პირველკლასელთა რეგისტრაციის შემოღებამ სკოლებიდან კორუფციული გარიგებების ნაწილი მოხსნა, მაგრამ სხვა პრობლემები წარმოშვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი 4 მაიისს დილის 9 საათზე დაიწყო.
პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის 25 მაისამდე გრძლდება.
თუმცა, რეიტინგულ სკოლებში ადგილების 100% სისტემის გახსნისთანავე, რამდენიმე წუთში შეივსო.
სექტემბერში საჯარო სკოლის მერხებს 70 500 მოსწავლე მიუჯდება. მოსწავლეთა ნაწილი კი სასურველ სკოლაში წელსაც ვერ მოხვდა.
შექმნილ პრობლემებს მშობლები სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ.
რუსუდან ლეჟავაც იმ მშობელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც შვილის სკოლაში რეგისტრაცია ნერვიულობისა და დაძაბულობის ფასად დაუჯდა.
მისი ინფორმაციით, 4 მაისს რეგისტრაციის მეორე ეტაპის გამოცხადებისთანავე უფროსები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, თუმცა ამის მიუხედავად, გადავსებული ადგილების გამო, ბავშვის სასურველ სკოლაში რეგისტრაცია პირველ დღეს მაინც ვერ მოახერხეს.
"ძალიან სწრაფ ტემპში შეივსო ადგილები, სულ რამდენიმე წუთში, ამასთანავე საიტიც შეფერხებით მუშაობდა. სკოლა, რომელშიც მინდოდა ბავშვის რეგისტრაცია, გლდანში, ჩემს სახლთან ახლოს, ყველაზე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, თუმცა, დარეგისტრირება ვერ მოვახერხეთ.
საბედნიეროდ, მშობლების მოთხოვნითა და აქტიურობით მეორე დღეს აღნიშნულ სკოლაში ერთი კლასი დაემატა და როგორც იქნა შევძელით მიზნის მიღწევა. თუმცა ჩვენ მსგავსად ბევრს არ გაუმართლა", -ამბობს რუსუდან ლეჟავა.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია პრობლემაა ძალიან ბევრი მშობლისთვის.
"პოპულარულ სკოლებში ადგილები ძალიან სწრაფად ივსება და ოჯახი შეიძლება იძულებული გახდეს, შვილი საცხოვრებელი სახლისგან შორს მდებარე სკოლაში შეიყვანოს.
სირთულე განსაკუთრებით იმ მშობლებისთვისაა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტთან და ამავდროულად, მსგავს სისტემებთან მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვთ.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს სკოლაში დარეგისტრირება ერთგვარი სოციალური პრივილეგიაა.
რაც მეტი უნარი გაქვს, მით მეტი შანსი გეძლევა სასურველ საჯარო სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისათვის.
ისიც უნდა ითქვას, რომ შედარებით მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ერთსა და იმავე სკოლებს ირჩევენ. სამწუხაროდ, რეალურად სკოლების ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება ჩავთვალოთ კარგ სასწავლო დაწესებულებად. საქმე იმაშია, რომ ეს პრობლემა მარტო რეგისტრაციის მოგვარებით არ აღმოიფხვრება", -აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
თუმცა, სიმონ ჯანაშია რეგისტრაციის ამ ფორმის დადებით მხარეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ სისტემის გაუქმება ასე იოლად არ შეიძლება.
მისი თქმით, საზღვარგარეთ მსგავსი სისტემები მუშაობს, თუმცა ბევრ ქვეყანაში პირდაპირი მოთხოვნაა მშობელმა შვილი სახლთან ახლოს მდებარე რამდენიმე საჯარო სკოლიდან ერთ-ერთში დაარეგისტრიროს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტრონული რეგისტრაცია შემოიღეს სკოლებში არსებული კორუფცია იყო.
მასწავლებლები ადგილებს ინახავდნენ, ხოლო ადამიანი, რომელსაც რაიმე ნაცნობობა მასწავლებელთან ან დირექტორთან არ აკავშირებდა, სასურველი სკოლის მიღმა რჩებოდა.
რეგისტრაციის შემოღებამ სკოლებიდან კორუფციული გარიგებების ნაწილი მოხსნა, მაგრამ სხვა სახის პრობლემები წარმოშვა ", - აცხადებს განათლების ექსპერტი.
სიმონ ჯანაშიას თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში იმ ტიპის საჯარო სკოლების არსებობაზე, სადაც ყველა მშობელს შეეძლება შვილის დარეგისტრირება. კარგი სკოლების ძებნაში ასეთი უთანასწორო ბრძოლა კი თანდათან უნდა აღმოიფხვრას.
ქრისტინე გამთენაძე