რა შემთხვევაში შეიძლება არ მოგვცენ ევროპაში ჩასვლის უფლება ვიზალიბერალიზაციის პირობებში
ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემედეგ კიდევ ერთი ეტაპი ევროკავშირის საბჭო გვრჩება - განმარტა ALLNEWS.GE-სთან საუბარში ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალია საბანაძემ. დიპლომატის თქმით, ევროკავშირის საბჭომ განხილვის გარეშე უნდა დაადასტუროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"ამას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება, ამის შემდეგ პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ ხელი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში", - თქვა ნატალია სანაძემ.
დიპლომატის განმარტებით ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომენტიდან 20 დღეში შევა ძალაში.
"თარიღების ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან როგორც ეს აქამდე მითქვამს დღის წესრიგი დგება თითოეული ნაბიჯის შემდეგ, ამიტომ ხვალინდელმა დღემ უნდა ჩაიაროს და დოკუმენტი საბჭოში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ შეჩერების მექანიზმის ისევე, როგორც ჩვენთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის მონიჭების გადაწყვეტილების თარგმნა, მიდის ყველა ენაზე, ასე ვთქვათ იურიდიული შემოწმება და მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გვეცოდინება ზუსტად როდის შევა ვიზალიბერალიზაცია ძალაში", - განმარტა ქართველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დოკუმენტს რატიფიცირება არ უნდა მოახდინონ, შენგენის ზონაში მყოფ ნებისმიერ ქვეყნაში 90-დღიანი ვიზიტის განხორციელება კი ბიომეტრიული პასპორტის საშუალებით რაიმე დამატებითი პროცედურის გავლის გარეშე შეგვეძლება.
თუმცა Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად დაზღვეულია საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის მიერ უკან გამობრუნებისგან და რა პრევენციული ნაბიჯები შეიძლება მივიღოთ წინაწარ.
"რელევანტურია დავუშვათ ის, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს ისე, რომ მან არ იცოდეს ის წესები, რომლებსაც ის შენგენის ზონაში ყოფნის დროს უნდა დაემორჩილოს, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება საკმაოდ აგრესიული საინფორმაციო კამპანიის წარმოებას აპირებს", - განმარტა "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ
წესები, რომელიც შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს:
1. შენგენის საინფორმაციო სისტემებში მასზე დაფიქსირებულია ინფორმაცია, მათ შორის სხვა ქვეყნების გადაკვეთისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ
2. მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს ის მიზანი, რომელიც მას ვროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებისას აქვს.
"გარდა ამისა, თეორიულად შესაძლებელია სამომავლოდ, რომ საქართველოდან წასული ადამიანების რაოდენობა შენგენის ზომაში რადიკალურად გაიზარდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას საფრთხე შეექმნას, საქართველოს მოქალაქეები შეჩერების მექანიზმიდან გამომდინარე შესაძლოა, აღარ შეუშვან შენგენის ზონაში, მსგავსი სანქცია იმ შემთხვევაშიც ამოქმედდება თუ საქართველოს მოქალაქეები საზოგადოებრივ წესრიგს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ", - განმარტა ჩხიკვაძემ.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ შენგენის ზონაში გადაადგილებამდე უნდა გავიაზროთ რის უფლებას გვაძლევს გამარტივებული სავიზო რეჟიმი და მოცემული მითითებების შესაბამისად ვიმოქმედოთ.