როგორი ინფრასტრუქტურა იქნება 2050 წელს
ინფრასტრუქტურა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში მილიონობით ადამიანი მუშაობს, მასში ჩადებულია მილიარდობით ინვესტიცია, უახლესი ტექნოლოგიები და კაცობრიობის მიღწევები.
ფუტუროლოგებს საკუთარი მოსაზრება აქვთ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ინფრასტრუქტურა მომავალში და რა შედეგები მოჰყვება ამას როგორც ქვეყნებისთვის, ისე ბიზნესისა და რიგითი ადამიანებისთვის.
თვითმართვადი ავტომობილები
ფუტუროლოგებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ავტომობილის მართვა აღარ დაგვჭირდება - თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგცემს, ავტომობილები თვითმართვადი გავხადოთ. ყოველწლიურად გზებზე მილიონობით ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, "ჭკვიანი" ავტომობილი კი საშუალებას მოგვცემს, მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ.
თვითმართვადი ტრანსპორტი ვიდეოკამერებით, კომპიუტერებითა და სხვადასხვა ტექნიკით აღიჭურვება, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს, სიტუაცია გააკონტროლოს და ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთი ავტომობილები გაცილებით სწრაფი გახდება, ინტელექტუალური გზები კი უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.
მომავლის ტაქსი - ჩინეთში მფრინავი უპილოტო ტაქსი შექმნეს
სატრანსპორტო მილების ქსელი
ეს პროექტი ჩვენი მომავლის კიდევ ერთი ფანტასტიკური იდეაა, რომლის არსიც შემდეგშია: მთელი დედამიწის მასშტაბით სატრანსპორტო ჰერმეტიზირებული მილები უნდა აშენდეს, რომლის საშუალებითაც საათში 7 000 კილომეტრის სიჩქარით ადამიანები სპეციალური კაპსულებით შეძლებენ გადაადგილებას.
ეს პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, გადაადგილების ყველაზე სწრაფი, ეკოლოგიისთვის კი ყველაზე უსაფრთხო იქნება. ეს იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ასაშენებლად სულ მცირე 50 წელიწადი და 100 მილიონი ადამიანია საჭირო.
როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი
ატმოსფეროს წყლის დაგროვება
მტკნარი წყალი პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 2%-ს წარმოადგენს, აქედან მხოლოდ ¼-ია ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.
წვიმის წყლის დაგროვების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. მიუხედავად ამისა, თანამდროვე სამყაროში მისი გამოყენება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. დედამიწის ატმოსფეროში არსებული მტკნარი წყლის რაოდენობა 150 000 ტრილიონი ლიტრია, მისი მოპოვება მზის, ქარისა და პასიური ენერგიის სხვა ფორმების საშუალებით იგეგმება.
მიკროსკოლები
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. მსოფლიოში უკვე აპრობირებულია მოკლევადიანი კურსების პრაქტიკა, სადაც ახალი თანამშრომლების გადამზადება 3-4 თვეში ხდება.
ფუტუროლოგები მიიჩნევენ, რომ მომავალში ფართოდ იქნება გავრცელებული მიკროსკოლები, მიკროკოლეჯები და მიკროუნივერსიტეტები, რომელიც სტუდენტს მოკლე ვადაში, გაცილებით უფრო მეტ ცოდნას მისცემს, ვიდრე ტრადიციული სასწავლო დაწესებულებები.
კოსმოსური ელექტროსადგურები
1960-იანი წლების შემდეგ, დედამიწაზე ენერგიის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა. დღეს ენერგიის გამომუშავების მთავარი წყარო ელექტროსადგურებია, მაგრამ მომავალში კაცობრიობა დედამიწის საზღვრებს გაცდება და მის მოპოვებას კოსმოსშიც შეძლებს.
ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარი ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ, იაპონიამ კოსმოსური ენერგოსისტემის შექმნა გადაწყვიტა. 25-წლიანი პროექტი კოსმოსში ერთგიგავატიანი ელეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. მომავალში ამ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
დრონების ფართო მოხმარება
უპილოტო საფრენი აპარატების საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, როგორც კი ე.წ. დრონების კომერციული მოხმარება დაიწყება, ეს გახდება ახალი ინდუსტრია, მილიარდობით დოლარის ინვესტიციითა და ასი ათასობით სამუშაო ადგილით.
დრონების ფართო გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მომსახურების მიზნითაც, მაგალითად, მაღაზიაში შეკვეთილ საკვებ პროდუქტებს სახლში უპილოტო საფრენი აპარატი მოგაწვდით.
გლობალური არქივი
მკვლევრების ცნობით, ბოლო 500 წლის განმავლობაში მსოფლიო ენების ნახევარი გაქრა, XXII საუკუნის დასაწყისში კი დღეს არსებული 7 000 ენიდან ნახევარი მკვდარ ენად გადაიქცევა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა უპირატესობას ინგლისური, ჩინური და ესპანური ენების შესწავლას ანიჭებს. გლობალური არქივი გახდება ენების მუზეუმი, სადაც მკვდარი ენის შესწავლას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
მომზადებულია Hi-news-ის მიხედვით