ტრამპი და თბილისური აქციები - რა მოხდება 20 იანვრის შემდეგ და საით მიაქანებს ქვეყანას სუპერპოლარიზაცია | Allnews.Ge

ტრამპი და თბილისური აქციები - რა მოხდება 20 იანვრის შემდეგ და საით მიაქანებს ქვეყანას სუპერპოლარიზაცია

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. „შეწყვეტილია ევროკავშირში გაერთიანების პროცესი, შეჩერებულია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მექანიზმი, მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საქართველოსთვის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საექსპერტო დახმარებას, ურთიერთობები ძირგამოთხრილია, საქართველოს ხელისუფლების ერთი ნაწილი სანქცირებულია, ხოლო არასანქცირებულ ნაწილთან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები ევროკავშირის მხრიდან შეჩერებულია. ამას საერთაშორისო ურთიერთობების ენაზე იზოლაცია ეწოდება", - ამბობს ანალიტიკოსი და შიშობს, რომ შესაძლოა, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მყოფმა საქართველომ დამოუკიდებლობა ვეღარ შეინარჩუნოს.- ბოლო დროს ხელისუფლება ხალხის პროტესტს უკრაინულ „მაიდანს“ ადარებს. როგორც ჩანს, მმართველი გუნდს აწყობს ჩვენს ქვეყენაში მიმდინარე პროცესების მაიდანთან გაიგივება, რადგან კარგად იყენებს ბოლო წლებში უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ნეგატიურ ფონს. თუმცა, ყველა მოვლენას თავისი მიზეზი აქვს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა არ იქნებოდა ურიგო: უკრაინაში სისხლისმღვრელი ომიც და „მაიდანიც“ რუსეთის მოქმედებებით იყო გამოწვეული. კერძოდ, მაიდანი და შესაბამისად, ამ მოვლენებით გამოწვეული მსხვერპლი სრულად იანუკოვიჩის პასუხისმგებლობაა, რომელმაც უარი განაცხადა ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე

- რაში ხედავთ გამოსავალს, როდესაც ერთი მხრივ ქუჩაში გამოსული ხალხი ამბობს, მიზნის მიღწევამდე პროტესტს არ შეწყვეტს, ხოლო მეორე მხრივ, პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს: ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარაო.

- პოლიტიკური განცხადებაა, შეფასება გამიჭირდება. ის, რომ პროტესტის საფუძველი არ არსებობს, უბრალოდ, სიტყვების თამაში და დამაბნეველი, შეცდომაში შემყვანი რიტორიკაა. დასავლეთთან ურთიერთობები საფუძვლიანად და ხანგრძლივი პერიოდით არის დაზიანებული, რაც საფუძველშივე გამორიცხავს ინტეგრაციული პროცესების გაგრძელებას. ბოლო განცხადება უბრალოდ ამ პროცესის დასკვნითი აკორდი იყო, თორემ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე წლებია მომდინარეობს. გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების უკანდახევაა, სხვა შემთხვევაში მოვლენები ტრაგიკული სცენარით განვითარდება.

- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მომიტინგეებს ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება: 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები. რამდენად საფუძველიანი შეიძლება იყოს „ქართულ ოცნების“ იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას შეძლებენ?

- არ მგონია, საფუძვლიანი იყოს, მმართველი პარტიის ეს იმედი და არც კობახიძე მგონია გულუბრყვილო ადამიანი, რომ ამის სჯეროდეს. ყველამ ვიცით, რომ წამსვლელი ადმინისტრაცია არ გადადგამს ნაბიჯებს არჩეული პრეზიდენტის მრჩევლებთან შეთანხმების გარეშე. ეს რიტორიკა ეფუძნება მოლოდინებს, რომ ან ტრამპის ადმინისტრაცია, იზოლაციონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, აღარ გამოხატავს ინტერესს საქართველოს მიმართ, რაც მმართველ პარტიას შიდა საკითხებში არადემოკრატიული მმართველობისთვის კარტ-ბლანშს მისცემს, ან არადა, თუკი ტრამპიც ხისტ პოზიციას დაიჭერს, მმართველი პარტია გააძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომ შეერთებული შტატები ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და რომ ეს „ჩარევა“ ორპარტიულია, ანუ მთლიანად ამერიკაა „ცუდი“. ცხადია, ეს რიტორიკა არაინფორმირებულ ამომრჩეველზეა გათვლილი და საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ბევრი არ არის

რას იზამს ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში?!

- ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და უფრო მეტად, ამ პოზიციის განხორციელების ინტენსივობა ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს, დემოკრატიული განვითარების პირობებში, აქვს შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა. აი, თუკი საქართველო დემოკრატიის გზიდან გადაუხვევს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლოა ამან უფრო მალე გამოიწვიოს საქართველოსადმი ინტერესის კლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ კავშირებს და განსაკუთრებით, პეკინის გავლენის ზრდას სატრანსპორტო კორიდორებზე ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო მწვავედ აღიქვამს. ამის მაგალითი პრეზიდენტ ტრამპის წინა ვადისას სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ საქართველოში ვიზიტისას ანაკლიის პორტთან დაკავშირებული განცხადებაცაა. ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება განზრახ გამოზომილად იმგვარ ნაბიჯებს დგამს, რაც წინასწარი შეცნობით დასავლეთის კრიტიკას გამოიწვევს და შემდგომ, ამ კრიტიკის ფონზე ხელისუფლება მოქალაქეებს ანტიდასავლურ რიტორიკას მოახვევს თავს პოლიტიკური ბენეფიტების მიღების მიზნით. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის სახელმძღვანელოდანაა მოქმედების ეს ხაზი ან ვის წისქვილზე ასხამს წყალს საქართველოს გართულებული ურთიერთობები დასავლეთთან, ადვილი მისახვედრია. იხილეთ სრულად