რამ გამოიწვია სტიქია ბორჯომში | Allnews.Ge

რამ გამოიწვია სტიქია ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა.

სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

როგორც Allnews.ge-სთან საუბარში "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, ასეთი სტიქიური უბედურების შედეგი მხოლოდ მოსული უხვი ნალექი არ არის.

"წვიმა ჩვეულებრივი ბუნებრვი მოვლენაა და ასეთ კატასტროფას არ უნდა იწვევდეს, ამ უბედურების მიზეზი არის ის, რომ ტყეები დეგრადირებულია, ისინი ვეღარ ასრულებენ ნიადაგდაცვით ფუნქციას. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს როგორც დასახლებულ პუნქტში, ისე ქალაქში. შეგვიძლია გავიხსენოთ ვერეს ტრაგედიაც, მაგრამ მიზეზი შეიძლება იყოს ოდნავ ზევით, წყალშემკრებ აუზში, სადაც ძალიან სწრაფად ხდება მოსული ნალექის მოხვედრა მდინარის კალაპოტში და ვიღებთ კატასტროფულ წყალდიდობას.

ბორჯომი კიდევ დაისეტყვა

ამას გარდა, მთის ტყეების უკანონო ჭრის შედეგად უკვე წლებია ეროზიაა წარმოშობილი, ძალიან დიდი ინერტული მასალა ხვდება მდინარის კალაპოტებში, მდინარეს უჭირს ამ მასალის გაწმენდა და დარღვეულია ბუნებრივი პროცესი. წყალშემკრებ აუზებში ტყეებს ორი ფუნქცია აქვს - წყალმარეგულირებელი და ნიადაგდაცვითი ფუნქცია, ორივე სრულიად მოშლილია.

სტიქია ბორჯომში: განადგურებულია ეროვნული პარკი, ევაკუირებულია ათობით ადამიანი

ამასთან, გავიხსენოთ რომ ეს ხდება ბორჯომში, სადაც 90-იანი წლებიდან ყველაზე უფრო მასობრივად ხდებოდა ტყეების უკანონო ჭრები და დღეს მის შედეგებს ვიმკით, ამას ემატება ყოველწლიურად საშეშე რესურსის მოპოვება, რომელიც ასევე უკანონოდ მიმდინარეობს, რადგან კანონიერად აღარ არის ამდენი ხე, რომ მოიჭრას. სწორედ ამიტომ, ასეთი ბუნებრივი კატასტროფები სამწუხაროდ უკვე 2-3 საათიანი სტიქის შედეგად ხდება და მოხდება კიდეც", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

მისივე თქმით, ასეთი გაჩეხილი ტყეები და ეროზირებული ნიადაგი მხოლოდ ბორჯომის პრობლემა არ არის და მთელ საქართველოში ასეთი სიტუაციაა.

"ზოგადად ამის მოგვარება ინსტიტუციურად არასწორადაა მოწყობილი.

ბუნებრივი კატასტროფების მართვა და პრევენცია ძირითადად ხორციელდება ურბანულ ტერიტორიებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ვაკეთებთ გაბიონებს, ჯებირებს, ვხარჯავთ საკმაოდ დიდ თანხებს, მაგრამ ვერ ვიღებთ შედეგს, რადგან ჩვენ თვითონ ვებრძვით შედეგს და არა მიზეზს. ამ შემთხვევაში მიზეზი სწორედ დეგრადირებული ეკოსისტემებია.

როდის გამოიდარებს? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამ პრობლემის მოგვარება თუნდაც ბიოინჟინერიით გაცილებით ნაკლებ ფასად და უფრო ეფექტურად შეგვიძლია. თუმცა, ეროვნულ სატყეო სააგენტოს არანაირი კომპეტენცია და დებულება არ აქვს გაწერილი, რომ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის კუთხით რაიმე ღონისძიებას ატარებდეს. რეგიონული განვითარების სამინისტროს არ აქვს კომპეტენცია შევიდეს სხვის ტერიტორიაზე და აღმოფხვრას პრობლემა", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი