"ან ევროპა, ან სიკვდილი" - როგორი იყო გზა აფრიკიდან ევროპამდე
სენეგალში მდებარე ერთ-ერთი ულამაზესი პატარა სოფელი, სადაც მოსახლეობა ძირითადად თევზაობით არის დაკავებული, მასშტაბური მიგრაციული კრიზისის ნაწილია. სულ რაღაც ათი წლის წინ სოფელი კაიარი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პუნქტი იყო დასავლეთ აფრიკელებისთვის, რომლებიც ესპანეთის კანარის კუნძულებზე ჩასვლის იმედით აქ იკრიბებოდნენ.
"ევროპა ან სიკვდილი - ასე ვეუბნებოდით ერთმანეთს", - ყვება 23 წლის მეთევზე მორ მბენგუ, რომელმაც ევროპის მიმართულებით საშიში მგზავრობა 2006 წელს გადაწყვიტა, - "ყველას უნდოდა აქედან წასვლა, აბსოლუტურად ყველას". მაშინ ახალგაზრდა სენეგალელმა 1 500-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა ძველი ნავით, 74 ადამიანთან ერთად გადაწყვიტა.
ათასობით აფრიკელისთვის კანარის კუნძულები ევროპაში მთავარი კარიბჭე იყო.
2006 წელს პიკს მიაღწია იმ დასავლეთაფრიკელების რაოდენობამ, რომლებსაც ევროპაში ჩასვლა სურდათ. ოფიციალური მონაცემებით, კონტინენტი დატოვა 30 000-ზე მეტმა ადამიანმა სენეგალიდან, გვინეიდან, მალიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარსა და განიდან. 6 000-ზე მეტი გზაში, ნავის ჩაძირვის ან შიმშილის შედეგად დაიღუპა.
მასშტაბურ მიგრაციულ ნაკადთან გასამკლავებლად ესპანეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. 2006 წლის ივლისში, ევროპულმა სასაზღვრო სააგენტო ფრონტექსმა აკვატორიაში პატრულირება დაიწყო. დაკავებულ მიგრანტებს უკან აბრუნებდნენ. 2008 წლისთვის ევროკავშირმა კანარის მარშრუტის დაბლოკვა შეძლო.
"მარშრუტი შეიცვალა, მაგრამ მიგრაციის ნაკადი -არა"
10 წლის შემდეგ ბევრი დასავლეთ აფრიკელი ევროპაზე კვლავ ოცნებობს, ზოგიერთი მათგანი კვლავ ცდილობს იქ ჩასვლას, თუმცა ახალი მარშრუტით, რომელიც ლიბიის, ალჟირის, მალის, ბურკინა ფასოსა და ჩრდილოეთ ნიგერის გავლით გადის. ამ მარშრუტით მიგრანტები შემდეგ ხმელთაშუა ზღვამდე ჩადიან და იტალიამდე ჩაღწევას ცდილობენ.
ბევრი მათგანი მგზავრობას დამოუკიდებლად იწყებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, თუმცა რაც უფრო უახლოვდება სანატრელ მიზანს, მით უფრო დამოკიდებული ხდება კონტრაბანდისტებზე, რომლებიც მიგრანტებს ევროპაში ჩაყვანის სანაცვლოდ დიდ თანხას ართმევენ.
2015 წელს იტალიაში 6 000 სენეგალელი მიგრანტი ჩავიდა.
"ჩემი მოსაზრებით, აქ, სენეგალში და ზოგადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, მიგრაციის მიზეზი უმუშევრობის მაღალი დონეა. ევროპა მათ წარმოდგენაში ერთგვარი სამოთხეა, სადაც სამსახურს ძალიან სწრაფად და მარტივად იშოვიან", - განმარტავს სენეგალში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯო-ლინდ რობერტსი.
"ზღვა ცარიელია"
2006 წლის მიგრაციული ნაკადი სენეგალიდან უკავშირდება კრიზისს ადგილობრივი მეთევზაობის ინდუსტრიაში. წლების განმავლობაში, ბაზარს გადაჭარბებით თევზაობა და კონტრაბანდისტების საქმიანობა აზარალებდა.
2006 წლის გაერო-ს ანგარიშის თანახმად, გადაჭარბებით თევზაობის გამო ამ ინდუსტრიაში უმუშევრობა 80%-მდე გაიზარდა.
მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სოციოლოგი ალი ტანდიანი ამბობს, რომ 2006 წლის შემდეგ ვითარება სენეგალში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
"ოჯახის დახმარების მიზნით, ახალგაზრდები იძულებული ხდებიან დატოვონ ქვეყანა. რისკების მიუხედავად, ამაზე მაინც მიდიან", - ამბობს ტანდიანი.
მისი თქმით, სენეგალს მიგრაციის ძველი ტრადიცია აქვს: "თუ სახლთან ახლოს სამსახურს ვერ შოულობთ, მაშინ სხვაგან ეძებთ".
ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ახალგაზრდა სენეგალილთა 1/3-ს უახლოესი 5 წლის განმავლობაში სამშობლოს დატოვება სურს.
სხვა განვითარებადი აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში სენეგალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალი იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2006 წლის შემდეგ ეკონომიკურმა ზრდამ ამ ქვეყანაში მხოლოდ 3,3 % შეადგინა.
მომზადებულია "ალ-ჯაზირას" მიხედვით