მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები
საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალები და სამხილები იყო.
ფილმის ავტორებმა, ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ყურადღება საქმეში კანონთან შეუსაბამო გარემოებებსა დასაეჭვო მტკიცებულებებზე გაამახვილეს.
"პროკურატურის მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული," - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.
პირველი, რაც ჟურნალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგდა "ეს-ემ-ეს" მიმოწერაა.
პაპიძემ მეზობელ ქალს, ნანა ტუხაშვილს მისწერა, რომ არ დაეძინა, ერთ საათში დაბრუნდებოდა და თმას შეუღებავდა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ფილმში ნათქვამია, რომ ეს მიმოწერა პროკურატურის ვერსიას, რომ პაპიძეს ამ დროს მეუღლის მკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საყრდენს აცლის, რადგან ამ შემთხვევაში იგი მეზობელ ქალს სიფხიზლისკენ არ მოუწოდებდა.
მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია, რომელზეც გორიდან თბილისში, სავარაუდოდ სახლში დაბრუნების შემდეგ არცერთი ზარი არ განხორციელებულა. ჟურნალისტების თქმით, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და არც მისი მობილური ტელეფონი შეუსწავლია. გარდაცვლილის დედის თქმით, შვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.
მაგდა პაპიძე - გთხოვთ, არ დამტოვოთ ცოცხალი
ფილმის მომდევნო ნაწილში ცხელ კვალზე ხელიდან გაშვებულ მტკიცებულებებზეა საუბარი. ნაჩვენებია დივანი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ადგილად ვარაუდობს, თუმცა, ფილმში მოთხრობილია, რომ დივანი თავდაპირველად არ შესწავლილა და მასზე პანაშვიდის დროს მისული ადამიანები სხდებოდნენ. მისი გახსნა და დათვალიერება კი თვენახევრის შემდეგ მოხდა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნივთი დაუცველი და დულუქავი მეზობელთან ინახებოდა.
ხაზი ესმება მკვლელობის იარაღად მიჩნეულ უროს ფაქტორსაც.
ნივთის სანაგვე ურნაში აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ნივთმტკიცებაზე არსებულ სისხლის ლაქებზე არაფერია ნათქვამი, მსგავსი ფაქტი მხოლო ხელმეორედ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ჩნდება, ასევე უროზე დარტყმის შედეგად დვრილოვანი ხაზები არ წარმოქმნილა, რაც მხოლოდ მისი მოქნევის შედეგად გაჩნდებოდა. ისმება შეკითხვა, თუ პაპიძეს მკვლელობის იარაღზე კვალის დატოვება არ სურდა, რატომ არ იზრუნა ამაზე თავიდანვე, როდესაც ნივთი მაღაზიაში შეიძინა.
ფილმის ავტორები საქმეში არსებულ კანონთან შეუსაბამობებზეც საუბრობენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცებებს ციფრული ფოტოაპარატით იღებდნენ, მათი გადაღების დრო არცერთ ფოტოზე არ არის აღბეჭდილი.
"დრო რომ აღბეჭდილი ყოფილიყო, არ გაჩნდებოდა ნივთმტკიცებების ნიშან-თვისებების შეცვლის ეჭვი," - გაჟღერებულია ფილმში.
ასევე, არ ჩატარებია ექსპერტიზა ნაგვის ყუთში აღმოჩენილ ვიდეოთვალსა და დანაშაულის ადგილზე სისხლიან იატაკზე აღმოჩენილ თმის ბღუჯას. ყურადღება ნაგვის ურნაში აღმოჩენილ პარკებზეცაა გამახვილებული, რომლებიც, ბრალდების მტკიცებით, მაგდა პაპიძემ ჩაყარა, თუმცა ბრალდებულის დნმ ნივთებზე არ აღმოჩნდა, - "რაც გამორიცხავს, რომ მაგდა პაპიძე ამ ნივთებს შეეხო ანუ მან გადაყარა ისინი."
გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის მთელი პერიმეტრის გაჩხრეკა არ მომხდარა.
საუბარია საეჭვო მტკიცებულებებზეც, რომლებსაც გამოძიება სხვა კვალზე უნდა გაეყვანა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ომარ ქაფიაშვილის კუთვნილი ავტომობილია მოხმობილი, რომლითაც იმ დღეს გარდაცვლილი არ გადაადგილებულა, თუმცა მისი პირადი ნივთები, საფულე, პირადობის მოწმობა და პისტოლეტი (რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ესაჭიროებოდა და კანონით მუდამ თან უნდა ჰქონოდა) მის სათავსოში აღმოჩნდა. იარაღზე რამდენიმე ადამიანის დნმ-ია, თუმცა არა მაგდა პაპიძის, მათი ექსპერტიზა კი არ ჩატარებულა.
აღსანიშნავია, რომ იარაღიდან გასროლა იყო შესრულებული.
ავტორები ქაფიაშვილის საქმიანობას ხაზს აქტიურად უსვამენ. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი სპეცრაზმის მესამე ოცეულის წევრი იყო, რომელიც სავარაუდოდ "ლაფანყურის ოპერაციაში" მონაწილეობდა, რის შემდეგაც მას სტატუსი შეუცვალეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა აზრით, პროკურატურა გარდაცვლილის საქმიანობით უნდა დაინტერესებულიყო და გაერკვია, მისი სიკვდილი წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდა თუ არა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც ეჭვი გამოიწვია, ქაფიაშვილის საფულეში აღმოჩენილი ფურცელია, რომელზეც ტელეფონის ნომრები, მის გასწვრივ თანხის რაოდენობა და სიტყვა "კარგია" ეწერა.
ქაფიაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, "გამომძიებელი რეპორტიორის" აზრით, არა დერეფანში თრევის დროს, არამედ სიცოცხლეში აქვს მიყენებული. ჟურნალისტები ქაფიაშვილის გარდაცვალების დროითაც დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ის 02:30 წუთზე გარდაიცვალა.
"გამოძიებამ განაცხადა, რომ პაპიძემ მანქანაში გვამი ბუნებრივი გაშეშების გამო ვერ მოათავსა, ეს კი მეზობლების ჩვენებით დაახლებით ღამის სამ საათზე ხდებოდა. ანუ, თუ გვამი სამ საათზე გაშეშებული იყო, ბიოლოგიური სიკვდილი დაახლოებით, ორი საათით ადრე მაინც უნდა დამდგარიყო, ღამის პირველ საათზე მაინც. თუ პირველ საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დამდგარი იყო, მაშინ სამ საათზე გვამის თრევით გამოყვანის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი ვეღარ იქნებოდა," - ნათვამია ფილმში.
გვამის დერეფანში გამოთრევა, როგორც ჟურნალისტების მიერაა ახსნილი, ოთახიდან არ მომხდარა, რადგან სისხლის კვალი ბინიდან მხოლო 6,5 მეტრზე აღმოაჩინეს, თუმცა გამოძიება არც ამ დეტალით დაინტერესებულა.
ფილმის ავტორების თქმით, მისი მომზადება მაგდა პაპიძის უდანაშაულობის დამტკიცებას ან რაიმე მსგავს მიზანს არ ემსახურება, მიზანი საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე პასუხების პოვნაა.