"რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო" - გავრცელდა სპეცრაზმელების სია: ვინ როგორ ეხმაურება ფაქტს
ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!,“ - წერს ზურაბიშვილი.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რომ სიის გასაჯაროება მავნებლობაა."ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაც ტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა რამდენი "ფეიკი" აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო…რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ!.. ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას… საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა რუსულს ვერ მოაშორებ პირიდან" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.
სპეცრაზმელების სიის გასაჯაროების თემას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი:
"კაცი, რომელიც ასე გამეტებით უსწორდება ახალგაზრდებს, გარე მტერთან სამშობლოსთვის არასდროს იომებს, რადგან სწორედ მისი მსხვერპლია დღეს ამ ბავშვებში განსხეულებული სამშობლო და მისი მომავალი. ასე რომ, სიის გასაჯაროებაზე მაინც და მაინც ნუ იდარდებენ ფსევდო-მორალისტები…მათი სასჯელი სწორედაც რომ სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა…" - წერს ხუხაშვილი.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს:
"ხოდა ეს იმას ადასტურებს, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაფხუტს მიღმა ადამიანები არიან, განიცდიან, სტკივათ, უყვართ. ჯგუფი, რომელსაც ყველაზე საშინელი ბრძანების შესრულებაც შეუძლია, მცირერიცხოვანია. სულ უნდა გვახსოვდეს, არასდროს დაგვაბრმაოს ბრაზმა ისე, რომ ერთმანეთის დეჰუმანიზებამდე მივიდეთ და ერთმანეთის ტკივილს ვეღარ ვგრძნობდეთ. "სხვისი" დეჰუმანიზება გარდა იმისა, რომ ადამიანობას გვაკარგვინებს, თოჯინებად გვხდის ძალაუფლებისგან გაყოყოჩებულთა ხელში. სანამ ერთმანეთს ვტკენთ, "მბრძანებლები" ტელევიზორებთან თბილად მოკალათებულები იცინიან და სიამოვნებას განიცდიან. მათთვის სულერთია, რომელ "მხარეს" ვინ დაშავდება, მთავარია, რომ სათამაშო პულტი უჭირავთ.
ქართველებს შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა აზრი, ეს ბუნებრივია და უბედურებაც იქნებოდა, ყველა რომ ზომბებივით ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ სხვადასხვა აზრი არასდროს უნდა გახდეს სხვადასხვა "მხარედ" ყოფნის საბაბი. ერთი ქვეყანა გვაქვს, საერთო მომავალი და ამასაც თვითონ უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ჯერ არ გვეღირსა მთავრობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს თანაბრად გაგვიფრთხილდებოდა. პატივისცემა მათ, ვინც ადამიანების ინტენსიურ მოწამვლაზე და დასახიჩრებაზე თქვა უარი. ვფიქრობ, მათი რიცხვი გაიზრდება".
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" სპეცრაზმელების და მათი ხელმძღვანელების სია გაავრცელა.