როგორია შვილად აყვანის პროცედურები საქართველოში
რა პროცესებს გულისხმობს ბავშვის შვილად აყვანა, რადენ ხანს გრძელდება პროცედურები, რამდენია მშვილებელი და რამდენია გასაშვილებელი ბავშვი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი და ვის ენიჭება უპირატესობა, Allnews.ge-ს კითხვებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი, ეთერ ცხაკაია პასუხობს.
-იმისათვის, რომ პირი შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირდეს, უნდა მიაკითხოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელის მიხედვით და დაწეროს განცხადება. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისთვის, რომ გახდეს მშვილებელი, მაგალითად უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა და ა.შ. ამის შემდეგ, სოციალური მუშაკი აკეთებს შეფასებას და თუ დასკვნა არის დადებითი, ბავშვის აყვანის მსურველი მშვილებელთა რეესტრში აღირიცხება და ელოდება შეთავაზებას.
ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლება მიენიჭა
მშვილებელთა რიგში ვერ დარეგისტრირდება პირი თუ ის არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
-ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა? მაგალითად შეუძლია თუ არა მარტოხელა კაცს ან ქალს?
-კი შეუძლია, მარტოხელობა ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. დარეგისრტირება მარტივი პროცედურაა და განცხადების შეტანის შემდეგ, მაქსიმუმ ერთ თვეში რეგისტრირდება პირი მშვილებლად. სახელმწიფოს მიზანია, რომ ბიოლოგიურმა მშობლებმა თავიანთ შვილებზე უარი არ თქვან და ბავშვის აღზრდა მაქსიმალურად ბიოლოგიურ ოჯახში მოხდეს.
ბავშვი რომ გაშვილდეს, ამისთვის აუცილებელია, ბავშვსაც მიენიჭოს გასაშვილებელის სტატუსი.
ბავშვს გასაშვილებელი სტატუსი შეიძლება ჰქონდეს იმიტომ, რომ ის იყოს ობოლი, ან იყოს მიტოვებული და სასამართლომ მიანიჭოს ეს სტატუსი. უკვე სტატუსის მინიჭების შემდეგ, ხდება მისი მშვილებელისთვის შეთავაზება, უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, როდესაც ბავშვის აყვანის მსურველი სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირდება, რეგისტრაციისას, ის ასევე ასახელებს თავის პირობებს თუ როგორი ბავშვი უნდა, აქ იგულისხმება სქესი, ასაკი, ეროვნება და ა.შ.
-მშვილებელი თვითონ ირჩევს ბავშვს?
-არა, თვითონ ასახელებენ პირობებს, მაგალითად, პოტენციური მშვილებელი ამბობს, რომ უნდა 0-დან 2 წლამდე ასაკის მდედრობითი სქესის პატარა, ან სქესს არ აქვს მნიშვნელობა, უნდა ქართველი ან ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, ამ პირობების დასახელების მიხედვით, მათ შეეთავაზებათ ბავშვი.
მიუსაფარი ბავშვი თბილისში - იუნისეფის ექსპერიმენტი
-ბავშვის შვილად აყვანის რამდენი მსურველია და რამდენია გასაშვილებელთა რაოდენობა?
-დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 3500-მდე მშვილებელი გვყავს და არცერთ მშვილებელს არ აქვს მოთხოვნაში, რომ უნდა ჯანმრთელობის პრობლემების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.
რაც შეეხება ბავშვებს, 165-მდე ბავშვია, რომელთაგან 140 შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატარაა.
სამწუხაროდ საქართველოში მათი გაშვილება ვერ ხერხდება, რადგან არ არის მოთხოვნა, დანარჩენები კი 10 წელს ზემოთ არიან და ან მათ არ სურთ გაშვილება ან მშვილებელს არ სურს ამხელა ასაკის ბავშვი.
-როდესაც გაშვილებული ბავშვი გახდება სრულწლოვანი და მაგალითად გაიგო თავისი მდგომარეობა, აქვს თუ არა უფლება ბიოლოგიური ოჯახის შესახებ მოითხოვოს ინფორმაცია?
-კი, კანონში უკვე დაშვებულია, რომ თუ 18 წლის ზემოთ პირი გაიგებს რომ აყვანილია, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია თავისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. ამ შემთხვევაში იგი მიმართავს სააგენტოს, თანხმობა უნდა იყოს მშვილებლისა და გამშვილებლის, და თუ მოიძებნება ბიოლოგიური ოჯახი და ისინი იქნებიან თანახმა, ხდება ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანისთვის, რომელიც ეძებს თავის მშობელს.
-ბავშვის გაშვილების შემდეგ, სახელმწიფოს თუ აქვს რაიმე დახმარების პროგრამები?
-არა, არანაირი, არც ჯანრმთელი და არც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვისთვის ამ კანონმდებლობით დახმარება გათვალისწინებული არ არის.
-ბავშვის გაშვილების შემდეგ თუ ხდება მონიტორინგი, რამდენად კარგ პირობებშია პატარა და ა.შ.
-არა, მსგავსი რამ არ ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ რამე დარღვევა ან ძალადობა მოხდა, ჩვეულებრივ იგივე პროცესები დაიწყება, რაც სხვა ბიოლოგიური მშობლების მიმართ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება საერთაშორისო გაშვილებას, როდესაც ბავშვი გაშვილდება საზღვრებს გარეთ, იმ ქვეყნის სოციალური სააგენტოს მიერ ხდება შეფასება პირის და ჩვენ გვეგზავნება ყველანაირი ინფორმაცია, გაშვილების შემდეგ კი, ყოველწლიურად ვითხოვთ ანგარიშს, თუ როგორ ცხოვრობს იქ პატარა.
მომავალ წელს გაჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც სამი ბიოლოგიური მშობელი ეყოლებათ
თუმცა კანონით განსაზღვრულია ისიც, რომ უცხოელ მშვილებელს შეეთავაზება მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც 8 თვის განმავლობაში ვერ გაშვილდა საქართველოში, ანუ ფაქტობრივად ჯანმრთელი ბავშვი საერთაშორისო მშვილებელს არასდროს შეეთავაზება.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ 16 ბავშვია გაშვილებული.
-რა შემთხვევაში შეიძლება მშვილებელმა რიგის გარეშე იშვილოს ბავშვი?
-კანონით გათვალისწინებულია უპირატესობები, რომლებიც რიგითობას არ იცავს. მაგალითად ერთ-ერთი უპირატესობაა ნათესაური შვილად აყვანა, ასევე, გერის შვილად აყვანა, პირდაპირი წესით შვილად აყვანა, როდესაც ბიოლოგიური მშობელი უარს აცხადებს შვილზე და იგი პირდაპირ მშვილებელს მიუთითებს, ვინც უნდა გახდეს მისი შვილის მშობელი.
ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს
ასევე არიან მიმღები ოჯახები, ეს არის სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის ალტერნატიული მომსახურება, თუ მიმღებ ოჯახში ბავშვი 6 თვეზე მეტხანს იქნება და ამავდროულად მიენიჭება გამშვილებელის სტატუსი, ხოლო მიმღებ ოჯახს სურს ამ ბავშვის შვილად აყვანა, მათ მიენიჭებათ უპირატესობა და პირველად მათ შეეთავაზებათ ბავშვი.
თეა ბეჟიტაშვილი