სახლი თბილისში, რომელიც ქარის და მზის ენერგიაზე მუშაობს
თორნიკე დარჯანიამ 2 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები და 1 500 ვატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური საკუთარი სახლის სახურავზე დაამონტაჟა, შესაბამისად, ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს.
მზის პანელები ამჟამად აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და მზიან დღეში დაახლოებით, 15 კილოვატს გამოიმუშავებს.
"2 500 ვატიანი სიმძლავრის მზის მიკრო ელექტროსადგური ჩვენი ოჯახის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. მზის პანელების ღირებულება 5 000 ლარია,"-განმარტავს ის. რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურს, ის ქსელში უკვე ჩართულია, თუმცა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და თორნიკე მომავალში მის განახლებასაც გეგმავს.
"როდესაც შესაბამისი ბუნებრივი პირობებია, ქარის ელექტროსადგური, ერთ საათში 1,5 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი ღირებულება, დაახლოებით 2 700 ლარია,"-აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ალტერნატიული ენერგიის გამოყენება ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ მზის პანელებისა და ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, თორნიკე მას ნეტო აღრიცხვის ქსელში უშვებს (ნეტო აღრიცხვის სისტემა ძალაში დაახლოებით, 8 თვის წინ შევიდა და თქვენ მიერ გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს).
თორნიკე დარჯანიამ მეგობრებთან ერთად კომპანია Heliosenergy შექმნა, რომელიც მიმართვის შემთხვევაში მზის პანელებს ან ქარის ელექტროსადგურს დაგიმონტაჟებთ.
მარიამ მენაბდიშვილი
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian man generates electricity with solar and wind energy from his house roof