
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული რეგიონის შესვლასთან დაკავშირებით ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ოსური და რუსული მედიის ცნობით, ე.წ რეფერენდუმი შესაძლოა, წელს ჩატარდეს, რის შემდეგაც თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს მიერთების თხოვნით მიმართავს. თიბილოვი ამბობს, რომ მას ესმის ამ გადაწყვეტილების სირთულე მოსკოვისთვის და რუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა "რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო არენაზე დამატებითი სირთულეები არ შეუქმნას".
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი განცხადებით, „ამ ფაქტს ბუნებრივია, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის“.
ექსპერტების შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ რეფერენდუმის ჩატარების საკითხის გაჟღერება პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში "მომრავლებული" ასეთი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია.
„დიდი ხანია მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთებას რუსეთის ფედერაციასთან. თვითონ რუსებიც უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ისინი დაიღალნენ იმ ჩემოდნის თრევით, რომელსაც სახელური არ აქვს. ამიტომ ურჩევნიათ მიიერთონ“, - ამბობს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ აქვს.
"ესენი რას გააკეთებენ, არავინ იცის. მთავრობის წევრი მინისტრი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საფრთხეს ვერ ხედავს და რაზე უნდა ვილაპარაკო? ზაქარეიშვილი საერთოდ ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს, თბილისის ოკუპაციაც რომ მოხდეს, მისთვის ეს საფრთხე არ არის.
„თვითონ ცხინვალში ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმიტომ, რომ ჯარები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა და საკითხი მარტივად გადასაწყვეტია. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა აფხაზეთია და ამიტომ იწელება ეს საკითხი. რუსეთს არ აწყობს ჯერ ცხინვალის და მერე აფხაზეთის შეერთება, ორივე ერთად უნდა, რომ „პრობლემა“ ერთდბაშად გადაჭრან“, - ამბობს პაატა დავითაია.
თიბილოვის განცხადების გარდა, საფრთხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაში ხედავს, ექსპერტი მამუკა არეშიძე:
"სერგეი ლავროვმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ საქართველოს ნატო-ში "შეთრევის" მცდელობა იქნება, შესაბამის ზომებს მივიღებთო, თიბილოვის განცხადებაც ერთ-ერთი ასეთი ზომაა. როგორც კი საქართველოს ხელისუფლება გააქტიურებს თავის ნატოსეულ ვექტორს, იმ წუთში იქნება ამ ტიპის განცხადებები და არ არის გამორიცხული, ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამისი ნაბიჯიც გადაიდგას, მაგრამ ეს ექსტრემალური სიტუაცია არის მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარდაუვალობა".
არეშიძის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში შესაძლო ე.წ რეფერენდუმის ჩატარება არ ჰგავს ყირიმში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმს, რადგან „ყირიმის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, იქ რეფერენდუმი მხოლოდ ფორმალობა იყო, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი, რეფერენდუმი ფორმალობა ჯერ არ არის“.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ, არეშიძე ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ გზა, თუმცა „მოზომილი ნაბიჯებით“.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს არც „მომავლის ცხინვალის“ კავშირის თავმჯდომარე, მარინა მემშვილდიშვილიც. მისი თქმით, შესაძლოა, ჩატარდეს ე.წ რეფერენდუმი, თუმცა იქნება თუ არა თანახმა რუსეთი, თავის შემადგენლობაში მიიღოს ე.წ სამხრეთ ოსეთი, საეჭვოა.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად, ერთ ნაწილს სრული დამოუკიდებლობა უნდა, ხოლო მეორეს რუსეთთან მიერთება სურს, რადგან ფიქრობენ, რომ უფრო დაცულები იქნებიან. ჩვენ პერიოდულად შეხვედრებს ვატარებთ ოსურ საზოგადოებასთან და კითხვაზე, სრული დამოუკიდებლობის მიუღებლობის შემთხვევაში ვისთან უფრო ისურვებდით ყოფნას, ერთპიროვნულად პასუხობენ, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს აირჩევენ“- ამბობს მარინა მემშვილდიშვილი.
თეა ბეჟიტაშვილი