რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ | Allnews.Ge

რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლო პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმართველობების პრობლემა ბევრ უნივერსიტეტშია, რადგან სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათი საქმიანობით უკმაყოფილოა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს სტუდენტურ თვითმართველობას და რეალურად რას აკეთებენ ისინი.

განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, თვითმართველობა სტუდენტებისთვის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

-ამ ორგანომ უნდა იზრუნოს სტუდენტების პრობლემების გადაჭრაზე, საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნების ზრდაზე, სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაფართოვებასა და სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო კულტურაში სოციალიზაციაზე.

სტუდენტური თვითმართველობები არის ასევე შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალის გარეშე თავადაც შეძლონ საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ საგანმანათლებლო გამოცდილებას გაამდიდრებს. განათლება მხოლოდ კურსების ფარგლებში მიღებულ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს არ გულისხმობს. განათლება გულისხმობს ასევე საკუთარი პროექტების განხორციელებას, თვითორგანიზებული სასწავლო პროცესების წარმართვასაც.

-გასაგებია, თუმცა დღეს ბევრი სტუდენტი მუშაობას უწუნებს სტუდენტურ თვითმართველობას.

-როდესაც რაიმე ინსტიტუტს არ აქვს გამოცდილება, ტრადიცია და ა.შ. ყოველთვის ასე ხდება. ის, რომ დასავლურ უნივერსიტეტებში თვითმართველობების მიმართ არის კრიტიკა, მაგრამ მაინც უნივერსიტეტების ორგანულ ნაწილად ითვლება, ეს ათწლეულების და ზოგ შემთხვევაში საუკუნეების დამსახურებაა.

-რა განსხვავებაა დასავლურ ან ევროპულ და ქართულ სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის?

-დასავლურ უნივერსიტეტებში არის მრავალი დონის თვითმართველობები: სტუდენტების სენატები, კლუბები, ტრადიციული გაერთიანებები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ეს ორგანოები დასავლეთში ისევე როგორც საქართველოში აერთიანებს სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ ცოდნა არ მიიღონ, არამედ დაამყარონ სოციალური კავშირები, რომლებიც მათ დაეხმარება კარიერულ წინსვლაში. ისევე როგორც საქართველოში, თვითმართველობების წევრები დასავლეთში ხშირად არიან შემდგომში პოლიტიკურად აქტიური ადამიანები. განსხვავება ის არის, რომ საქართველოში პოლიტიკოსები უფრო აქტიურად არიან ჩართული თვითმართველობებთან და სხვა სტუდენტურ კლუბებთან თანამშრომლობაში. დასავლეთში პოლიტიკური მანიპულაციების შესაძლებლობები ნაკლებია, რადგან უნივერსიტეტებში უფრო მეტია კრიტიკულად განწყობილი ხალხი, ვიდრე პოლიტიკოსებს დაქვემდებარებულები.

ასევე, დასავლური უნივერსიტეტების თვითმართველობები ძალიან კრიტიკულები არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენთან ეს ნაკლებად გვხვდება.

ამასთან, თვითმართველობები ხშირად კრიტიკულები  არიან განათლების პოლიტიკის მიმართაც. ჩვენთან თვითმართველობის ხმა ამ მიმართულებით იშვიათად ისმის.

-რამდენია სტუდენტური თვითმართველობების წლიური დაფინასება?

-სამწუხაროდ არ ვიცი. ადრე ფინანსდებოდნენ და ბიუჯეტის გარკვეული წილიც კი ჰქონდათ ფიქსირებულად გამოყოფილი. ახლაც ფინანსდება თსუ-ს თვითმართველობა, მაგრამ რა პრინციპით, ვერ გეტყვით.

სტუდენტური თვითმართველობების შესახებ აზრი თავად სტუდენტებსაც ვკითხეთ. მათი უმეტესობა ამბობს, რომ თვითმართველობა რეალურად დაშორებულია სტუდენტებს და არ ასრულებს იმ ფუნქციებს, რასაც უნდა ასრულებდეს.

"ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვსწავლობ და იქ არის სტუდენტური თვითმართველობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობენ და სტუდენტებზე ფიქრობენ, მხოლოდ ექსკურსიებს აკეთებენ, ისიც ხანდახან. ვფიქრობ, სტუდენტებზე უფრო მეტად უნდა იფიქრონ, ვთქვათ მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, თუნდაც კონცერტები, მოიწვიონ საინტერესო ადამიანები და ა.შ." - ამბობს 22 წლის გიორგი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნათია ჯაგოდნიშვილის თქმით, თსუ-ს მაღლივ კორპუსში თვითმართველობა მხოლოდ "ფორმალურად" არის.

"ჩვენს უნივერსიტეტში ცოტა უცნაურად ხდება ეს ყველაფერი, რატომღაც თვითმართველობად მარტო პირველი-მეორე კორპუსის თვითმართველობის ბავშვები აღიქმებიან, მაგალითად მაღლივში, ისიც კი არ ვიცი, არიან თუ არა საერთოდ, ან ვინ არიან. მგონია, რომ ათასგვარი პროექტის განხორციელება შეიძლება, იქნება ეს ინტელექტუალური თამაშები, სხვადასხვა კონკურსები, შეჯიბრები ან თუნდაც გასართობი პროექტები, როგორც სხვა უნივერსიტეტებში ხდება.

შეიძლება ექსკურსიების, ლაშქრობების მოწყობა, კიდევ ძალიან ბევრი სტუდენტია, რომელსაც უჭირს გადასახადის გადახდა და შეიძლება რაიმე ისეთი კონკურსების მოწყობა, რომლითაც შეძლებენ თვითონ დაიფინანსონ საკუთარი სწავლა. კარგი იქნება, თუ მოახერხებენ და ბიუჯეტს ისე გაანაწილებენ, რომ არავინ დარჩეს უკმაყოფილო და თუნდაც ის კონცერტები, რომლებიც პირველ კორპუსში ტარდებოდა, ჩატარდეს სხვაგანაც და თსუ-დ მხოლოდ პირველი და მეორე კორპუსები არ ითვლებოდეს", - ამბობს ნათია ჯაგოდნიშვილი.

"ზოგადად ჩვენს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური თვითმართველობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, ჩვენს კორპუსში არ არიან და მეც დიდად არ ვინტერესდები მათი საქმიანობით. ცილს ვერ დავწამებ, არ ვიცი რას აკეთებენ და რას არა, მაგრამ მახსოვს შარშან თვითმართველობის არჩევნები იყო, სტუდენტების ორი ფრთა მონაწილეობდა და ხმა რომ მიმეცა ორივე წარმომადგენლები მეხვეწებოდნენ, სხვა მხრივ კი არ ვიცი რას საქმიანობენ, შეიძლება კარგ საქმესაც აკეთებენ ჩვენი სტუდენტებისთვის, მაგრამ მე ნაკლებად ვერევი ასეთ საკითხებში", - ამბობს ილიაუნის სტუდენტი, სოსო აბულაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

ALLNEWS.GE