავზე ტომრითა და ხელბორკილებით გაიყვანეს უკრიანის ტერიტორიიდან.
2014 წლის 30 ოქტომბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იგორ პლოტნიკევსა და ალექსანდრა პოპოვას ბრალი უკრაინელი მფრინავის გატაცებაში დასდო. პროკურატურის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 17 ივნისს მათ განახორცილეს თავდასხმა ბატალიონ "აიდარზე" , ტყვედ წამოიყვანეს სავჩენკო და გაიყვანეს უკრაინიდან. გატაცებაში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ.
რუსული მხარის ვერსია
2014 წლის 9 ივლისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ სავჩენკომ რუსეთ-უკრაინის საზღვარი დამოუკიდებლად, დევნილის სტატუსით გადაკვეთა. რუსეთის ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლებმა ის დააპატიმრეს, როგორც ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, სავჩენკომ გადამღები ჯგუფის კოორდინატები დაადგინა და უკრაინის სამხედროებს გადასცა. ამ კოორდინატების გამოყენებით, დაუდგენელმა პირებმა, 2014 წლის 17 ივნისს ჭურვები ჩაყარეს ლუგანსკში, მეტალისტის დასახლებაში, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაიღუპნენ.
სავჩენკოს დაცვის მხარე, მფრინავის მიერ ჟურნალისტების ლიკვიდრებას გამორიცხავს, რადგან ამ დროისთვის ნატალია უკვე ტყვეობაში იმყოფეობდა, რაც რუსული მხარის ვერსიას სრულად აბათილებს.
შიმშილობა
2014 წლის 13 დეკემბერს სავჩენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, იმის გამო, რომ მას ყურის ანთების დროს, სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
2015 წლის 4 თებერვალს ნადეჟდას დამ განაცხადა, რომ ნადეჟდას სისხლის ანალიზები შემაშფოთებელია. მას უწვეთებენ ამინომჟავებს, რის გამოც შეცვლილია მისი სისხლის ფორმულა. იმავე დღეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ლატვიიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან დაიწყეს შიმშილობა.
სავჩენკომ ბოლო შიმშილობა 3 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელი მფრინავის სასამართლო სხდომა 9 მარტისთვის გადაიდო.
მთელი ამ დროის განმავლობაში ევროპელი დეპუტატები, გაეროს წარმომადგენელები, უკრაინის მთავრობა და თეთრი სახლი სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს. ყველა ერთობლივად თანხმდება, რომ იგი კრემლის პირადი პატიმარია.
2 მარტს პროკურატურამ სავჩენკოსთვის 23-წლიანი პატიმრობა და 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა. რა განაჩენს გამოიტანს რუსეთის სასამართლო 9 მარტს გახდება ცნობილი. თავად პილოტი უარყოფითი განაჩენის შემთხვევაში შიმშილობის გაგრძელებას აპირებს. ამბობს, ცოცხალი თუ არა მკვდარი, მაინც დაუბრუნდება სამშობლოს.