როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას | Allnews.Ge

როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას

საპენსიო რეფორმა, რომელიც დასაქმებულის მიერ საკუთარი პენსიის დაგროვებას გულისხმობს, 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში" განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და თავდაპირველ ვარიანტში რამდენიმე შესწორებაც შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, საჯარო განხილვების ფარგლებში გახდება ცნობილი.

კერძო საპენსიო სისტემა "განსაზღვრული შენატანების" პრინციპს დაეფუძნება, რომლის მიხედვითაც შენატანების ოდენობა დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის განაწილდება. სისტემის სამ მონაწილე მხარეს - მთავრობას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ყოველთვიურად შემოსავლის 2-2% დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე შეაქვს, რაც საბოლოო ჯამში, 6% გამოდის. გარდა ამის, საპენსიო ანგარიში შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით გაიზრდება.

Allnews.ge დაინტერესდა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეებით ხასიათდება საპენსიო რეფორმა და კონკრეტულად რატომ არის საჭირო მსგავსი პროექტების განხორციელება, რისთვისაც ეკონომისტებს ვესაუბრეთ.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განმარტებით, კერძო საპენსიო სისტემა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს, რაც სახელწიფოში კაპიტალის მობილიზებისა და ეკონომიკის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში ყოველწლიურად, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ლარის მობილიზება მოხდება, რომელიც შიდა საინვესტიციო პროექტებში აკუმულირდება.

"საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება უზრუნველყოფილი სიბერის გარანტიაა, რადგან ახლა ძალიან მცირე სოციალური პენსია გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი თანხით, ისეთი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ, რომლებიც სამუშაო ადგილებსა და ეროვნულ პროდუქტს ქმნის და უფრო მეტ საპენსიო შენატანს ასტიმულირებს," - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ან, მათ ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, მიხეილ დუნდუას თქმით, მათი პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს ეკონომისტი დავით ასლანიშვილი, მისი თქმით, საქართველოში მისი დანერგვა გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან კერძო პირების მიერ დაგროვებისთვის შეტანილი თანხა, კომერციული ბანკებისთვის დიდ შემოსავალს შექმნის, რომლის განკარგვასთან დაკავშირებითაც, მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს.

"საქართველოს დაახლოებით, 11 მილიარდიანი ბიუჯეტიდან, 3 მილიარდ 700 000 ლარი სოციალურ ღონისძიებებზე იხარჯება. როდესაც დღევანდელი მოდელით, ადამიანი პენსიაზე გადის, მას ფაქტობრივად, მოჭრილი ხელფასის სახით ერიცხება თანხა და თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა, ბიუჯეტის დანახარჯებიც გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს საბჭოთა გადმონაშთი, რასაც ბიუჯეტიდან სოციალური პენსიების გაცემა ჰქვია, არ გვხვდება. ჩვენი პრობლემა დგას არა იმაში, რამდენ პროცენტს გადარიცხავს ადამიანი კონკრეტულ საპენსიო ფონდში, არამედ პრობლემა ამ საპენსიო ფონდის სქემასა და აქტივების მართვის კომპანიაშია.

არავინ იცის, კომერციული ბანკები მილიარდობით თანხებს რაში დახარჯავენ

გამოსავალი ინფრასტურქტურის მოწესრიგებაა, რაც საფონდო ბაზრების გახსნილობას გულისხმობს, რათა კომერციულ ბანკებსა და მათ მიერ აფილირებულ კომპანიებს, სახელმწიფომ ამ რეფორმით უბრალოდ საჩუქარი არ გაუკეთოს," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ რეფორმის განხორციელებაში "საქართველოს ეროვნული ბანკის" როლიც უნდა შემცირდეს, რადგან შემოსავლის მიღების ცდუნება მათი მხრიდანაც მაღალია.

აღსანიშნავია, რომ თუ კერძო საპენსიო სისტემაში ჩართული პირი დაგროვილი თანხის გამოყენებას გარდაცვალების შემთხვევაში ვერ შეძლებს, მისი კაპიტალი მემკვიდრეებს გადაეცემა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

ფოტო: ბელა თაბუაშვილი