ბათუმელი ბიჭი, რომელმაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 80 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა
18 წლის ბათუმელმა ბიჭმა, დავით ჯინჭარაძემ ბევრი სტუდენტისთვის საოცნებო, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში წელიწადში 80 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი აბუ-დაბიში მდებარეობს.
უნივერსიტეტში მოსახვედრად დავით ჯინჭარაძემ რთული გზა გაიარა, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწია, 22 აგვისტოს აბუ-დაბიში ჩავა, 3 სექტემბერს კი უკვე სასწავლო პროცესში ჩაერთვება და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებას შეისწავლის. დავითი ჯერჯერობით ბათუმის 21-ე გიმნაზიის მოსწავლეა, რომელსაც მიმდინარე წელს დაამთავრებს.
"როდესაც შევიტყეთ, რომ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, მე და ჩემს მშობლებს ძალიან გაგვიკვირდა. ვერც დედაჩემმა და ვერც ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იმ ღამესვე ვერ გააანალიზეს, რა მოხდა. ორი დღე დასჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ მართლა მივდიოდი, თანხა გადასახდელი არ მექნებოდა და მქონდა ასე ვთქვათ 100 000-ობით დოლარის შეღავათი, როდესაც საქართველოში განათლების მისაღებად თანხის გადახდა მოუწევდათ. მომენტებში ჩემი თავის ნაკლებად მჯეროდა, რადგან ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი 3%-ია, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტში 6%-ს შეადგენს. ჩემს მშობლებს კი თავიდანვე სჯეროდათ, რომ ასეთ პროექტებში ჩართვა თავიდანვე უნდა მეცადა," - აღნიშნა დავითმა Allnews.ge-სთან საუბარში.
დავით ჯინჭარაძემ უნივერსიტეტში მისაღებად საკუთარი მონაცემები გაგზავნა, შემდეგ გასაუბრებაზე დაიბარეს, თუმცა, უამინდობის გამო როგორც აეროპორტში, ისე მატარებლით მგზავრობისას შეფერხდა, ნერვიულობდა, რომ აბუ-დაბიში ჩასვლას ვერ მოახერხებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა პრობლემა მოგვარდა, - "აეროპორტში მისვლის შემდეგ ადმინისტრაციის შეცდომის გამო ლამის სხვა ქალაქის თვითმფრინავში ჩავჯექი, საბოლოოდ კი გასაუბრებას მივუსწარი," - იხსენებს დავითი.
გასაუბრების პროცესი სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებული იყო. დავითის თქმით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყურადღებას მხოლოდ ტესტირების შედეგებსა და აკადემიურ მოსწრებას არ აქცევს, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და უნარები.
"გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი გლობალურ პერსპექტივაზეა გათვლილი, ანუ ცდილობენ, 15%-ის გარდა, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიწვიონ. გარდა ამისა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მსოფლიოს არაერთ წერტილში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს, ეთიოპიაში, ნეპალში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და აღნიშნული მარშრუტები იმის მიხედვით არის გათვლილი, რა მიმართულებაზე სწავლობ. თავიდან ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლას საერთოდ არ ვგეგმავდი, განათლების მიღება უფრო ევროპაში მინდოდა, თუმცა, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია Education USA-ში მომცეს ბროშურა, სადაც ამ უნივრსიტეტის შესახებ ეწერა, საბოლოოდ კი ცხელ ქალაქ აბუ-დაბიში აღმოვჩნდი და 10 000 აპლიკანტიდან 150-ს შორის შემარჩიეს" - აღნიშნავს დავით.
18 წლის ბათუმელი ბიჭი აშშ-ში აქამდე, ერთი წლის განმავლობაში FLEX-ის პროგრამით იმყოფებოდა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწონება შეიძლება, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან გულღია და უშუალო ურთიერთობამ და მისმა საკომუნიკაციო უნარებმა დაიმსახურა.
"გასაუბრებაზე მკითხეს, რადგანაც ჩემი ქვეყნის განათლების სისტემაში ამდენი პრობლემა იყო, 20 წელიწადში მაინც თუ შევძლებდი, რომ საქართველოში ისეთი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გამეხსნა, როგორიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტია. მე ვუპასუხე, რომ თუ შესაბამისი განათლება მექნება, პირველ რიგში მე ვიქნები მომხრე, რომ ჩემს ქვეყანაში მსგავსი დაწესებულება დაარსდეს," - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, აშშ-ში სწავლასთან ერთად გამოცდილების მიღება ჟურნალისტიკაშიც მოასწრო და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ ერთ-ერთ პროექტში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც სიუჟტებს ამზადებდა.
სურს, რომ აბუ-დაბიში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდეს და თავისი ცოდნა ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს, - "როგორც მოვძებნე, ამ უნივერსიტეტში ქართველებს უსწავლიათ, თუმცა ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, "ვიკიპედიაში" უწერია, რომ რუსი დიზაინერია, არ მინდა, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყოს,“ - აღნიშნავს დავითი.
გეგმაში აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება მიიღოს.
"თუ მედიის მიმართულებით წავალ, მინდა, რომ სამუშაო გამოცდილება CNN-ში მივიღო. საკმარისი გამოცდილების შემდეგ კი ჩემი საბოლოო წერტილი საქართველო იქნება, სადაც მინდა, რომ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ვიმუშაო, რადგან როდესაც ვხედავ, სხვა ქვეყნები რა პოზიციებზე დგანან და რა პოზიციაზე დგას საქართველო, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო დიდ ადგილზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. თუკი შემეძლება, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ოდნავ მაინც დავეხმარო, რათა არათუ საკუთარი პრობლემები მოაგვაროს, არამედ ზოგადად, რეგიონში გახდეს ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და სოციალური კუთხით სამაგალითო იქნება, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება," - აღნიშნავს ის.
დავითს საკუთარი ინგლისურენოვანი ბლოგიც აქვს, რომელზეც მოგზაურობის შესახებ წერს, სამომავლოდ კი გეგმავს, მასალები საქართველოს შესახებ გამოაქვეყნოს და უცხოელებს საქართველოს ისტორია და კულტურა გააცნოს.