ვინ შეიძლება გახდეს თსუ-ს ახალი რექტორი ლადო პაპავას შემდეგ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. არჩევნებში სამი კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე იღებს მონაწილეობას.
რექტორობის კანდიდატები არჩევნებამდე 4 დღის განმავლობაში სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდებოდნენ, რათა მათთვის თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ.
ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი შარვაშიძე, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მონაწილეობის გამო გათავისუფლდა.
კანდიდატს, სტუდენტთა ნაწილის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან, მათი თქმით, თანამდებობაზე ყოფნისას შარვაშიძე განათლების სისტემაში ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა.
უნივერსიტეტის განვითარების თვალსაზრისით შარვაშიძემ საკუთარი შეხედულებები გააჟღერა.
"სახელმწიფომ იმ 21 მიმართულებას უნდა გადახედოს, რომელსაც აფინანსებს. უნდა დააფინანსოს ის მიმართულებები, რომლებიც აუცილებელის განვითარებისთვის. მაგალითთად, ჩვენ გვჭირდება არმენოლოგები, ეს არ არის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულება, მაგრამ სახელმწიფოს მისი არსებობა სჭირდება", - აღნიშნა მან.
შარვაშიძის კონცეფციაში სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნაზეც არის საუბარი.
"ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს ერთნაირი წვდომა იმ სიკეთეებზე, რაც არის საუნივერსიტეტო სივრცეში.
ეს იქნება გრანტები, სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, თუ სხვა. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არც ერთი ჯგუფი, არც მეორე ჯგუფი და არც მესამე ჯგუფი", - განმარტავს კანდიდატი.
რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, მისი კონცეფცია წინა ხელისუფლების იდეოლოგიის კრიტიკით იწყება; რექტორობის კანდიდატი რეჟიმის მმართველობის მავნე შედეგებზე საუბრობს; შესაბამისად, მისი კონცეფციის პირველი და ამოსავალი ნაწილი "სამართლიანობის აღდგენას" ეძღვნება:
პირველ რიგში კონცეფცია უსამართლოდ დათხოვილი პროფესორის სამსახურში აღდგენას, მათ წინაშე ბოდიშის მოხდას და მათ კომპენსირებას ითვალისწინებს. აქვე აღნიშნულია, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს რევანშისტული ხასიათი და აღდგენილ პროფესურასთან ერთად მუშაობა არსებულმა კადრებმაც უნდა გააგრძელონ - ახალ კონკურსებში კი ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა. გიორგი ბარამიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 37 წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა და 2000-2012 წლებში თსუ-ის პროფესორი იყო.
რექტორობის მესამე კანდიდატი ცირა ბარამიძე 2006 წლიდან თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი თსუ-ის ორი მოწვევის წარმომადგენლობით საბჭოს წევრია და 2007 წელს უნივერსიტეტის წესდების შემდგენი კომისიის შემადგენლობაშიც იყო.
ცირა ბარამიძის კონცეფციას რაც შეეხება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, დამოუკიდებლობა, აკადემიურობა, ფუნდამენტურობა და ინოვაციურობა რექტორობის კანდიდატ ცირა ბარამიძისთვის უნივერსიტეტის იდეის მთავარი განმსაზღვრელია.
"უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა", - აღნიშნულია კანდიდატის კონცეპციაში.
"ვარ ინოვაციური პიროვნება, ტოლერანტი, მიყვარს ყველა და ყველაფერი მტრის ჩათვლით. ვარ ლიდერი, პრინციპული, კრიტიკულ შემთხვევაში საქმის ინტერესებს საკუთარ ხასიათსა და ინტერესებზე წინ ვაყენებ და ვიჩენ დიპლომატიურობას, ვარ "მცველი" ბუნებით (დარგის, ადამიანის ღირსების, ქვეყნის). ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამოც დამაბრუნეს (თუ დავბრუნდი) ხელოვნებიდან მეცნიერებაში. ვარ მეცნიერების ორგანიზატორი, მოტივირებული იდეისა და ქმედებისათვის", - წერს საკუთარ თავზე კანდიდატი მისსავე ბლოგზე გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს. სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. რექტორის თანამდებობას ის დაიკავებს, ვინც საბჭორს 36 წევრის მიერ ხმის მიცემის შემდეგ, 19 მათგანის მხარდაჭერას მოიპოვებს.
ვლადიმერ პაპავას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, დარეჯან თვალთვაძე დაახლოებით 5 თვეა ასრულებს.
მარიამ მენაბდიშვილი
Allnews.ge