ინფორმაცია დამსვენებლებისთვის - რომელია შავი ზღვის ყველაზე სუფთა სანაპირო
ბათუმის სანაპირო ზოლის სიახლოვეს თუ ჩაყვინთავთ არ გაგიკვირდეთ, რომ თავზე პოლიეთილენის პარკით დამშვენებულმა ამოყვინთოთ. სწორედ ეს არის იმ მასშტაბური დაბინძურების შედეგი, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლში მოცემული მომენტისთვისაც კი შეიძლება შეგვხვდეს.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო მაჩიტიძე გვეუბნება, საზღვაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, პლაჟების მოწესრიგებას ცდილობენ, მაგრამ დაბინძურების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ნარჩენებთან გამკლავება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.
ერთი წლის წინ ჩატარდა საერთაშორისო ექსპედიცია, სადაც კომპლექსურად იყო შესწავლილი შავი ზღვის, როგორც ქიმიური ასევე ბიოლოგიური პარამეტრები. შესწავლილი იყო წყალიც, ფსკერული ნალექებიც და ცოცხალი სამყაროც.
"პლაჟებზე ნარჩენების თვალსაზრისით, ნამდვილად მძიმე ვითარებაა", - აღნიშნავს Allnews.ge-სთან საუბარში ნინო მაჩიტიძე და განმარტავს, რომ ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს- ზღვაში ჩამდინარე მდინარეები და მოსახლეობის დაუდევრობა.
"მდინარეების ხეობებიდან, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი რაოდენობის ნარჩენი ხვდება ზღვაში
შემდეგ ის ირიყება ნაპირზე - ეს დაბინძურების პირველი წყაროა, მეორე იმ ადამიანების დაუდევრობაა, რომლებიც პლაჟებზე ნაგავს ტოვებენ. აქ ყველაზე ხშირად გვხვდება მუნიციპალური ნარჩენი. ნარჩენები, რომლებიც დაკავშირებულია მეთევზეობასთან, ან წარმოებასთან, მრეწველობასთან, თუნდაც კვების მრეწველობასთან, სანაპიროზე და ზღვაში თითქმის არ გვხვდება. დაბინძურების დიდი წილი მოდის საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე, რომლებსაც მოსახლეობა ყრის მდინარის ხეობაში, რომლებიც ირეცხება ნაგავსაყრელებიდან, ჩადის ზღვაში და შემდეგ ამოიყრება პლაჟზე.
სამედიცინო ნარჩენებიც ალიან დიდი რაოდენობით გვხდებ ა- შპრიცები, ბოთლები, წამლის ფირფიტები, გადასხმის სისტემაც კი.
ძირითადი წყარო, მდინარეების ხეობები და სტიქიური ნაგავსაყრელებია, რომლებიც არის სოფლებშიც და დიდი ქალაქების მახლობლად", - ამბობს მაჩიტიძე.
გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზღვის სანაპიროს ნავთობით დაბინძურებაზეც გვესაუბრა და დაბინძურების სავარაუდო წყაროებიც დაგვისახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი ბათუმის ძველი ნავთობტერმინალია, მეორე კი სუფსის ხეობაში არსებული ველი ტერმინალია. ნინო მაჩიტიძე პოტენციურ დამაბინძურებლებად ნავთობის მიტოვებულ ჭაბურღილებსაც მიიჩნევს.
"ჩვენ რამდენიმე მდინარის ხეობაში მიტოვებული ჭაბურღილებიც გვაქვს, ისინი წყლით რომ ივსება ნავთობი ზემოთ ამოდის და გუბეები დგება, როდესაც ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა ნივთიერება შეიძლება ზღვაში აღმოჩნდეს", - განმარტავს ნინო მაჩიტიძე.
ზღვის სანაპირო ზოლში მყარი ნარჩენების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, Allnews.ge წყლის სისუფთავითა და უსაფრთხოების მაჩვენებლებით დაინტერესდა.
როგორც გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარი პაპონიძემ განგვიმარტა, ამ მხრივ ყველაზე კარგი მაჩვენებლები გონიოში, კვარიათში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე დაფიქსირდა. საშუალო მაჩვენებელია ბათუმსა და ქობულეთში.
"უსაფრთხოა იმდენად, რამდენადაც არსებული მონაცემები, საბანაო წყლის ხარისხის ნორმის ფარგლებშია. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში დავდივართ ნიმუშებს ვიღებთ და ლაბორატორიულ კვლევებს ვატარებთ. ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგად, რომელიც ტარდება ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებზე, კოლინდექსზე, ფეკალურ სტრეფტოკოკებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკებზე, პათოგენებზე..." - აღნიშნა ნუგზარ პაპონიძემ.
თუმცა, წყლის ტემპერატურის ცვლილებასა და მის მატებასთან ერთად, ამ დროისთვის ნორმის ფარგლებში არსებული მონაცემებიც შეიძლება შეიცვალოს. პაპონიძის თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია და რაიმე მკვეთრ ცვლილებას არ ელიან, თუმცა შეიძლება თუ არა რომ ამ უმნიშვნელო ცვლილების შედეგად წყლის სისუფთავის მაჩვენებელი უსაფრთხოების ფარგლებს გასცდეს პასუხი უცნობია.
"ტემპერატურა როცა იცვლება, წყალი თბება და იქ სხვა პროცესები იწყებს ამოქმედებას, განსაკუთრებით ეს ზღვის წყალს ეხება, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით".
ზღვის წყლის დაბინძურების მთავარ წყაროებზე საუბრისას პაპონიძემაც მდინარეები და მდინარეების ხეობები დაასახელა, მთავარ დამბინძურებლად მდინარე ჭოროხი გამოყო.