შეუზღუდავი შესაძლებლობები და შეზღუდული გარემო
ჩვენი ყველა რესპონდენტი, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, განსხვავებული პროფესიით, ინტერესებითა და მიზნებით ცხოვრობს.
მაგრამ თითოეულ ინდივიდს, რომელთა შესახებაც მოგითხრობთ, ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო და საზოგადოება მათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.
მათ არ აქვთ თავისუფლად მოძრაობის საშუალება არა მხოლოდ გზებზე, ქუჩებსა თუ სკვერებში, არამედ შენობებშიც, ხოლო მათი საჭიროებების გათვალისწინება უამრავი კერძო თუ საჯარო კომპანიისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ALLNEWS.GE ამ ადამიანების პრობლემების გაშუქებას მომავალშიც გააგრძელებს. მანამდე კი გაიცანით:
დათო ალიხანაშვილი
"2012 წლის 17 ივლისს თბილისის ზღვაზე ბანაობის დროს მივიღე ტრავმა. მას შემდეგ ეტლით მოსარგებლე გავხდი, რთული იყო, ძალიან რთული. ძალიან მაღიზიანებდა საზოგადოების რეაქციები - უაზროდ მაშტერდებოდნენ, თითქოს, არაამქვეყნიური ვყოფილიყავი.
2015 წლიის 27 აპრილი იყო, როცა როი მომიყვანეს. ძალიან მინდოდა ჰასკი მყოლოდა. ჩემმა მეგობრებმა მომიყვანეს როი, მაგრამ არ მითხრეს ვინ მაჩუქა. ის ვიცი, რომ საჩუქრის პატრონს საერთოდ არ ვიცნობ.
5 თვემდე მე ვასეირნებდი ხოლმე ქუჩაში და ეჩვეოდა ჩემთან ერთად სიარულს.
ახლა უკვე როი მასეირნებს, ეტლზე შებმული მყავს, როგორც მარხილებში აბამენ და ისე ვსეირნობთ.
დავრბივართ, ვთამაშობთ. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო და დეპრესიის პერიოდი მქონდეს, ჩემი ყველაზე კარგი წამალი როია, ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. სანამ მაჩუქებდნენ აქტიურად ვცხოვრობდი, მაგრამ რაც როი მყავს, კიდევ უფრო გავაქტიურდი.
ვიცი რომ ყოველ საღამოს გასაყვანი მყავს, ვალდებული ვარ ვარბენინო, თორემ მერე მებუტება ხოლმე.
ამჟამად ტაქსების კომპანიაში მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ვმუშაობ. ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს, ეს კარგია, რადგან ტრანსპორტირებაში, ზოგადად, ბევრი მეხარჯება. გააჩნია სად და როდის მივდივარ. შესაძლოა, 20-25 ლარი დამჭირდეს.
ჩემი ოცნება მანქანის შეძენაა, ეს თანხებს დამიზოგავს. ხელფასით მინდა ფულის შეგროვება, მაგრამ არ მყოფნის და სულ მეხარჯება ხოლმე.
ასევე დრიფტერი მინდა ვიყო, ბავშვობიდანვე მომყვება ეს ოცნება.
8-9 წლის ასაკიდან ავტომობილს უპრობლემოდ ვმართავდი. რატომ მიყვარს რბოლა? - როგორ გადმოვცე არც კი ვიცი. უფრო და უფრო მეტი წინსვლის სურვილი, ადრენალინი, შიშის გრძნობა... რომელიც უფრო მძაფრდება და სასიამოვნო ხდება.
მანქანა როგორც პრაგმატული, ასევე ემოციური თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა მომიგვარდება. აღარ ვიქნები იმით შეზღუდული, რომ ვერ მივდივარ საქმეზე, რადგან ახლობელს არ სცალია, ან ტაქსი არ აჩერებს".
თინათინ რევაზაშვილი
ჩვენთვის მთელი ქვეყანა პრობლემების ბუკეტია. არა ტრანსპორტი, არა ქუჩა, არა შეღწევადობა.... თანასწორი უფლებები ყველასთვის - ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. გარემო და ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სახელმწიფომ კონვენციის რატიფიცირებით დიდი ვალდებულება აიღო და აქედან გამომდინარე, საჭიროა უკვე კონკრეტული ქმედება.
ამჟამად "თბილისი მარიოტში" კვების განყოფილების სუპერვაიზერად ვმუშაობ. სამუშაო გარემო იდეალურად მაქვს მორგებული. ხელმისაწვდომი მაქვს ყველაფერი და ამით ბედნიერი ვარ.
ორი წელი სახლში ვიყავი, ბევრი რამ გადავიტანე.
ტრავმის შემდეგ ვცდილობდი მალე გავმხდარიყავი ისევ დამოუკიდებელი და 2 წელიწადში დავუბრუნდი სამსახურს. იმ მომენტში მხოლოდ დირექტორის ასისტენტი ვიყავი. შემდეგ ისევ დავუბრუნდი ძველ პოზიციას.
