ვინ არიან ტყიბულში დაღუპული მაღაროელები
საქართველოს მაღაროებში უბედური შემთხვევები თითქმის ყოველ წელს ხდება. ძირითადად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასაქმებული პირი სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა.
თუმცა, ვერასდროს ვიგებთ, ეს ადამიანები ვინ, რა ასაკის და რა ოჯახური მდგომარეობის მქონეები არიან. გუშინ საღამოს, ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 4 მაღაროელი 400 მეტრის სიღმეში ჩავარდა და გარდაიცვალა. Allnews.ge მათი ვინაობით დაინტერესდა. ინფორმაცია კომპანია "საქნახშირმა" მოგვაწოდა.
დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭელიშვილი იყო, რომელიც პირველი კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკლის პოზიციაზე მუშაობდა. მაღაროელი კომპანიაში 2006 წლის ივლისში დასაქმდა და თითქმის 11 წლის განმავლობაში მუშაობდა. ალექსანდრე ჭელიშვილს ცოლი და ერთი შვილი დარჩა.
55 წლის გიზო კუბლაშვილი მეორე კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი იყო, რომელიც "საქნახშირში" შედარებით გვიან, 2014 წელს დასაქმდა. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.
უბედური შემთხვევის შედეგად ასევე 56 წლის გიზო გუბელიძეც დაიღუპა, რომელიც საშახტო აწევის უბნის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა. ისიც დაოჯახებული იყო და ორი შვილი ჰყავდა.
57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. ის "საქნახშირში" პირველი კატეგორიის ელექტროზეინკლის პოზიციაზე ასევე 2006 წლიდან მუშაობდა.
უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბაგირი გაწყდა და მეშახტეები შახტაში დაახლოებით, 400 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. ამ დროისთვის მათი ცხედრები შახტიდან ამოყვანილია.
მარიამ მენაბდიშვილი
2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?