ბრეივიკი სასამართლოში წარდგა - იგი ციხეში პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, სასამართლოში წარდგა. იგი ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისთვის ციხეში სრულ იზოლაციაში ყოფნა გაუსაძლისია. მან ასევე აღნიშნა, რომ პირობები, რაც მას საპყრობილეში აქვს წამების ტოლფასია.
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 37 წლის ბრეივიკი სასამართლოში დღეს წარდგა. პროცესი პარასკევამდე გაგრძელდება. თავად ბრეივიკი კი ხვალ აპირებს ჩვენების მიცემას.
თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ბრეივიკის პირობები საპრყობილეში ძალიან მკაცრია, რაც მის უფლებებს არღვევს, შეზღუდვებს შეასუსტებენ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში ბრეივიკი თავის მოკვლით იმუქრებოდა ციხეში არსებული პირობების გაპროტესტები მიზნით. ამჟამად მას ციხის საკანში ტელევიზორი და კომპიუტერი აქვს, თუმცა, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
მისივე თქმით, შექმნილი პირობების გამო, იგი იძულებული გახდა ოსლოს უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების კურსზე სწავლა შეეწყვიტა.
ანდერს ბრეივიკი 2011 წელს ოსლოში ორგანიზებული აფეთქებისა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს. მას 2012 წელს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.