"პროფკავშირების" ინიციატივით, უმუშევრებს ყოველთვიური ანაზღაურება უნდა დაენიშნოთ
"საქართველოს პროფესიულმა კავშირებმა" ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა, რომ პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, პენსიის ან საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა გადაუხადონ - ამის შესახებ Allnews.ge-ს "პროფკავშირების" თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ვინც სამსახურიდან კომპანიის დახურვის, გაკოტრების, რეორგანიზაციის ან მსგავსი ფაქტის გამო გათავისუფლდა და მუშაობის სურვილი აქვს, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ამაში ხელს არ უწყობს, ყოველთვიურად უნდა ეძლეოდეს გარკვეული თანხა.
"ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გადასახადებს იხდიდა და უმუშევარი დარჩა, შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული, მის დასახმარებლად კი ბიუჯეტში ერთი ლარიც არაა გაწერილი. სახელმწიფო ამ ადამიანებისთვის აბსოლუტურად არაფერს არ ითვალისწინებს, რადგან მიაჩნია, რომ სოციალური პრობლემები მათ თავად უნდა დაირეგულირონ. ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, უმუშევრობის შემწეობა არის გათვალისწინებული,"-განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა "პროფკავშირების" თავმჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.
მარიამ მენაბდიშვილი