თბილისის ბაღებში კვების რაციონის ან სამუშაო საათების ცვლილება არ იგეგმება - სიახლეებზე ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი საუბრობს
17 სექტემბრიდან საგანმანათლებლო პროცესის დაწყებასთან ერთად თბილისის საბავშვო და ბაგა–ბაღები მუშაობას განაახლებენ. Allnews.ge დაინტერესდა, რა სიახლეებით შეხვდება თბილისის ბაღები ახალ სასწავლო წელს და რა ელით სააღმზრდელო დაწესებულებაში დაბრუნებულ ბავშვებს. ამ საკითხზე "თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს ვესაუბრეთ.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 11 ახალი შენობა შეემატება ბაღებს და უკვე 180 ბაღი გვექნება თბილისში, 3000-ზე მეტი ადგილი გვექნება ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გადატვირთულობა აღარ იყოს ბაღებში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ",- აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
"თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელის განმარტებით, მომავალი 2 წლის განმავლობაში ქალაქს კიდევ 31 ახალი ბაღი შეემატება.
"გასათვალისწინებელია ასევე, რომ ამ ზაფხულის პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები. ძირითადად ეს შეეხო სამზარეულოებს, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად, რათა სამზარეულოები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მიგვეყვანა. ასევე განახლდა ინვენტარი, როგორც უშუალოდ სააღმზრდელო ოთახებში, ასევე სამზარეულოებში"- თქვა კახაბერ გვანცელაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.
"თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, 40 მეთოდისტი განათლების სამინისტროსთან ერთად თანამედროვე მეთოდოლოგიაში გადამზადდა და ისინი ტრენერები გახდნენ. გვანცელაძის თქმით, სწორედ ეს 40 ტრენერი გადაამზადებს უკვე აღმზრდელ პედაგოგებსა და თანაშემწეებს, რომლებიც მუშაობენ საბავშვო ბაღებში.
რაც შეეხება რაციონს, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება და ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო და ბაგა–ბაღები უკვე არსებული მენიუთი განაგრძობენ მუშაობას.
ამასთანავე გასათვლისწინებელია, რომ არც საბავშვო ბაღების სამუშაო საათებში შედის რაიმე ცვლილება. კითხვაზე, რატომ იწყებენ საბავშვო ბაღები მუშაობას 17 სექტემბერს, როდესაც დასაქმებული მშობლების დიდი ნაწილი იქამდე ბევრად ადრე უბრუნდება სამუშაო ადგილებს, კააბერ გვანცელაძემ გვიპასუხა, რომ მთლიანად განათლების სისტემა 17 სექტემბერს ანახლებს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს.