"ვერ ვუშვებ ექსკურსიაზე, არ მაქვს საშუალება და ტირის უკვე 3 დღეა" - რა ჯდება წელს ექსკურსიები და რას ფიქრობენ მშობლები | Allnews.Ge

"ვერ ვუშვებ ექსკურსიაზე, არ მაქვს საშუალება და ტირის უკვე 3 დღეა" - რა ჯდება წელს ექსკურსიები და რას ფიქრობენ მშობლები

ექსკურსიების სეზონი გააქტიურდა. კლასების უმრავლესობამ უკვე შეარჩია მარშრუტები, სატრანსპორტო საშუალებები და ხარჯებიც დათვალა. რა ჯდება წელს ექსკურსიები და როგორ ახერხებენ მშობლები გაძვირებულ ფასებთან გამკლავებას, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია? ამის შესახებ მშობლები თავის მოსაზრებას და გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებენ. როგორც ირკვევა, საშუალოდ ფასები 80-დან 200 ლარამდე ადგილისა და მარშრუტის მიხედვით მერყეობს, თუმცა ბევრს უფრო მეტიც უჯდება.

„ძალიან რთულია, სკოლის 4 მოსწავლე და ამასთან ერთად, აბიტურიენტი. რომელი ერთი გინდა, რომ გამოაკლო მეგობრებს? ძალაუნებურად გვიწევს ძალების მოკრება. კარგი იქნებოდა, რომ სკოლის დაქვემდებარებაში იყოს ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ გზის ხარჯს დასჯერდებოდა“.

„ვისაც 1 ან 2 შვილი ჰყავს, ალბათ, უღირს და მე რომ 4 მყავს და ამავდროულად, მარტოხელა დედაც ვარ, როგორ გგონიათ, მიღირს? ან შემიძლია ამდენი ბავშვის ხარჯის გაწევა, როდესაც მარტოს გიწევს ყველაფრის მოგვარება? ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ან იმდენი ვალი უნდა აიღო, რომლის გადახდაც მთელი წელი მოგიწევს და თუ ვერ მოახერხებ, შვილებს გული უნდა დაწყვიტო. და ეს იცით რატომ? იმიტომ, რომ ეგოისტი ადამიანები მხოლოდ თავის თავზე და იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოიჩინონ თავი იმაში, თუ რა მაგარი მშობლები არიან. თქვენ გამო ბევრი ბავშვი იჩაგრება.“

„200 ლარი ერთი ბავშვის ექსკურსია,150 - მეორის და ივნისში 360 დოლარი გასტროლი ცეკვიდან უფროსი ბავშვის - ეს მხოლოდ ოფიციალური გადასახადია,სახარჯი ფული სხვა. თითქმის ყველამ ვიცით, რომ ექსკურსიები წლის ბოლოსაა და ვცდილობთ, რაღაც დანაზოგი გვქონდეს, რომ ხელი არ შეეშალოთ. ვიცი მშობლები ბოტოქსებში დოლარებს ხარჯავენ და ექსკურსიებზე არ უშვებენ შვილებს.“

„როცა არ არის საშუალება და გიჭირთ კატასტროფული თანხების გადახდა, კრება როცა ტარდება ექსკურსიასთან დაკავშირებით, რატომ არ ამბობთ?! ეგ ხომ სირცხვილი არაა. ყველა ერიდება უარი თქვას დამატებით ხარჯებზე და ბოლოს ყველას უჭირს თანხის გადახდა. ზოგს შეიძლება ბევრი აქვს და ყველა მისნაირი გონია, ვისაც არ აქვს, ისაა ცოდო.“

იხილეთ სრულად

myquiz