გარდა იმისა, რომ მივიღე ტრავმა, შემდეგ ექიმების დაუდევრობით ფილტვებზე შემექნა პრობლემა და ამიტომ დამჭირდა ეს პერიოდი საზოგადოებაში დასაბრუნებლად. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დეპრესია არ მქონია.
ჩემი მიზანია ამ ქვეყანაში გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას მივაღწიო.
მინდა, რომ ყველა სერვისი თუ სიკეთე ერთნაირად, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
შშმ თემში გამოჩენით დაიწყო ჩემი საინვალიდო მოძრაობაში ჩართვა და ზოგადად, საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევა.
იკო იაკობიძე
პირველ რიგში, საზოგადოების დამოკიდებულებას შევცვლიდი და ცნობიერებას ავამაღლებდი საზოგადოების ფენებშიც და სამთავრობო სექტორშიც.
მეტი განათლებაა საჭირო, რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ჩართულები ვიყოთ.
ყველაფრის ძირეული პრობლემა ცნობიერების არქონაა, რასაც სხვა უამრავი პრობლემა ჯაჭვივით ებმება.
საზოგადოებაში ხშირად ვაწყდები დისკრიმინაციის ფაქტებს.
მაგრამ დისკრიმინაცია პოზიტიურია: ზედმეტი შეცოდება, გადაჭარბებული გაფრთხილება, დახმარება.
სასიამოვნო მოვლენაა, რომ ახალგაზრდები ამ საკითხებს სხვაგვარად აღიქვამენ - ისინი საკითხს ადეკვატურად აფასებენ.
თუმცა, ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში ჩვენ ვართ: საზოგადოებამ უნდა მიგვიღოს ისეთი მრავალფეროვნები, როგორებიც ვართ.
მე არ მიყვარს სიტყვა განსხვავებული - ადამიანები ყველანი განსხვავებულები ვართ და სწორედ ეს განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვნებას.
დიდი როლი, მისია, თავად შშმ პირებს გვაკისრია, ანუ ჩვენ უნდა გავაჩინოთ მუხტი, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საზოგადოებასაც და სამთავრობო სექტორსაც, რომ მიგვიღონ და შეგვიქმნან ყველანაირი პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის.
ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და დავანახოთ მათ, რომ ჩვენც საზოგადოების სრულფასოვანი, სრულუფლებიანი წევრები ვართ და ვქმნით მრავალფეროვნებას!
ამჟამად, დისტანციური დასაქმებით ვმუშობ - სახლიდან მიწევს საქმის კეთება.
სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, რომ სამსახურში ყოველდღე ვიარო. სამსახური ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას. ჩემთვის მისაღები არ არის დისტანციური დასაქმება, იმიტომ რომ ადამიანის სოციუმში რეალიზაცია არ ხდება და დისკრიმინაციული გარემო იქმნება.
1 წელია ვცეკვავ, მაგრამ ჩემპიონატებზე გასვლა და სპორტულ დონეზე მომზადება მხოლოდ 3 თვის წინ დავიწყე.
ძალიან მიყვარს ცხოვრებისეული გამოწვევები, სირთულეები და თავდაპირველად ცეკვაც ასე იყო ჩემთვის. მერე შევყევი, დამაინტერესა და ახლა ყოველდღე ვვარჯიშობ სამსახურის შემდეგ.
ოცნებები არ მაქვს, მხოლოდ მიზნები მაქვს და მიზნები ჩემთვის რეალობად იქცევა ხოლმე.
შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სამომავლოდ მინდა ვიყო წარმატებული და ძლიერი ჩემს საქმეში.
ლანა სოფრომაძე
ჩემთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა აფთიაქში შესვლა და ბანკომატთან მისვლა. არ მინდოდა ვიღაცას ჩემს პირად ანგარიშთან შეხება ჰქონოდა. მაგრამ ყოველთვის ვიღაცის შეწუხება მიწევდა.
მთავარი არის გარემო. თუ მე თავისუფლად შევძლებ ნებისმიერ რესტორანში, სამსახურსა თუ კაფეში მისვლას, გარშემო ადამიანებს შეცოდების განცდა არ გაუჩნდებათ, რადგან მეც მათსავით ვისარგებლებ ამ გარემოთი.
რაც უფრო მეტი გავალთ გარეთ, ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჩვენსა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერები ნელ-ნელა გაქრება.
მინდა ადამიანებს ვუთხრა: ნუ შეიზღუდევენ თავს და პირველ რიგში, საკუთარ თავში დაანგრიონ სტერეოტიპები. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ - მერე თვითონვე შეამჩნევენ, როგორ იცვლება გარშემო ყველაფერი. უბრალოდ, თუ შენს თავში გადააბიჯებ რაღაცებს და თვითონ არ დააკომპლექსებ საკუთარ თავს, გარშემოც ბევრი რამ მოგვარდება.
