ფრაზები, რომლებიც არასოდეს უნდა თქვათ გასაუბრებაზე
გასაუბრებაზე ეცადეთ რომ თქვენ მიერ ნათქვემი ყველა სიტყვა ყურადღებით შეარჩიოთ - გვირჩევს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი დასაქმების საიტი Glassdoor-ი.
ნებისმიერი ინტერაქცია პოტენციურ დამსაქმებელთან უნდა იყოს არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ უნდა აჩვენოს, რომ მიზანმიმართულად და დაფიქრებულად პასუხობთ ყველა კითხვას. არ აქვს მნიშვნელობა არის ეს მცირეხნიანი გასაუბრება ტელეფონზე თუ ანაზღაურების შეთანხმების მიზნით გამართული დიალოგი, შეარჩიეთ ყველა სიტყვა და წინადადება ყურადღებით, რათა თქვენი მომავალი წარმატება უზრუნველყოთ.
Glassdoor-ის რჩევებზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც არასდროს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე თუ ქსურთ, რომ სამუშაოს მოპოვების პროცესში კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდეთ.
"შევასრულებ ნებისმიერ ფუნქციას თქვენს კომპანიაში"
შესაძლოა სასოწარკვეთილი ხართ სამსახურის ძებნის გამო და სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრები დაგიგროვდათ, ან შესაძლოა ეს კომპანია თქვენი ოცნების სამსახურია, თუმცა, გასაუბრებაზე უნდა მოერიდოთ იმის თქმას, რომ ნებისმიერ საქმეს შეასრულებთ და ნებისმიერ პოზიციაზე ხართ თანახმა. ვინაიდან:
1. აღნიშნული ფრაზა დამსაქმებელს ცხადად აგრძნობინებს, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვას ცდილობთ. არადა უნდა აჩვენოთ, რომ ხართ ნიჭიერი, ჭკვიანი და შეგიძლიათ კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანოთ;
2. დამსაქმებელმა შესაძლოა იფიქროს, რომ კომპანიისა და ვაკანტური ადგილის შესახებ წინასწარ არ გქონდათ ინფორმაცია მოძიებული, არადა დამსაქმებელს კარგად მომზადებული, ინფორმირებული კანდიდატი სჭირდება აღნიშნულ პოზიციაზე.
3. ეს ფრაზა გამსაუბრებელს პირდაპირ შეტყობინებას უგზავნის, რომ ნებისმიერ პირობას დათანხმდებით და განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოპყრობას არ მოითხოვთ.
"შემოთავაზებული ანაზღაურება დამაკმაყოფილებელი და კარგია"
არასდროს დათანხმდეთ ანაზღაურების შესახებ პირველივე შეთავაზებას. შესაძლოა, კომპანიის მიერ შემოთავაზებული ანაზღაურება ნამდვილად მიმზიდველი იყოს და გაცილებით აღემატებოდეს იმას, რასაც თქვენ ელოდით, ამ დროს დათანხმება ბუნებრივი ინსტინქტია, თუმცა, ყოველთვის მზად უნდა იყოთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად. იმის ნაცვლად რომ ბრმად დავთანხმდეთ დამსაქმებლის შემოთავაზებაზე, უმჯობესია, რომ წინასწარი მოკვლევა ჩავატაროთ და გარდა ამისა, ვიცოდეთ საკუთარი შესაძლებლობისა და განათლების ფასი. სპეციალისტების თქმით, უნდა ეცადოთ რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკება კომპანიის თანხმობით დასრულდეს. მას შემდეგ რაც კომპანიის თანხმობას მიიღებთ და ყველა არსებულ კითხვას ამოწურავთ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოლაპარაკება დასრულებულია.
"ჩემი წინა კომპანია საშინელი იყო"
სპეციალისტები დიდ არას ეუბნებიან ახალ დამსაქმებელთან წინა სამსახურის უარყოფით მხარეებზე წუწუნს. ყოფილ უფროსზე თანამშრომლებსა და სამუშაო გარემოზე უარყოფითი შეფასებების ჩამოთვლას სჯობს დამსაქმებელთან იმაზე ისაუბროთ როგორ უმკლავდებოდით გამოწვევებს, რამდენად კარგი იყავით პრობლემების მოგვარებისას, მიუხედავად რთული სამუშაო გარემოსა.
