"საკუთარ მიწა-წყალზე რომ გდევნიან, როგორ გინდა აიტანო? მაგრამ ვიტანთ - ადგილობრივები თუ დავსუსტდებით, კიდევ უფრო გაჭირდება ტერიტორიების დაცვა"
გადმოწეული "საზღვრები", მავთულხლართები, "სახელმწიფო საზღვრის" აღმნიშვნელი ბოძები და აბრები - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სხვა სოფლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცოცავ ოკუპაციას განიცდის. 200, 500, 1500, 2000 და ასე დაუსრულებლად... დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზი ყოველ წლიურად სხვადასხვა მანძილით აქეთ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ იწევს. ასეულობით მეტრით გაზრდილ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიმდინარე წლის ივლისში, კიდევ 3 ახალი რუსული ბანერი და 700 მეტრი მიწა დაემატა.
სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებელი ამჯერად, გია ხოდელის ქერის ბაღში დაამონტაჟეს. ოჯახში ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მათი ნაკვეთი ე.წ. საზღვრის იქით მოჰყვა და მიწის ნაკვეთთან ერთად, ასაღები მოსავალიც დაკარგეს.
"ნაკვეთში მოსავალს ვიღებდით, მუშები გვყავდა დაქირავებული. ერთ-ერთი მუშა თავის მანქანასთან ერთად, ნაკვეთიდანვე წაიყვანეს, 1 კვირა ცხინვალის იზოლატორში დატოვეს და თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. მეორე წელს ნაკვეთის მოხვნაღა მოვასწარით, დათესვა-მოყვანის უფლება აღარ მოგვცეს, შემოგვითვალეს, ტყუილად ნუ ირჯებითო და ბანერი დაამონტაჟეს. წელს სხვა ნაკვეთი დავამუშავეთ, მაგრამ აქაც ახალი ნიშანი დააყენეს,"- ამბობს ხათუნა მაისურაძე.
სოფელში შიშობენ, რომ თუ პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, ბანერი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდება და შემოსავლის ერთადერთ წყაროსთან ერთად, მიწებსაც სრულად დაკარგავენ. ადგილობრივების მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ბანკის ვალებით აწარმოებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ოკუპაციის პირობებში მოსავლის მოყვანაში ჩადებული თანხა უმეტესად ზარალად რჩება:
"ნაკვეთის დამუშავება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ოჯახები ბანკიდან ვალს იღებენ, რომ ისევ მოსავლის მოყვანას დაახარჯონ, მაგრამ ზოგჯერ დანახარჯი უბრალო ზარალად რჩება, რადგან როდის სად გადმოწევენ ბანერს, არავინ იცის;
შეიძლება, გაიღვიძო და უკვე ასაღებად გამზადებული მოსავალი შენ აღარ გეკუთვნოდეს"
ამბობს მეგი ბიძინაშვილი. სოფელში მესაქონლეობას ოჯახების მცირე ნაწილიღა მიჰყვება. ადგილობრივები აღნიშნულსაც ოკუპაციით ხსნიან, რადგან საძოვრები, სადაც აქამდე საქონელი დაჰყავდათ, გამყოფ ხაზს მიღმა დარჩა.
მასპინძლები ამბობენ, რომ "საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში ცხოვრება რთული და სახიფათოა", რადგან ხშირია ადგილობრივების გატაცება. მოსახლეობის თქმით, რუსი და ოსი მესაზღვრეები მათ მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლთან მუდმივად პატრულირებენ და ხალხს აფრთხილებენ, "საზღვარს 100 მეტრზე მეტად არ მიუახლოვდნდენ"; წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელის მოხდა "საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით"ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ.
საქმე ის არის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან რუსმა მესაზღვრეებმა "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ადგილობრივების დაკავება დაიწყეს და მათ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ჯარიმის სახით 3000-მდე რუბლის გადახდისას ათავისუფლებენ.
ოკუპაციამ და მისგან გამოწვეულმა სოციალური პირობების გაუარესებამ სოფლიდან მოსახლეობის გადინების ტენდენციაც წარმოშვა. სოფლიდან ქალაქში, იქ სადაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები ეგულებათ, ძირითადად ახალგაზრდობა მიდის.
"წელს სკოლაში ბერშუეთიდან მხოლოდ ერთი მოსწავლე მივიდა, დანარჩენი გვერდითა სოფლის ბავშვები იყვნენო"
ამბობს ადგილობრივი სოფო ყუმბულაშვილი. სოფელში ყოფითი პრობლემებიც მრავლად აწუხებთ, მაგრამ ზემოხსენებულ ტენდენციასაც ისევ ოკუპაციით ხსნიან და ამბობენ, რომ არა საოკუპაციო გამყოფი ხაზი, მოსახლეობა სოფელს არ დატოვებდა. აქაურები სოციალურ პრობლემებზე საუბრისგან თავს იკავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ "იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, სოციალურ პრობლემებზე მნიშვნელოვანი თავად ოკუპაციაა. სიმდიდრე და სიღარიბე უკვე თავად ადამიანის ხელშია,"- ამბობს ხათუნა მაისურაძე.
ოკუპაცია მოუგვარებელ პრობლემად რომ კიდევ დიდხანს დარჩება, ბერშუეთში კარგად იციან. იმასაც შიშობენ, რომ სოფლეში ე.წ. საზღვრი უკანასკნელად არ გადმოწეულა და დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. თავის მხრივ, დახმარების პირობას მთავრობაც იძლევა, თუმცა, რა ფორმითა და გზით, ჯერჯერობით უცნობია.
ელზა ელბაქიძე