რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი გამგზავრება მხოლოდ საქართველოს პასპორტით
როდესაც საუბარია სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, ერთადერთი სამოგზაურო დოკუმენტი, რომელიც ამის უფლებას გაძლევთ პასპორტია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პასპორტი საკმარისი არ არის, აუცილებელია ვიზაც. საინტერესოა, რომელი ქვეყნის პასპორტის მქონე ადამიანს აქვს ყველაზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა.
"სავიზო შეზღუდვების 2016 წლის ინდექსის" მიხედვით, ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება გერმანიის მოქალაქეს აქვს. გერმანული პასპორტი 177 ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლის საშუალებას იძლევა. მეორე ადგილას კი შვედეთია, რომლის პასპორტის მქონე პირს 176 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა აქვს.
მესამე ადგილს რეიტინგში ფინეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი ინაწილებს. ხოლო მეოთხეს ბელგია, დანია, ნიდერლანდები და აშშ. აღსანიშნავია, რომ აშშ 2014 და 2015 წლებში პირველ ადგილას იყო.
რაც შეეხება საქართველოს, იგი 71-ე ადგილასაა, მაშინ როდესაც გასულ წელს 78-ე პოზიციაზე იყო. საქართველოს პასპორტის მქონე პირებს 67 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლის უფლება აქვს, თუმცა, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულდება, საქართველოს მოქალაქეს დამატებით 30 ქვეყანაში (შენგენის ზონის 22 ქვეყანა, შენგენის კანდიდატი 4 ქვეყანა და ევროკავშირის არაწევრი 4 ქვეყანა) ექნება უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა.
ყველაზე "ცუდი" პასპორტის მქონე ქვეყნები კი ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი, სომალია და სირიაა.
სავიზო შეზღუდვების შესახებ ქვეყნების რეიტინგს 2006 წლიდან ყოველწლიურად ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Henley and Partners-ი და საჰაერო ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაცია ადგენს.