რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში
ვაშლის დარიგების კამპანია, გაზიანი სასმელების აკრძალვა სკოლის ბუფეტში და სამაგიდო თამაშები, - ეს არის სიახლეები, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში ელით. სექტემბრიდან დაგეგმილ სიახლეებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გასულ კვირას გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანა იგეგმება.
"სამაგიდო თამაშები არის სიახლე, რომელიც ამ სასწავლო წელს მოსწავლეებს სკოლაში დახვდებათ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა თამაშების მწარმოებლებთან. ჩვენი სურვილია, დაწყებით კლასებში, სამაგიდო თამაშების გამოყენება სწავლებაში უფრო მაღალი იყოს. ამ მიმართულებით მსოფლიოში ძალიან დიდი გამოცდილებაა. ყველანაირი თამაშია - ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები. ჯერჯერობით ამას საპილოტე სახე ექნება. ბუნებრივია 2000-ვე სკოლაში ერთბაშად ვერ გაჩნდება, თუმცა ჩვენი სურვილია ყოველწლიურად სამაგიდო თამაშების ნაკრები სკოლაში განახლდეს და ბავშვებს ჰქონდეს საშუალება მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა იქნება, თამაშ-თამაშით ისწავლონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
რაც შეეხება ვაშლის დარიგების კამპანიას, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ვაშლის დარიგება შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.
კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.
"რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.
თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000-60 000 იქნება.
გარდა ამისა, სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც ჯეჯელავამ დღეს გამართულ განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.
მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
"ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.