ვინ არის დაინტერესებული არალეგალური ურანით და როგორ მოხვდა ის საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. მათგან 3 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი სომხეთის.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად, თბილისში აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით ყველა დაკავებული ხანდაზმული, პენსიონერია.
რა გზით მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა და ვის ინტერესი შეიძლება იკვეთებოდეს ამ საქმეში, Allnews.ge ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.
-ზოგადად, არალეგალურ ურანზე მოთხოვნა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან არის ხოლმე, პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ არალეგალურად მოიპოვონ ბირთვულ იარაღზე კონტროლი.
ამის გამო ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესეს. არის სერიოზული ვარაუდები, რომ ტერორისტებს სურთ მოიპოვონ ბირთვული მასალები. ისინი ნამდვილ ბირთვულ იარაღს ვერ გააკეთებენ, მაგრამ ე.წ. ბინძური ბომბის გაკეთება შეუძლიათ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით უკვე შეინიშნება.
მაგალითად, ბრიუსელის ტერაქტების მონაწილე ძმები ბელგიაში ატომური რეაქტორის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უთვალთვალებდნენ.
ამას გარდა, ბირთვულ კომპონენტებს იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით, გარკვეული სეგმენტი ურანსა და რადიაოქტიულ ნივთიერებებს იყენებს მრეწველობაში, მედიცინაში და ა.შ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს სხვა სფეროსთვისაც იყოს განკუთვნილი, რადგან არალეგალურ ბირთვულ იარაღს თავისი ბაზარი აქვს.
თუმცა ვიმეორებ, რომ ტერორისტებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული ამ "ბინძური ბომბით". მინდა გავიხსენო რუსეთსა და საქართველოში განთქმული ტერორისტი შამილ ბასაევი, რომელიც თავის დროზე ლაპარაკობდა, რომ მას ჰქონდა კუსტარული ბირთვული იარაღი.
-თუმცა საქართველოში ვის რა ინტერესი აქვს?
-არამგონია, ამ ნივთიერებას საქართველოში ჰყავდეს მსურველი და მყიდველი.
დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანზიტული სქემის რაღაც ნაწილი იყო.
-რა გზით მოხვდა საქართველოში?
-თუ ამაში გარეულები არიან სომხეთის მოქალაქეები, მინდა გითხრათ, რომ ამიერკავკასიაში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური და ყველაზე დიდი ოდენობით ბირთვული მასალა მიეწოდება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს, ამიტომ ამ შემთხვევაში სომხეთის წყაროს არ გამოვრიცხავ.
თეა ბეჟიტაშვილი
ურანის გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები ექვსივე პირი დუმილის უფლებას იყენებს
ადვოკატი - ურანის გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან
სუს-მა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა