დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა | Allnews.Ge

დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა.

ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად ALLNEWS-ი საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს გია თომაძეს ესაუბრა.

გია თომაძე:  ამჟამად, მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში, 6 ორგანოს გადანერგვა შესაძლებელი. ეს ორგანოებია: ღვიძლი თირკმელი, პანკრეასი, გული, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. ამათგან საქართველოში მხოლოდ თირკმისა და ღვიძლის გადანერგვა ხდება.

საქართველოში დღეს 257 ორგანოგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ორს გული აქვს გადანერგილი, (ერთს საფრანგეთში, მეორეს რუსეთში) ორმოცდაათს ღვიძლი, დანარჩენს კი თირკმელი.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 ათასამდე ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. აქედან ყველაზე ხშირი თირკმლის ტრანსპლანტაციაა, შემდეგ მოდის ღვიძლი, პანკრიასი და გული.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა და დღემდე სულ 12 გადანერგვაა შესრულებული.

-როგორ ხდება დონორის შერჩევა და რა პროცედურები ახლავს თან?

-ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. შესაბამისად, ორგანოს ყიდვა შეუძლებელია. დონორის არჩევა რთული თემაა. ჩვენს ქვეყანაში დონორობა წმინდა ალტრუისტული საქმინობაა, იგივე ქველმოქმედებაა. დონორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას ამაში თანხას არ უხდიან. თუ ადამიანს ესაჭიროება თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვა და მას ჰყავს ახლობელი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი დონორი, ეს შესაძლებელია და კანონით აკრძალული არ არის. ამ შემთხვევაში დონორთან ფორმდება ხელშეკულება.

-რაც შეეხება გვამურ დონაციას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საქართველოში ტრანსპლანტაცია გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან განხორციელდეს?

-საერთოდ, დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანი. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს გვამური დონაცია დონორად შეიძლება გამოყენებული იყოს გარდაცვლილის ორგანო. გვამური გადანერგვის ტრანსპლანტაციის ასამოქმედებლად საჭიროა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრების თანხმობა ორგანოს აღებაზე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. არა იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის რომ თავისი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოს გამოყენებაზე დათანხმდეს. საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური და მენტალური მიმღებლობა არ არის.

-რა ღირს ტრანსპლანტაციის პროცედურა?

-საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია 50-დან  66 ათასამდე, ხოლო თირკმლის დაახლოებით, ათი ათასი დოლარი ღირს.

-როგორია რეაბილიტაციის პერიოდი ტრანსპლანტაციის შემდეგ და ორგანოგადანერგილი პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა?

-რეაბილიტაციის პერიოდი იმუნოდეპრესანტების გამოყენებას გულისხმობს. ეს არის პრეპარატები, რომლებიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს, იმისთვის რომ არ მოხდეს გადანერგილი ორგანოს მოცილება.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, იმის განსაზღვრა თუ რამდენად არის გამოხატული იმუნოლოგიური კონფლიქტი დონორსა და პაციენტს შორის. გვყავს ფაციენეტბი რომლებსაც 20 წლის წინ აქვთ გადანერგილი ორგანო და თავს  დღესაც კარგად გრძნობენ.

ქრისტინე გამთენაძე

 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა