როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები სამუშაო პროცესში და რა პირობები უნდა შეუქმნას დამსაქმებელმა თანამშრომელს?
მაღვიძარა ამ კვირაში უკვე მეექვსედ რეკავს, უკვე მეექვსედ ავდექით დილის შვიდ საათზე და იმის შეგრძნება დაგვყვა, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული სამოსის შერჩევის სურვილიც კი აღარ გვაქვს. ფიქრებში უკვე საღამოს რვა საათია ჩვენ კი ჩვენს საყვარელ საწოლს ვუბრუნდებით. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში, სინამდვილეში კი წინ სულ მცირე 8-საათიანი სამუშაო დღე გველის, ახალი დავალებებით, ახალი გამოწვევებით, ახალი წინააღმდეგობებითა და ერთი მთავარი კითხვით, როგორ დავრჩეთ კრეატიულები, დავიბრუნოთ მუშაობის მოტივაცია და ვიყოთ ნაყოფიერები იმის ნაცვლად რომ მთელი დღე საინტერესო ფილმსა და თბილ საწოლზე ვიფიქროთ. ამ და სხვა კითხვებით Allnews.ge-მ ტრენერს კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში კოტე იანტბელიძეს მიმართა.
როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები სამუშაო პროცესში?
სამუშაოს და მის პროცესს გააჩნია. თუ გვინდა, რომ კრეატიულები გავხდეთ სამუშაო პროცესში, ეს უნდა გვინდოდეს სამუშაო პროცესის შემდეგაც და მანამდეც, ანუ მუდმივად. ეს რომ გვინდოდეს მუდმივად, მაშინ ჩვენი საქმე უნდა გვიყვარდეს და გვსიამოვნებდეს. თუ გონებას ვაძლევთ კრეატიულ ამოცანას, ის აუცილებლად მოგვაწვდის უამრავ სავარაუდო პასუხს და აზრს. საჭიროა ამ აზრების სათანადოდ მოსმენა, მიუხედავად იმისა, სამუშაო საათებში ხართ თუ არა. გონებას არ აქვს სამუშაო საათები, ის ყოველთვის მუშაობს და როდის მოგაწვდით მაგარ იდეას, არავინ იცის... ეს შეიძლება იყოს ძილი, შუაღამე, აბაზანა, საცობი, მაღაზია და ა.შ. გაელვებული იდეა რომ შეამჩნიოთ და არ გამოგეპაროთ, საჭიროა განწყობა. როდესაც განწყობილი ხარ, რომ შეამჩნიო იდეა, მინიშნება, უხილავი კავშირები, ახალი იდეები აუცილებლად ჩნდება.
რა ძირითადი პირობები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს შექმნილი დამსაქმებლის მხრიდან კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის ?
ისევ და ისევ სამუშაოს გააჩნია. კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის ნამდვილად საჭიროა კარგი პირობები. კარგი პირობაა, მაგალითად, გონივრული დროის გამოყოფა იდეის მოსაფიქრებლად. როგორც წეღან ვთქვი, გონებას სჭირდება დრო, რომ ეძებოს ახალი რაკურსებით, გააკეთოს ბევრნაირი დაშვება, მოსინჯოს ბევრი კომბინაცია და ა.შ.
კარგი პირობაა ასევე, კარგი გუნდი. ვგულისხმობ გუნდს და არა ჯგუფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ გუნდში იციან, რომ სულელური იდეა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაუმუშავებელი იდეა. ამიტომ ასეთი გუნდი ყოველთვის ძალიან გახსნილია ერთმანეთთან, ინფორმაციულია, შეთამაშებულია და მათ თათბირზე, რომელიც ბევრად არ განსხვავდება მეგობრული შეკრებისგან, კარგი იდეებიც ჩნდება. ასეთ თათბირზე ერთ შემთხვევით დამსწრესაც კი შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს.
კარგი პირობაა კარგი ანაზღაურებაც. დამსაქმებელი ფულს იმაზე მაგარ პროდუქტში ვერ გადაცვლის, ვიდრე იდეაა. ვინც ამას გვიან გაიაზრებს, იმას კონკურენტები აჯობებენ იდეებით. როდესაც ადამიანი იდეაზე ფიქრობს, მან მთელი გონება და დრო უნდა დაუთმოს ამ საქმეს. თუ ადამიანი ნახევარი გონებით იდეაზე ფიქრობს და მეორე ნახევარი გონებით სხვა სამსახურშია, დამატებით შემოსავლის გამო, დიდი ალბათობით, "ისერა" იდეებს ვერ გასცდება.
ასევე კარგი პირობაა დაზუსტებული და კარგად ჩამოყალიბებული ამოცანა. ზოგჯერ ამოცანა ბუნდოვანია და ამის გამო არ ჩნდება სწორი იდეა. მოკლედ, პირობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, კარგი იდეა ამად ღირს და თან როგორ...
