რას სთავაზობენ ბავშვებს თბილისის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო ბაღები
საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება, შესაბამისად, მშობლები სასურველი მათგანის შერჩევას მალე შეუდგებიან. ზოგიერთი მშობელი კი პირობებისა თუ სამუშაო საათების გამო, უპირატესობას კერძო ბაღს ანიჭებს.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რას გთავაზობთ, თბილისში არსებული ცნობილი კერძო ბაღები, რათა არჩევანის გაკეთება უფრო მეტად გაგიადვილდეთ.
"ევროპული ბაღი"
ბაღში სწავლა 08:30 საათიდან 19:30 საათამდე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მიმდინარეობს. ამ პერიოდში ბავშვებს ოთხჯერადი კვება აქვთ, რომელიც ადმინისტრაციის განმარტებით, მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება.
"მშობლებს ბავშვების ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის წრეზე შეყვანა შეუძლიათ. ჯგუფებს ვასწავლით პროგრამა Stem-ითაც, რომელიც რობოტიკის ძირითადი საფუძვლების შესავლას გულისხმობს. ასაკის მიხედვით, თითოეული ჯგუფისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გვაქვს შემუშავებული, " - განმარტავენ "ევროპულ ბაღში" და დასძენენ, რომ მოსწავლეების მიღება 2 წლიდან იწყება, ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა კი 15-ს შეადგენს.
სწავლის საფასური თვეში 350 ლარს შეადგენს.
ბრიტანულ-ქართული საბავშვრო ბაღი - ABC
ბაღში ბავშვების მიღება დილის 08:30 საათზე იწყება, სამუშაო პროცესი კი 19:30 საათზე სრულდება. ბავშვებს დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებსაც ასწავლიან. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, კვირაში ერთხელ სასწავლო პროცესში უცხოელი კოორდინატორიც ერთვება.
ბაღში ბავშვის მიყვანის შემთხვევაში ყოველთვიურად 350 ლარს გადაიხდით. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ბრიტანულ-ქართულ ბაღში ბალეტის, ცურვისა და სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს, ასწავლიან ჭადრაკს. ამასთან, ბავშვებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალებას აძლევენ. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, ის 10-დან იწყება და დაახლოებით, 20-მდე მერყეობს, აღსაზრდელებს კი 8 თვიდან იღებენ.
ბრიტანულ-ქართული საბავშვრო ბაღში ივლისის თვეში ფუნქციონირებს საზაფხულო ბაღიც, რომლის ღირებულებაც დღეში 16 ლარს შეადგენს, ბავშვის მიყვანა და დატოვება კი იმდენი ხნით შეგიძლიათ, რამდენიც გსურთ.
ქართულ-ამერიკული ბაღი "გენიოსი"
"გენიოსში" ყოველთვიური გადასახადი 700 ლარს შეადგენს, სწავლა 08:30 საათზე იწყება და 19:30 საათამდე გრძელდება. ადმინისტრაციის თქმით, "გენიოსი" დიდ ყურადღებას აქცევს ბაშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და ინტელექტუალურ განვითარებას. საბავშვო ბაღი ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებით ფუნქციონირებს.
"რედიქსის" საბავშვო ბაღი
"რედიქსის" ბაღში სწავლის ყოველთვიური გადასახადი 300$-ია. ბაღი 09:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. ბაღში განმარტავენ, რომ პატარებს ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი გარემო დახვდებათ, სასწავლო პროგრამები კი მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებითაა შერჩეული.
ბავშვებს უტარდებათ სიმღერისა და რიტმიკის, ასევე კულინარიის გაკვეთილები. სპეციალური თამაშებით კი წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკური აზროვნების უნარების განვითარება ხდება.
"ნევერლენდი"
ბაღში მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ გაკვეთილებს საკმაოდ დიდი დრო ეთმობა. ბაღში ყოველთვიური საფასურის სახით, 350 ლარის გადახდა მოგიწევთ. "ნევერლენდის" ინფორმაციით, ბავშვებისთვის სკოლამდელი მოსამზადებელი ცენტრი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო და თანამედროვე ინტერიერია, ჯგუფები კი 15-18 ბავშვისგან შედგება.
"ქინდერვილი"
ბაღში სადღეღამისო ჯგუფები ფუნქციონირებს, სწავლა კი დილის 09:00-დან 19:00 საათამდე მიმდინარეობს. გადასახადი სხვადასხვა ასაკის ბავშვების მიყვანის შემთხვევაში, განსხვავებულია: 3,5 წლიდან 7 წლამდე - 230 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო 1,5 წლიდან 3,5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი ბავშვების სწორ ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასა და მშობლებთან მუდმივ თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებულები. ბავშვებისთვის მოტორიკის, მეტყველების განვითარების, სწორი მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბებისა და უცხო ენის საფუძვლების შესწავლაზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში კიდევ არაერთი კერძო ბაღი ფუნქციონირებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენი შვილებისთვის უცხო ენის საფუძვლების სწავლებას გთავაზობთ, შესაბამისად, არჩევანი დიდი და მრავალფეროვანი გაქვთ.
ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი რეგულაციების თანახმად, ბავშვი ბაღში ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა სწავლობდეს, რომ შემდეგ სკოლაში შეიყვანოთ.
მარიამ მენაბდიშვილი