ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ
ყვითელი ავტობუსები MAN-ის ფირმის ავტობუსებით უახლოესი 3 წელში სრულად ჩანაცვლდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჩანაცვლების განხორციელება დონორთა მხარდაჭერით ან შიდა რესურსებით განხორციელდება.
"ჩანაცვლების პირველი ეტაპი, MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსების, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით, შეძენა იყო, რომლებიც ძირითად მიმართულებებზე უკვე გამოჩნდნენ. სრულად ჩანაცვლებას უახლოეს სამ წელიწადში ვგეგმავთ," - განმარტა მან.
გარდა ამისა, ლექვინაძის თქმით, დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მაისში დასრულდება.
"ასეთი მასშტაბური პროექტი თბილისში, ფაქტობრივად 70-იანი წლების მერე არ განხორციელებულა."
377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა, ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და 6 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. თბილისის მერის მოადგილის თქმით, MAN-ის ფირმის ლურჯი ავტობუსები თბილისში სრულად მაისის ბოლოსთვის გამოჩნდება.
მარიამ მენაბდიშვილი