მშვილდოსნობა იყო სპორტის სახეობა, რომლითაც ყველაზე დიდხანს ვიყავი დაკავებული და ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. შემდეგ სამსახურის გრაფიკის გამო ვეღარ შევათავსე და თავი დავანებე. ახლა თითქმის თანაბარი ინტენსივობით ვარ დაკავებული სხვადასხვა სპორტით: ჯომარდობა, პარაპლანით ფრენა, ბოჩა...
ვმუშაობ ტაქსების სერვისში, ჩემი მოვალეობაა მივიღო ზარები და შემდეგ გავუშვა ბაზაში მძღოლთან.
ჩვენი მთავარი პრობლემა გადაადგილების პრობლემაა, რომელიც კომპანიამ თავიდან ბოლომდე უზრუნველყო. მძღოლებს მოვყავართ სამსახურში და მივყავრთ ისევ, სახლში.
პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობას მივხედო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოვრჩე ოპერაციებს.
შემდეგ, როცა უკვე აღარაფერი შემიშლის გადაადგილებასა და მოძრაობაში ხელს, ბევრი რამის გაკეთება მინდა და მგონია, ყველაფერს შევძლებ. უფრო მეტად, ხელოვნების მიმართულებით მინდა საქმიანობა. კერვა, დიზაინი....დედა მყავს მკერავი და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა.
საკუთარი სალონი მინდა, სადაც ასევე იქნება თიხის ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ასე შემდეგ.
მინდა მყვადეს მანქანა და ეს ოცნება არ არის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მანქანა მყავდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ არავისზე ვიყო დამოკიდებული არც ფინანსურად და არც არანაირად. ყველაზე მეტ კომფორტს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა მანიჭებს.
ირმა ხეცურიანი
ფარიკაობა ჩემთვის ძირითადი ღერძია ცხოვრების. უკვე მესამე წელია, რაც ამ სპორტის სახეობით დავკავდი.
ისე მიყვარს, რომ ზოგჯერ მიკვირს - როგორ ვცხოვრობდი ამ სპორტის გარეშე. ეს არის ხელოვნება - ულამაზესი, ინტელექტუალური და საოცრად აზარტული. ყველა თვისება უნიკალური უნდა იყოს ადამიანში, რომ დაეუფლოს ფარიკაობას. მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა საკუთარ წილ აგურს დებს ამ საქმეში.
საქართველოში ეტლით მოსარგებლე ქალი პარამოფარიკავე პირველი პრეცენდენტი იყო და ეს მე ვიყავი, ამით ჩუმად ვამაყობ კიდეც.
ეტლით უკვე 13 წელია ვსარგებლობ.
13 წლის წინ, რა თქმა უნდა, რთულად დაიწყო ყველაფერი.
ზურგის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მივედი კლინიკაში, სადაც ჩამიტარდა სასწრაფო ოპერაცია, რომლის შედეგიც იყო ეტლი. მაშინ 18 წლის ვიყავი და უცნაური, მძიმე და არეული განცდებით შევხვდი ამ მდგომარეობას. ორი წელი მართლა ძალიან გამიჭირდა, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ იმ პერიოდზე, მეღიმება.
განსაკუთრებით ოჯახს გაუჭირდა შეგუება და ამ ყველაფრის გათავისება.
მაგრამ ერთად გადავლახეთ ყველა სირთულე თუ დაბრკოლება. ასე რომ, გაგრძელდა ცხოვრება ჩვეულ რიტმში. ოჯახის, მეგობრების, კოლექტივისა და საყვარელი ადამიანის დახმარებით. შემდეგ დავიწყე სამსახური და ერთი ჩვეულებრივი შემოთავზებით აქტიურად ჩავერთე სპორტულ ცხოვრებაში.
ჩემი სამსახური ფარიკაობაა, დრო სხვა რამისთვის არ მრჩება. მთელი შემართებით ვემზადებით 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიადისთვის.
მაქვს პირადი ცხოვრება და მყავს გვერდით გიორგი დანელია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს.
ახლო მომავალში ვგეგმავთ გავაოფიციალუროთ ურთიერთობა და ოჯახი შევქმნათ.
საზოგადოებაში, ზოგადად, უამრავ პრობლემას შეიძლება შეხვდე, რომლებიც სათითაოდ პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, აუცილებლად მოსაგვარებელი და უზრუნველსაყოფია: შენობები, შიდა თუ გარე ინფრასტრუქტურა, მენტალიტეტი, უცნაური მიდგომა და დამოკიდებულება.
თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება პირადად ჩემთვის, ყველაზე პრიორიტეტულია.
ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება სოციუმში და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრება!
ჟურნალისტი: თამარ კორკოტაშვილი
ფოტოგრაფები: ირაკლი შალამბერიძე, თაკო გოგაძე, ირაკლი გედენიძე
იდეის ავტორი: ანა ასტვაცატურიანი