რამ შეიძლება გააბრაზოს ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი? - ბლიცინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან
"არ მინდა ცხოვრება თავიდან იწყებოდეს, მომწონს სადაც ვარ და სიხარულით შევხვდები ყველაფერს, რაც მელოდება," - აღნიშნა საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ "პალიტრა ნიუსისთვის" მიცემულ ბლიცინტერვიუში.
პროფესიით მხატვარი და მსახიობი მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ თავისუფლება მისთვის მთავარი ღირებულებაა, რომელსაც გაფრთხილება უნდა.
"თავისუფლება ჩემთვის ღმერთის საჩუქარია, რომელსაც ის ყველა ადამიანს დაბადებიდან ჩუქნის, ამიტომ ყველა თავისუფალია,"-აღნიშნავს მაკა და დასძენს, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მნიშვნელოვანია.
"ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე.
ადრე არასდროს არ მქონია ეს განცდა, ვფიქრობ, რომ ბევრი შვილი კარგი იქნებოდა, მაგალითად, ათი. იღბლიანი ვარ, რომ შვილები მყავს, ოჯახი, რომელიც მიყვარს და მახარებს, ვხედავ ყოველდღე მზე როგორ ამოდის და ჩემზე ძალიან მოქმედებს ყველაფერი ის, რაც ბუნებრივად ხდება, მაგალითად, ჩიტები როგორ ჟღურტულებენ. ჩემი აზრით, იღბლიანი ვარ," - დასძინა მაკა ჩიჩუამ ბლიცინტერვიუს დროს.
რამ შეიძლება გააბრაზოს ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი? - ეს თავხედობა, ცილისწამება, სისასტიკე და დაუნდობლობაა. "შეიძლება რაღაცაზე უცებ გაბრაზდე და მალევე დაგავიწყდეს, რაც ალბათ უფრო იმ მომენტისთვის ხდება, მაგრამ არის უფრო ღრმა საკითხები, როდესაც შეიძლება სიბრაზემ იმატოს," - განმარტავს მაკა ჩიჩუა.
"როცა მაქებენ, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და არ ვიცი, რა რეაქცია მქონდეს"
პირველ ლედის განმარტოება ძალიან უყვარს და მიიჩნევს, რომ სახლი სწორედ ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლია, განიტვირთო და თავი შეაფარო. მაკა ჩიჩუას სტიმულს აძლევენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სირთულის მიუხედავად, პოზიტიურ განწყობას მაინც ინარჩუნებენ.
"სტიმულს მაძლევენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირი პრობლემის მიუხედავად, ხალისიანები არიან. მათ აქვთ რაღაც ძალა, რომელსაც ასხივებენ და ძალიან გადამდებია."
მაკას თქმით, ის ყველაზე ხშირად მომავალზე ფიქრობს, "ჩაციკლული არაფერზე არ ვარ, თუმცა, ჩემი ქვეყნის მომავალი მაღელვებს, ასევე პლანეტაზე რა მოხდება. ეს არის ძირითადად, რაზეც ვფიქრობ."
"10 წელიწადში რა მოხდება და როგორი ვიქნები არ ვიცი, იმიტომ რომ ყველა წამი მოულოდნელია და სულ რაღაცებს გვიმზადებს. მოხუცი ალბათ ისეთივე ვიქნები, როგორიც ახლა ვარ, იმიტომ რომ ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, მოზარდიც, მერე ქალობაშიც ასეთი შევედი და არ მგონია, მოხუცი სხვანაირი გავხდე, საყვარელი მოხუცი ვიქნები," - აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.
"მე და პოლიტიკა ვმეგობრობთ, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სხვა გზა არ არის," - დასძენს ის.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წელს დაქორწინდნენ, მათ საერთო შვილი, თემო ჰყავთ, რომელიც 2015 წლის 2 თებერვალს შეეძინათ. მაკას პირველი შვილი, მაშო, მუსიკოს, დიმა დადიანისგან ჰყავს.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დუშეთში ცხოვრობენ.