რა ჯდება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრება
საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობა და მძიმე სოციალური გარემოა, ჯანსაღ ცხოვრებაზე ფიქრის დრო მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ რჩება. თუმცა, ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა, შესაძლოა, დიდ ფინანსურ ხარჯებს და დროს სულაც არ საჭიროებდეს. Allnews.ge გთავაზობთ ფასების მიმოხილვას:
საცურაო აუზები: თბილისში უამრავი საცურაო აუზია. მრავალფეროვანია მომსახურება და ფასებიც. საცურაო აუზზე სტუმრობის ერთჯერადი ფასი, დაახლოებით, 15 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს. სხვადასხვაა ერთთვიანი აბონიმენტის ფასებიც, რომლებიც ვიზიტების რაოდენობით, სამუშაო და არასამუშაო დღეებისა და კონკრეტულ აუზზე არსებული აქციების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ერთ-ერთ საშუალო დონის აუზზე 12 ვიზიტიანი აბონემენტი 135 ლარი ღირს. უკეთესი სერვისებით აღჭურვილ აუზზე თვის განმავლობაში 14 შესვლის საფასური 245 ლარია.
სავარჯიში დარბაზები: თბილისში სავარჯიშო დარბაზების დიდი არჩევანია - განსხვავებული ფასებით და ადგილმდებარეობით. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და თანამედროვე სივრცე მომხმარებელს შემდეგ ფასებს სთავაზობს: ერთი ვიზიტი დარბაზში, დღიურად - 15 ლარი, 1 თვიანი აბონემენტი - 99 ლარი, წლიური აბონემენტის შეძენა კი 799 ლარი ღირს. ამ დარბაზებში მსურველს კვირის ნებისმიერ დღეს, ნებიმიერ დროს, ნებისმიერი ხანგრძლივობით შეუძლია ვარჯიში. თუმცა, არსებობს უფრო დაბალი ფასებიც.
ინსტრუქტორი გიორგი ვასაძე ამბობს, რომ მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს ვარჯიში და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, კარგი იქნება პირადი ტრენერის აყვანა. ამ მხრივაც დიდი არჩევანია. იმ შემთხვევაში, თუ მსურველს პირადი მწვრთნელის აყვანა და კვირაში სამი დღის ინტენსივობით ვარჯიში სურს, დასაწყისისთვის თვეში მინიმუმ 200-300 ლარის გადახდა მოუწევს. თუ ამ ხარჯებში კლიენტი იმ მითითებებსაც გაითვალისწინებს, რომელიც საკვებ რაციონს ეხება, თვეში, საშუალოდ, 500-600 ლარი დასჭირდება.
სწორი კვება: საკვების სწორად შერჩევა რომ ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ამაზე დიეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, ჯანსაღად კვება რომ შედარებით ძვირი ჯდება, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ზაინს, რისი მოტანაც ნახევარფარიკატებს, დიდი რაოდენობით ცომეულის მიღებას და სხვა არაჯანსაღი პროდუქტით კვებას მოყვება, შემდეგი დასკვნა ლოგიკური იქნება:
სწორ კვებაში ჩადებული ინვესტიცია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი გარანტია.
ეს კი ექიმთან ვიზიტისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯებს მნიშვნელოვანად ამცირებს.
დიეტოლოგი ნაია ლატარია საზოგადოებას ურჩევს, კვების დროს ყურადღება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსს მიაქციონ. ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული აუცილებელი პროდუქტებია (თუმცა, თითოეული მათგანის ყოველდღიური მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს). მისივე თქმით, დღის განმავლობაში, სამი ძირითადი კვება და ორი წახემსებაა საჭირო. წახემსება მსუბუქი, დაბალკაროლიული საკვების მიღებას გულისხმობს (მაგალითად, ქიშმიში, თხილეული, კეფირი, ვაშლი). დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა გაყინული პროდუქტები (გაყინული ბარკლები, ქათამი, თევზი, ფილე..) და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები.
სწორად კვების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ინსტრუქტორი გიორგი ვასაძეც:
"ვარჯიში სწორი მიმართულებით მიდის, თუ აქცენტი კვებაზე გაკეთდება.
დარბაზში ადამიანი 1 საათს ან საათნახევარს ატარებს, ამის შემდეგ უკვე მთავარია სწორი კვება ანუ, დაბალანსებულად ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მიღება. შედეგის მიღწევა 70% კვებაზეა დამოკიდებული, 30%-ვარჯიშზე", - აღნიშნავს პირადი ინსტრუქტორი.
აქტივობები სუფთა ჰაერზე: და ბოლოს, თუკი ჯანსაღი ცხოვრების მსურველს, ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო თანხა არ აქვს, მას შეუძლია იმ აქტივობებით დაკავდეს, რაც ფასიანი არაა. ასე მაგალითად, სუფთა ჰაერზე სეირნობა და სირბილი ყველაზე მარტივი და იაფი გამოსავალია.
თამარ კორკოტაშვილი