სამყაროს ყველაზე საოცარი კოსმოსური ობიექტები
სამყარო საიდუმლოებებითაა მოცული. რაც უფრო მეტს ვიგებთ კოსმოსზე, მით უფრო მეტი კითხვა გვებადება.
სამყაროში მიმდინარე მოვლენები გაცილებით უფრო საოცარია, ვიდრე ამას მწერლები ფანტასტიკურ ნაწარმოებებში აღწერდნენ.
სამყარო საოცარი კოსმოსური ობიექტებითაა სავსე, რომლის საიდუმლოება მეცნიერებამ ჯერჯერობით ვერ ამოიცნო.
დაბნელებადი ვარსკვლავი
მირა - ცვალებადი დაბნელებადი ვარსკვლავია, რომელიც წითელი სუპერგიგნატისგან მირა ა-სგან და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავისგან, მირა ბ-სგან შედგება. ობიექტი დედამიწისგან 417 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს, მისი რადიუსი მზის 330-440 რადიუსის ტოლია.
მირას მტვრისა და გაზისგან შემდგარი უზარმაზარი კუდი აქვს, რომლის სიგრძეც 13 სინათლის წელს შეადგენს - ეს გაცილებით მეტია ვიდრე, მანძილი დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე.
სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო "მშვიდად" ბრუნავენ, მირა ისეთი სიჩქარით მოძრაობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სადღაც გარბის. მირას სიჩქარე წამში 130 კილომეტრს შეადგენს.
გაყინული ვარსკვლავი
WISE 0855-0714 სუბყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავია, სადაც წარმოუდგენელი სიცივეა. მეცნიერების ცნობით, ვარსკვლავზე, რომელიც მზისგან საკმაოდ ახლოს, 7,2 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს, ტემპერატურა -48° -13°C-ს აღწევს. WISE 0855-0714 ასაკი 10 მილიარდ წელს არ აღემატება.
სუბყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავები მეცნიერებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ - დღემდე უცნობია, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში - ვარსკვლავს თუ პლანეტას.
მეცნიერებისთვის ცნობილი გაყინული კოსმოსური ობიექტებისგან WISE 0855-0714 ყველაზე ცივია.
ყველაზე მარტოსული პლანეტა
PSO J318.5-22 -ზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ პლანეტას თავისი ვარსკვლავი არა აქვს, ის სრულ სიმარტოვეშია. უცნობია, რატომ. მეცნიერებმა ჯერჯერობით ის დაადგინეს, რომ საიდუმლო ობიექტი 12 მილიონი წლისაა და მისი მასა იუპიტერის მასაზე 6-ჯერ მეტია. PSO J318.5-22 დედამიწისგან 80 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს.
წყლის კოსმოსური რეზერვუარი
2011 წელს ამერიკელმა ასტრონომებმა კოსმოსში წყლის უზარმაზარი რეზერვუარი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ კვაზარს სახელწოდებით APM 08279+5255 ოკეანე აქვს, რომელიც დედამიწის ოკეანეზე 140 ტრილიონჯერ უფრო დიდია.
კვაზარის გარსი, რომლის სიგრძე დაახლოებით ასი სინათლის წელია, წყლის ორთქლის უზარმაზარ მარაგს შეიცავს.
მაგრამ APM 08279+5255 -ის ახლოდან დათვალიერების საშუალება ალბათ არასდროს მოგვეცემა, რადგან დედამიწისგან 12 მილიარდ სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს.
გიგანტური შავი ხვრელი
გასულ წელს მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა უძველესი შავი ხვრელი, რომელიც ადრეულ სამყაროში ყველაზე კაშკაშა კვაზარს SDSS J0100+2802 ენერგიით ამარაგებდა.
ის დედამიწისგან 12,8 მილიარდი სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს.
შავი ხვრელის მასა 12 მილიარდი მზის მასის ტოლია, შავი ხვრელისგან მიღებული კვაზარის ენერგია კი მზის ენერგიას აღემატება.
ამ გიგანტური კოსმოსური ობიექტის დიამეტრი 70,9 მილიარდი კილომეტრია, რაც პლუტონის ორბიტის დიამეტრს 7-ჯერ აღემატება.