"ჩემი ყოფილი უფროსი კარგ რეკომენდაციას არ მომცემს, რადგან ჩემით შეშფოთებული იყო"
მიუხედავად იმისა არის თუ არა ამ წინადადებაში სიმართლე, ის თქვენთვის შეინახეთ და საღამოს მეგობრებს გაუზიარეთ. პოტენციურ დამსაქმებელთან კი ამის გამჟღავნებას მოერიდეთ. რეკომენდაციის წარმოდგენისას გამსაუბრებელი არასდროს გკითხვათ, რატომ აკლია რეკომენადატორების ჩამონათვალს თქვენი ყოფილი უფროსი. რეკომენდაციები უნდა მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს მიღწევებზე, წარმატებასა და პოზიტიურ სამუშაო გამოცდილებაზე საუბარი შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს არ აინტერესებს, როგორი ურთიერთობა გქონდათ წინა უფროსთან. ამიტომ ეცადეთ, ჭორებს მოერიდოთ და გამსაუბრებელს შესთავაზოთ საუკეთესო რეკომენდაციები და თუ მაინც დაგისვამენ კითხვას, რატომ აკლია ჩამონათვალს ყოფილი უფროსის რეკომენდაცია შეგიძლიათ, მშვიდად უპასუხოთ, რომ რეკომენდატორების სახით წარმოდგენილი გყავთ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ თქვენს მიღწევებზე, სამუშაო ეთიკასა და უნარებზე საუბარი და 360-გრადუსიანი წარმოდგენის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ნამდვილად საუკეთესო კანდიდატურა ხართ ვაკანტურ პოზიციაზე.
"ვიცი, რომ გასაუბრება დღეს გვაქვს ჩანიშნული, მაგრამ თუ შესაძლებელია მისი გადადება?"
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს, მაინც და მაინც, სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ, ან რაიმე მსგავსი საგანგებო ვითარება არ არის, ეცადეთ, წინასწარ დათქმული გასაუბრების დრო არ შცვალოთ და მისი გადადება არ ითხოვოთ, რადგან ეს პირდაპირი შეტყობინებაა პოტენციური დამსაქმებლისთვის, რომ თქვენ არც ისე ძალიან არ გსურთ ამ პოზიციის მიღება, რომ დამსაქმებელსა და მის დროს პატივს არ სცემთ. ექსპერტების თქმით, გასაუბრებაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაგვიანება ან მისი თვითნებურად გადადება თქვენთვის დამღუპველი იქნება. თუ გასაუბრებაზე მისვლას ვერანაირად ვერ ახერხებთ გაუგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება ან დაურეკეთ გამსაუბრებელს და აცნობეთ ამის შესახებ. ამასთანავე შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშის მოხდაც არ დაგავიწყდეთ.
"უკვე სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რეზიუმე გამოვგზავნე, უკვე მეგონა რომ ის შავ ხვრელში ჩავარდა"
არ აქვს მნიშვნელობა რამხელაა კომპანია, სადაც თქვენ დასაქმება გსურთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, შესაძლოა, ასობით ათასი განაცხადი შევიდეს. და პროცესი როდესაც გამსაუბრებლები ცდილობენ თითოეულ აპლიკანტს დაუკავშირდნენ შესაძლოა, უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სამუშაოს მაძიებელს ეგონოს. ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ გამსაუბრებელს მსგავსი უხეში კომენტარით მივმართოთ. ამის ნაცვლად ჭკვიანურად გამოიყენეთ გასაუბრების დრო და თქვენს ღირსებებსა და იმაზე გაამახვილეზთ ყურადღება თუ რატომ ერგებით იდეალურად ამ პოზიციას.
მომზადებულია thriveglobal-ის მიხედვით