მაინტერესებს სამუშაო ადგილის ინტერიერს თუ აქვს გავლენა თანამშრომლის კრეატიულობასა და ნაყოფიერებაზე და თუ აქვს როგორი უნდა იყოს ეს გარემო?
კრეატიულობაზე ყველაფერს აქვს გავლენა, სამუშაო გარემოსაც, ინტერიერსაც, გვერდით მჯდომსაც, ოთახის ელფერსაც და წვრილმან ნიუანსებსაც. მთავარია, ადამიანი კომფორტულად იყოს. კომფორტი ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად ექმნება, ზოგს სიმყუდროვით, ზოგს მუსიკით, ზოგს შეთამაშებულ ადამიანთან საუბრით და ა.შ. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. ერთი მხრივ, თუ კომპანიას ამ კომფორტის შექმნა შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ, თუ თანამშრომელს იმის ჩვენება შეუძლია, რომ ეს კომფორტი რენტაბელურია, მაშინ იქ ძალიან მაგარი და კარგი ამბები მოხდება.
რამდენად ეფექტურია სანქციების სისტემა სამუშაო გარემოში?
კრეატიულ სამსახურში სანქციების სისტემა ამუშაო, იგივეა, რომ მეხანძრეები დააჯარიმო და უწყლოდ ამუშაო. სამსახურში სანქციები, ალბათ, ყველაზე მეტად აფუჭებს საქმეს. ადამიანს თუ თავისი საქმე არ უყვარს, ვერც სანქციებით შეუყვარდება. თუ პროტესტის გრძნობა აქვს, უფრო გაუმძაფრდება. თუ მოტივაცია აკლია, მთლად უარესი იქნება და ა.შ. სანქციებზე ეფექტურია უფროსის გუნდში ყოფნა, როგორც რიგითი თანაგუნდელის, პირადი მაგალითი და გუნდური აზროვნების დამკვიდრება. ბევრ კომპანიასთან მიწევს შეხება და ხშირად ვრწმუნდები, რომ ცნება "უფროსობა" ძალიან არასწორად ესმით ჩვენთან. ბევრი პრობლემის სათავეც სწორედ ესაა. ახალი თაობა ამ ხედვას აუცილებლად შეცვლის.
უნდა გამოიყენოს თუ არა დამსაქმებელმა წამახალისებელი ბონუსები ნაყოფიერების გაზრდის პროცესში?
აუცილებლად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლების მოტივაციად ბონუსები გადაიქცეს მხოლოდ.
თქვენ თქვით, რომ სანქციები იგივეა, რაც მეხანძრე წყლის გარეშე ამუშავო და რომ თანამშრომლის მოტივაციად მხოლოდ ბონუსები არ უნდა იქცეს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომპანიის ხელმძღვანელი/მენეჯერი, თქვენს თანამშრომელს მოტივაცია დაეცა და ის თავის შესაძლებლობებს ვეღარ იყენებს, რა გზებით აამაღლებთ მის მოტივაციას?
გუნდურობა იდეალურად აზღვევს კომპანიას, რომ სანქციების საჭიროება არ გაჩნდეს.
სამწუხაროდ, არ არსებობს მოტივაციის ამაღლების ერთი უნივერსალური გზა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ თავად ადამიანიდან, საქმიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მოტივაციის გაფუჭების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. თუ კომპანია და გუნდი ახლოს დგას ამ ადამიანთან, მიზეზებსაც ადვილად შეამჩნევენ და აღმოფხვრიან. ერთ-ერთი გავრცელებული დემოტივატორი არის მოჩვენებითი გუნდურობა და სიყალბე.
მითია თუ რეალობა, რომ კრეატიულ აზროვნებას ნიჭი სჭირდება და ყველა ადამიანი ვერ იაზროვნებს კრეატიულად?
ეგ მითი დიდი ხანია დაინგრა. ყველა ადამიანი კრეატიულია. აბსოლუტურად ყველა. დანარჩენი უკვე ადამიანზე, მის მოტივაციაზე, სურვილზე, შრომაზე და ა.შ. არის დამოკიდებული.
თქვენი აზრით, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო სამუშაო გარემოს რომელი კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის?
მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო გარემოდ აღიარებულია "გუგლის ოფისი", მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავიწყდებათ ხოლმე - "გუგლის" თანამშრომლებიც შესაბამისები არიან და უსაქმურობისთვის არ იყენებენ იმ პირობებს. გართობა ზოგჯერ ფორმატია, საშუალებაა იდეების მოსაფიქრებლად. არ გამოვა, გართობაში ჩარჩე და საქმე დაგავიწყდეს. ამ ზღვარის შეგრძნებაც პროფესიონალური ამბავია. იდეის განხორციელების სიამოვნება არაფრით ჩამოუვარდება გართობის სიამოვნებას.