როდის დასრულდება თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა
თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკის დიდი ნაწილი წყლით დაიტბორა, განადგურდა ვოლიერები და დაიღუპა ათობით ცხოველი. მას შემდეგ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ზღვაზე მოეწყობა ახალი, ბევრად დიდი და ფუნქციურად დატვრითული ზოოპარკი.
როგორც ALLNEWS.GE-ს მერიაში განუცხადეს, თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერების მშენებლობა იწყება.
"GIZ -ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობა. რასაც მოყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერის მშენებლობა. ზოოპარკს აქვს "არუპ ჰასელის" მიერ მომზადებული კონცეფცია და ჰოლანდიელი არქიტექტორის ერიკ ფონ ფლიტის მიერ მომზადებული სქემა. აღნიშნული სქემის მიხედვით, ახალი ზოოპიკარკის სამუშაოებისთვის საჭიროა დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარი", - განაცხადეს მერიაში.
რა მდგომარეობაშია 13 ივნისიდან თითქმის 10 თვის გასვლის შემდეგ ზოოპარკი და როდის გადავლენ ბინადრები ახალ ზოოპარკში, ამ საკითხზე ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ვესაუბრეთ.
"ზოოპარკის ქვედა ნაწილი, რომელიც დაიტბორა და სადაც ვოლიერები იყო, ის არ აღდგენილა, ხოლო ამის გარდა, დანარჩენის ტერიტორის აღდგენა ახლაც მიმდინარეობს, უკვე ჩამოვიდა ახალი ცხოველების პირველი ჯგუფი".
"რაც შეეხება ზოოპარკის გადატანას, თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის ტერიტორია შემოდგომაზე შემოისაზღვრა, ახლა ვიწყებთ ვოლიერების მშენებლობას. შემოდგომისათვის დაახლოებით ხუთი სახეობისათვის იქნება მზად ვოლიერი. ჯერ არ არის კონკრეტული დრო განსაზღვრული, თუ როდის შეიძლება დასრულდებას ახალი ზოოპარკის მშენებლობა. როგორც ჩანს, ახალ ტერიტორიაზე ერთბაშად გადასვლა ვერ მოხერხდება და გარკვეული პერიოდი ორი ზოოპარკი გვექნება", - ამბობს ზურაბ გურიელიძე.
თეა ბეჟიტაშვილი