სამხედრო მდგომარეობა 6 საათით და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით: რა მოხდა სამხრეთ კორეაში?
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მოულოდნელი მცდელობა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა დაემყარებინა, ექვსი საათის შემდეგ მარცხით დასრულდა: პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო მდგომარეობის მოხსნას, პრეზიდენტიც იძულებული გახდა უკან დაეხია.
"ეროვნულმა ასამბლეამ მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ ოპერაციებში, გავიწვიეთ. ეროვნული ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე საომარ მდგომარეობა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გაუქმდება“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა სატელევიზიო მიმართვაში, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა და მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის მოხსნას, - იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხედროები უკვე თავიანთ ნაწილებში დაბრუნდნენ.
ოთხშაბათ დილით პრეზიდენტის მთელი შტაბი თანამდებობიდან გადადგა. თავად პრეზიდენტს ახალი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
პრეზიდენტის ოპონენტები დემოკრატიული პარტიიდან, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, განაცხადეს, რომ თუ ის თავად არ გადადგება, იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.
3 დეკემბრის მიმართვაში, პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა "კომუნისტური ძალებისგან" კონსტიტუციური წესრიგის და ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოქმნილი საფრთხეებისგან დასაცავად აუცილებელ ღონისძიებად გამოაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საფრთხე მოდიოდა, როგორც ჩრდილოეთ კორეიდან, ასევე ადგილობრივი "ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებიდან“, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას.
სატელევიზიო არხის YTN ვებსაიტმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის ერისადმი მიმართვის ტექსტი, რომელშიც ის ოპოზიციას სახელმწიფო მუშაობის პარალიზებაში ადანაშაულებდა, სამთავრობო ფიგურებისა და ოფიციალური პირების იმპიჩმენტის მცდელობით. მისი თქმით, ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებიდან (არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა) ეროვნული ასამბლეა იმპიჩმენტით დაემუქრა 22 საჯარო მოხელეს, მათ შორის რამდენიმე პროკურორს, შს მინისტრს და თავდაცვის მინისტრს. იხილეთ სრულად