განსხვავებული სტატისტიკა საქართველოსა და ქართველებზე
გთავაზობთ საინტერესო მონაცემებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის შესახებ. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით, 3 718 200 ადამიანს შეადგენს, რომლის საარსებო მინიმუმიც სულ რაღაც, 170,8 ლარია.
ილიას "ბედნიერი ერი" გაეროს "მდგრადი განვითარების გადაწყვეტის" კვლევის თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 126-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, ძალიან ბედნიერები არ ვართ, "საქსტატის" 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და ბოლო 13 წელიწადში მინიმალურ ნიშნულზეა.
პოზიტიურ მაჩვენებლად შეიძლება ის ფაქტიც აღვიქვათ, რომ 2016 წელს, 16-19 წლის ახალგაზრდებში ქორწინება მამაკაცების შემთხვევაში 458, ხოლო ქალების შემთხვევაში 2 545-ია, რაც 2015 წელთან შედარებით მცირე მაჩვენებელია, რადგან ამავე ასაკში ქორწინების მაჩვენებელი აღნიშნულ წელს, კაცებში 719, ხოლო ქალებში 3 523 იყო. შესაბამისად, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ქვეყანაში მცირდება, თუმცა პრობლემა, ისევ არსებობს.
საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2016 წელს კიდევ რამდენიმე საკითხში დაწინაურდა. მაგალითად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ დასახელდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს.
ამავე წელს "მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა" ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველოს მე-8 ადგილი მიუჩინა. ჩვენ ახალი ზელანდია, კანადა, ჰონგ-კონგი, მაკედონია, აზერბაიჯანი, სინგაპური და ავსტრალია გვისწრებს, თუმცა ქვეყანაში ბიზნეს-გარემო კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
გარდა ამ სასიამოვნო სიახლეებისა, ჩვენთვის არასასიამოვნო კვლევებიც გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილზეა. კვლევა 15 წლის მოზარდებში ჩატარდა და მისი შედეგები PISA-ზე დაყრდნობით სტუდია "მონიტორმა" გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ჯერ კიდევ აქვს, რასაც სტატისტიკაც გვიჩვენებს, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანა უფრო ძლიერი, დემოკრატიული და განვითარებული გახდება, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვაქვს.