"სამწუხაროდ, სპეცრაზმელების სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი... მასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის ვიდეომიმართვა
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დამრბევი სპეცრაზმელების სიაში საკუთარი ძმა აღმოაჩინა.
ნაზღაიძის თქმით, წლებია რაც ძმასთან ოჯახს კავშირი არ აქვს. იცოდა, რომ დედმამიშვილი პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ ძმის სახელისა და გვარის ნახვა ამ სიაში მაინც მოულოდნელი იყო- გუშინ, გამოქვეყნდა სპეცრაზმელების სია და ჩემდა სამწუხაროდ ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი და გვარი. მე ამ ძმასთან სხვადასხვა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა პოლიციაში რომ მუშაობდა ვიცოდი.
გული მწყდება და კიდევ ერთხელ ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ დგას იმ მხარეს სადაც არის დიქტატორი, ხალხის დარბევა, სადაც ახალგაზრდებს უმახინჯებენ ცხოვრებას.
თუმცა, მე ვდგავარ იმ მხარეს, სადაც არის თავისუფალი საქართველო, სადაც ვდგავართ ჩვენ. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელობა არ აქვს იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ არა. ჩემი ძმა იქნება თუ ჩემი ოჯახის სხვა ნებისმიერი წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს. უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები და მათზე ინფორმაცია. უბრალოდ, მე დღემდე არ მეგონა, რომ ჩემი ძმა იქნებოდა იმ სიაში. ძალიან გული მწყდება.
ერთი რამ იცოდეთ, ამ ბრძოლას აქვს ძალიან ცოტა დარჩენილი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ციხე გატყდა შიგნიდან. ყველას მოგიწოდებთ, ყველა გამოდით, ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. თქვით, რომ იმას იცნობთ და ის თქვენი ოჯახის წევრია.კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ჩემი ძმის მაგივრად და ჩვენ ამ ბრძოლას ძალიან მალე მოვიგებთ,. გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გამოქვეყნდა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ბოლო დღეებში განმავლობაში აქციის მონაწილეებს არბევდა. გავრცელებული ინფორმაციით, მედიას სია შსს-დან ფარულად მიაწოდეს.